საზოგადოებას დღეს ვაქცინის გაკეთებისკენ საკუთარი მაგალითით ტარიელ ხარხელაურმა მოუწოდა. 75 წლის პოეტი “ასტრაზენეკათი” აიცრა.
პოეტის მეუღლეც მალე აიცრება, მარინა ხარხელაური აპრილის ბოლოს ელის “თავის წილ” ვაქცინას.
ტარიელ ხარხელაური: – მე ავადმყოფობა არ ვიცი საერთოდ. ალკოჰოლი არ დამილევია, სიგარეტს არ ვეწევი და ფიზიკურად მუდმივად ვვარჯიშობ. ვირუსი არასდროს შემყრია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ უნდა გამეკეთებინა. მხოლოდ ჩვენს თავზე რომ ვიყოთ პასუხისმგებელი, ჯანდაბას, მაგრამ სხვის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ.
მე ახლა უკეთ ვარ, ვიდრე აცრამდე ვიყავი. დამშვიდებული ვარ, არავის სიცოცხლეს საფრთხეს აღარ შევუქმნი. ჩემი სიცოცხლე ჩალად არა ღირს, თუ ვინმეს ჩემგან ავადმყოფობა გადაედება. იქნებ ვირუსი მქონდეს და მე ვერ გავიგო. უამრავ ხალხთან მაქვს შეხება, მესალმებიან, ვურთიერთობ. მალე დაზღვეული ვიქნები, რომ არავის არაფერს გადავდებ. სხვის სიცოცხლეს ხიფათს არ შევუქმნი.
მე ვფიქრობ, რომ ვაქცინის გაკეთების მიმართ ასეთი ჯიუტობა, არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს.
თუ ვაქცინას არ იკეთებენ, მაშინ თვითიზოლაციაში უნდა განთავსდნენ ასეთი ადამიანებმა ისევე, როგორც ანატორელებმა გააკეთეს ხევსურეთში, აკლდამებში რომ ჩაიკეტნენ. იზოლირებულნი უნდა იყვნენ მანამ, სანამ ვირუსი არ გავა სამყაროდან… მაგრამ ამის გამკეთებელია ვინმე? ამას სჯობს, რომ აიცრან.
წყარო: პრაიმტაიმი
კომენტარები