პიცერია Five Sisters Pizza სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიაზე წერს:
„ორი წუთის წინ შემოდის ზარი:
– გამარჯობა, ფასები რომ მითხრათ, თუ შეიძლება…
– 35 ლარიდან იწყება. რომელი პიცა გნებავთ ?
– რა პიცა, თარგმნა მინდა მე. ქართულიდან ინგლისურად.
– სხვაგან მოხვდით, ქალბატონო. პიცერიაში რეკავთ.
– რა პიცერიაში, სათარჯიმნო ბიუროო, აგერ წერია.
– სად წერია ?
– ინტერნეტში.
– არა, ქალბატონო, შეიძლება შეცდომით წერია. – ვპასუხობ. ქალი მითიშავს.
გადის 5 წუთი და კიდევ შემოდის ზარი იგივე ნომრიდან:
– გამარჯობა, სათარჯიმნო ბიუროში სწორად ვრეკავ ?
– პიცერიაში რეკავთ, ქალბატონო.
– რა პიცერია, ნუ გამაგიჟეთ… დამცინით ამხელა ქალს ?
– არ დაგცინით, ქალბატონო, მართლა პიცერიაში რეკავთ. როგორც ჩანს, სადღაც არასწორად არის მითითებული ჩვენი ნომერი. – ქალი თიშავს ტელეფონს.
გადის დაახლოებით ოცი წუთი და ისევ იმავე ნომრიდან შემოდის ზარი:
– გამარჯობა, ქართულიდან მინდა ინგლისურად რაღაცის თარგმნა. სულ პატარაა.
– ისევ ჩვენთან მოხვდით, ქალბატონო, პიცერიაში…
– გავგიჟდე შეიძლება, რა. მეგობარმა ჩამაწერინა ეს ნომერი, მანდ თარგმნიან ყველაზე კარგადო…
– დიდი ტექსტია ?
– ნახევარი გვერდიც არაა. ჩემს ამერიკელ სიძეს მინდა დაბადების დღე მივულოცო – მპასუხობს.
– ჩვენ კი მართლა პიცერია ვართ, მაგრამ გამომიგზავნეთ და დაგეხმარებით.
გამომიგზავნა პატარა და მარტივი ტექსტი. დავიწყე თარგმნა, თან საკუთარ თავზე მეცინება. გადის 10 წუთი და მირეკავს ეს ქალი:
– ისა… შვილო, რა პიცები გაქვთ თქვენ ? მომაშია ამასობაში
ყველა გადაგვრია ამ პანდემიამ, რა ვქნათ“
კომენტარები