ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
„ყავისფერი კოდი“
———————-
ამ რამდენიმე დღის წინ, ნაშუაღამევს, სასწრაფო ოპერაციის დასრულების შემდეგ ნაოპერაციევი პაციენტი ფრთხილად გადაგვყავდა საოპერაციო მაგიდიდან სპეციალურ საწოლში. „ყავისფერი კოდი!“ – უცებ გამოაცხადა ერთერთმა რეზიდენტმა. ყველა მივხვდით რაშიც იყო საქმე და საოპერაციოს ექთნებმა რამდენიმე წუთში გულმოდგინედ გაასუფთავეს პაციენტი. მერე ფრთხილად გადავაწვინეთ საწოლში.
„ყავისფერი კოდი“ ცხადია ხუმრობით შერქმეული კოდია. ყავისფერი რატომ, ამას მიხვდებით ალბათ. „კოდი“ კი ამერიკულ კლინიკებში სასწრაფო, გადაუდებელი მოქმედების სინონიმია. „ლურჯი კოდი“ – ნიშნავს რომ ადამიანს გული გაუჩერდა, „წითელი კოდი“ – ცხადია ხანძარს; „ნაცრისფერი კოდი“ – ინსულტის განვითარებას და ა.შ. კოდების ფერი ძირითადათ უნივერსალურია, თუმცა ზოგ კლინიკაში შესაძლოა საკუთარი, ორიგინალური აღნიშვნა ჰქონდეთ. მთავარი ის არის, რომ კლინიკის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს ამ კოდების ფერების აღმნიშვნელი პროცესები და მათ აღმოსაფხვრელად ჩასატარებელ სასწრაფო მოქმედებებში საკუთარი როლი. კოდის გამომცხადებელმა ზუსტად უნდა დაასახელოს მისამართი, თუ სად ესაჭიროებათ დახმარება, რომელ სართულზე, რომელ დერეფანში, რომელ პალატაში და ა.შ. ყველა კოდს ჰყავს თავისი შესაბამისი გუნდი, ე.წ. „სწრაფი რეაგირების გუნდი“, რომლის წევრებიც ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ კატასტროფის ადგილზე.
რა ხდება მაშინ, როცა საავადმყოფოს შიგნით, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანი რაგინდარა მიზეზის გამო შეუძლოდ იგრძნობს თავს ან გონებას დაკარგავს?
კლინიკის პირველივე თანამშრომელი იწყებს გონდაკარგული ადამიანისათვის დახმარების აღმოჩენას წინასწარ, სავალდებულოდ ნასწავლი წესებით. ამ წესებს აქვთ თავისი სახელწოდება: „ბაზისური სასიცოცხლო დახმარება“ და მისი ერთერთი პირველი პუნქტია – დამხმარე სისტემის დაუყოვნებლივ გააქტიურება. მომენტალურად ცხადდება „ლურჯი კოდი“ და გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრები სირბილით მიაშურებენ გონებადაკარგულ ადამიანს და მის პირველ დამხმარეს. ამ დროს უკვე იწყება ე.წ. „გულის სრულყოფილი სასიცოცხლო დახმარების“ პროცესი, რომლის მიმდინარეობაც ასევე მკაცრად დადგენილი წესებისა და მეთოდების სისტემის მიხედვით მიმდინარეობს.
რაც ერთერთი ყველაზე მთავარია, გუნდის მეთაურმა ყველა ბრძანება უნდა გააჟღეროს ხმამაღლა, გარკვევით, გასაგებად და სპეციალურად გამოყოფილმა აღმრიცხველმა გუნდის აბსოლუტურად ყველა ქმედება, ყველა მიცემული მედიკამენტი, თუ ელექტრონული შოკი დააფიქსიროს ქრონოლოგიურად. შედგენილ ოქმზე ხელმოწერა ხდება კოდის დასრულებისთანავე და არავის, ვიმეორებ არავის აქვს უფლება რამე შეცვალოს ოქმში!
ასე ხდება როგორც პაციენტის, ასევე მისი გადამრჩენელი გუნდის ყველა წევრის უფლებების დაცვა და გუნდის პროფესიონალური ფუნქციონირების ყველა ასპექტის შეფასება. ყოველი თვის ბოლოს, ექსპერტთა კომიტეტი განიხილავს ჩატარებული კოდების ოქმებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.
რაიმე გართულებისას, ან ფატალური შედეგის განვითარების შემთხვევაში კომიტეტი ახორციელებს სპეციალურ საგამომძიებლო კვლევას. ამ პროცესსაც თავის სახელი აქვს: – „პრობლემის ფესვების მოძიება-ანალიზი“. ეს პროცესი არის არასადამსჯელო! და მხოლოდ პრობლემის მიზეზთა მოძიება და მის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შემუშავება ევალება, რათა მეორეჯერ არასოდეს განმეორდეს მსგავსი შეცდომა!
არცერთი სამედიცინო შეცდომა არ განეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას! სისხლის სამართლის კატეგორია ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას სავალდებულოდ არ გააჩნია ზემოთ ხსენებული სისტემა, თავისი ყველა ატრიბუტით. თუმცა, ვერცერთი კლინიკა ვერ იფუნქციონირებს ამ სისტემის პროტოკოლის გარეშე, რადგან სპეციალური სააკრედიტაციო კომისია 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს ყველა კლინიკას და ისე გასცემს შესაბამის უფლებებს.
ამჟამად, ამერიკულ კლინიკებში გახსნილია კოვიდ-ვაქცინაციის სპეციალური ცენტრები და ამ ცენტრების უსაფრთხო ფუნქციონირებას, ისევე როგორც დანარჩენი კლინიკისას, უზრუნველყოფს „გადაუდებელი დახმარების გუნდი“!
ამ რამდენიმე დღის წინ, ერთმა მაღალი რანგის ქართველმა პროფესიონალმა „კოდი“ ამერიკული კლინიკების დამახასიათებელ სიკეთედ მოიხსენია ჩემთვის განკუთვნილ კრიტიკულ წერილში და ამიტომ თავს უფლება მივეცი ეს გრძელი მონოლოგი დამეწერა. ვინძლო „კოდი“ რაღაც ძვირფასი ხელსაწყო არ ეგონოთ მავანთ მეთქი.
„ყავისფერი კოდი“ რატომ გამახსენდა … ყველამ თავისი ფანტაზიის მიხედვით დაასკვნას …
კომენტარები