გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა. მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით დაახლოებით 98 000 ადამიანია დარეგისტრირებული.
„საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება სამუშაოდ. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.
შეგახსენებთ, ლეგალუურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე აქვთ. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა.
მსგავსი პროგრამა ქართველებისთვის აამოქმედა ისრაელმაც. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ.
კომენტარები