ჩინურ ვაქცინებს, კორონავირუსისგან დაცვის კუთხით, არც ისე მაღალი ეფექტურობა აქვთ – განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა გაო ფუმ შაბათს გამართულ კონფერენციაზე.
“ახლა განიხილება საკითხი, ხომ არ გამოვიყენოთ იმუნიზაციის პროცესში სხვადასხვა ტექნიკური ხაზების სხვადასხვა ვაქცინები” – აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ პეკინმა, რომელიც მთელს მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ჩინური ვაქცინები Pfizer-BioNTech-ისა და სხვა დასავლური წარმოების ვაქცინებს სჯობია, სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ათეულობით მილიონი ვაქცინა გააგზავნა. Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, თურქეთი, ინდონეზია, უნგრეთი, ბრაზილია და სხვ. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინები არასდროს გავრცელდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და იაპონიაში. ბრიტანეთის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების ფარმაცევტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა ოდნავ აღმატება 50%-ს, როცა Pfizer-ის ეფექტურობა 95-7%-ია.
კონფერენციაზე დამსწრე სხვა ოფიციალურ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში ახლა მსჯელობენ, რომ პირებს, რომელიც ჩინური ვაქცინით აიცრენ, ხომ არ ჩაუტარდეთ მეორე აცრა Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინით.
პეკინს ჯერჯერობით არ დაუშვია ქვეყანაში დასავლეთში წარმოებული ვაქცინების გამოყენება.
ოფიციალური ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით, ჩინეთში 34 მილიონამდე ადამიანს უკვე ჩაუტარდა ორჯერადი აცრა, ხოლო 65 მილიონი კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ აიცრა.
Sinovac-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვაქცინას “შესაძლოა დაცვის უკეთესი ხარისხი ჰქონდეს, თუ მეორე აცრა 14 დღეზე მეტი ხნის ინტერვალით გაკეთდება”.
კომენტარები