პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდა აქციაზე.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ტყვეები აგყავდეს ოპოზიციიდან, ვაჭრობდე მათით.
„ზუსტად 1 წლის წინ 13 აპრილს, 5 წელი მომისაჯეს ამ დღეს, იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით, იგივე პროკურორებით, აქედან გამომდინარე სოლიდარული ვარ ნიკა მელიას მიმართ, ასევე ნებისმიერი ადამიანის მიმართ ვიქნები სოლიდარული, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი იქნება ამ ქვეყანაში.
ძალიან რთულია პროგონოზის გაკეთება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ადეკვატურობა არ ახასიათებს. ნიკას ყოველდღიური პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად ძალიან ცუდად უჯდება და ხელისუფლება ამაზე სწორ დასკვნას ვერ აკეთებს.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში საკმაოდ შერცხვენილები გამოვდივართ მისი პატიმრობის შედეგად.
რაც მალე გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას, მით უფრო კარგი იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვისაც. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ტყვეები აგყავდეს ოპოზიციიდან, ვაჭრობდე მათით და მერე ამას დათმობად ასაღებდე მაშინ, როდესაც ქვეყანა იძირება ჭაობში“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
კომენტარები