თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
ვირუსის გავრცელების დასაწყისში მშობლები მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან ბავშვებში არ გვხვდებოდა ან იშვიათად გვხვდებოდა, მაგრამ ახლა საგრძნობლად იმატებს დაავადებული ბავშვების რიცხვი, არა მარტო საქართველოში, არამედ – მთელ მსოფლიოში. ამ ვირუსით იღუპება ასაკოვანიც, საშუალო ხნისაც, ახალგაზრდაც და, სამწუხაროდ – ბავშვიც. მთელი მსოფლიო შეძრულია ამ ამბით. ღვთის წყალობით, საქართველოში არ არის საგანგაშო ვითარება.
ყველაზე რთული სწორედ დაცვაა. მშობლებს ვურჩევ, როცა ბავშვები ქუჩაში გაჰყავთ, ჯობია, მათ პირბადე გაუკეთონ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ერთია, ინფექცია შეგხვდება თუ არ შეგხვდება, მაგრამ მეორეა, ის როგორი სიმძიმით განვითარდება. მე ასაკოვანი ადამიანი ვარ, მაგრამ 50 წელია, სიცხე არ მქონია, რადგან ყოველდღე ცივ შხაპს ვიღებ. ამიტომ ვეუბნები ყველას, მოზრდილებსაც და ბავშვების პატრონებსაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ გაკაჟებულია ადამიანი, მას ეს ვირუსი ან არ შეხვდება, ან თუ შეხვდა, ყველაფერი ძალიან მსუბუქად ჩაივლის. ჯანსაღი ცხოვრების წესია მთავარი, სხვა რეცეპტი არ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, აუცილებელია ნიღბების გამოყენება. ეზოში ბავშვის გაყვანა კარგია, მაგრამ დაცვის მოწოდებული ელემენტებით (ნიღაბი, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა). ჯერჯერობით ბავშვებს “კოვიდის” წინააღმდეგ არ ცრიან, თუმცა გერმანიამ უკვე დაიწყო მოზარდების აცრა. თანდათან, ალბათ, აცრაც მოგვისწრებს და ბავშვებსაც ამ გზით დავიცავთ “კოვიდ 19”-ისგან.
ახლა გავსინჯე ბავშვი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ღებინება. თავისთავად, მხოლოდ მაღალი ტემპერატურა ყოველთვის საგანგაშო არ არის, რადგან ეს ბანალურმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ როცა ასეთი ეპიდვითარებაა ქვეყანაში და არის თუნდაც ერთი-ორი ნიშანი, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს, პირველ რიგში, სასუნთქი გზების დაზიანებაზეა ლაპარაკი – სიცხე, ხველა, სურდო (შედარებით იშვიათად), სუნთქვის გახშირება, ყნოსვის გაუარესება, გემოს დაკარგვაც, ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კოვიდი და ჩატარდეს სათანადო ტესტი. შეიძლება იყოს სხვა ნიშნებიც – ღებინება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი. ექიმთან მისვლა აუცილებელია, იგი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა მას ტესტირება. თუ დადებითი იქნა პასუხი, უნდა გადაწყდეს, სჭირდება თუ არა კლინიკაში მოთავსება. დღეს მომიყვანეს პატარა ბიჭუნა, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ხველება. ცხადია, გავაგზავნე “კოვიდზე” ტესტის ჩასატარებლად. ამავე დროს, დედამ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ბავშვი ქუჩის ძაღლმა დაკაწრა, მაგრამ ბავშვი ცოფის საწინააღმდეგო სადგურში არ მიუყვანია. მინდა, მივმართო მშობლებს – რაც გინდა მძიმედ იყოს პაციენტი, რაბიოლოგთან (ცოფის სპეციალისტთან) მისვლის გადავადება არ შეიძლება, ცოფი არ ინკურნება ისე, თუ სათანადო ღონიძიებები მაშინვე არ გატარდა.
საერთოდ, “კოვიდ-19” ინფექციის დროს, პირველ რიგში, სასუნთქი სისტემა ზიანდება და სისხლის შედედება იცვლება, ზოგჯერ თრომბებიც ჩნდება. სისხლის შედედების მთავარი მაჩვენებელია ე.წ. დი-დიმერის კონცენტრაციის მომატება, ამიტომაც ამ ინფექციის დროს ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. როცა არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, “D-დიმერი” უნდა შემოწმდეს.
რაც შეეხება სასუნთქი სისტემის დაავადებებს, კლასიკური მეთოდებია გულმკერდის რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, სატურაციის განსაზღვრა (რამდენად გაჯერებულია სისხლი ჟანგბადით). მაგრამ არსებობს ერთი, შედარებით უბრალო კვლევა, სახლშიც რომ შეიძლება მისი ჩატარება – რამდენ ხანს შეუძლია კაცს სუნთქვის შეკავება – მოზრდილმა ადამიანმა, სულ ცოტა, 30 წამი უნდა გაძლოს, 8 წელზე უმცროსმა – 20 წამი მაინც, თუ ვერ ახერხებს, ეს შეიძლება ფილტვის (ან გულის) დაზიანების შედეგი იყოს და სასწრაფოდ ექიმთან მისვლაა საჭირო.
პოსტკოვიდური გამწვავები, მულტიორგანული სინდრომი ეს არის მრავალი ორგანოს სისტემური დაზიანება და არის ყველაზე საშიში. რასაკვირველია, მწვავე პერიოდი უფრო სახიფათოა, მაგრამ მწვავე ფაზის შემდეგ რამდენიმე ორგანოს ერთდროული დაზიანებაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაივლის ხოლმე რაღაც პერიოდი და ფილტვები მთლად არ მოწესრიგდება, სუნთქვის უკმარისობა მაინც არის. რენტგენოლოგიურადაც არის ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემაში არის პრობლემა, ზოგჯერ – ნერვულ სისტემასაც ჩაითრევს. ეს არის “კოვიდ” გადატანილებში. გვქონდა ფაქტები, მაგრამ თითო-ოროლა… ვირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე კვირა და ზოგჯერ რამდენიმე თვეც არის სისუსტე, მათ შორის იმუნიტეტის დაქვეითება და იმუნიტეტ დაქვეითებულ ორგანიზმში ხვდება ახალი ინფექციებიც. ამიტომაც სიფრთხილე საჭიროა.
ასეთი მძიმე ინფექციის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ მაინც კარგი იქნება ანალიზების შემოწმება, “D-დიმერის” შემოწმება… თუ ვგრძნობთ, რომ ბავშვი სუსტად არის, მან რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაიაროს ექიმთან და დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას, სრული გაჯანსაღებაა საჭირო. უკვე გითხარით, რომ აცრის მომხრე ვარ, ოღონდ ჯერჯერობით კოვიდაცრა ბავშვებში არ კეთდება. ჯერ მთელ მსოფლიოში კვლევა მიმდინარეობს.
ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს. ურთიერთობის გარეშე ძნელია, წონის მომატება ხშირი პრობლემაა. სპორტს თავს ანებებენ, კომპიუტერსა და ინტერნეტში ყოფნა კი ცუდია. ზოგიერთს შეკრულობაც განუვითარდა. არის მეორადი დაავადებები, ნევროზის გამოხატულებები, მაგრამ ეს არ არის მძიმე და თანდათანობით გაივლის. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, სრული ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სხვა ამბავზე ყურადღების გადატანა, კვების სრულყოფა. არსებობს აზრი, რომ შოკოლადი დეპრესიას ამცირებს.
საერთოდ, კარგი საკვებია, მაგრამ ზომიერად უნდა მივცეთ, სადილის ან ამა თუ იმ იჯრის შემდეგ, თორემ საჭმელს არ შეჭამს. ალერგიის დროს საფრთხილოა, ხშირად მის გამწვავებას იწვევს. პატარა ბავშვებში ნაკლებად სასურველია. მე თუ მკითხავთ, შოკოლადი, ძირითადად, ალპინისტებმა უნდა გამოიყენონ. დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ, მაღალკალორიული საკვები სჭირდებათ და თანაც არ უნდა იწონიდნენ ბევრს. საერთოდ, კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა პროდუქტს უნდა შეიცავდეს და წყლის სმის ჩვევაც უნდა განვავითაროთ ბავშვებში.
საერთოდაც და, განსაკუთრებით – კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ უმადობა იჩენს თავს, საჭიროებისას მადის მომყვანი პრეპარატებიც ინიშნება. ნუ დაგვავიწყდება გარემო ფაქტორებიც, სუფრა ლამაზად უნდა გავუშალოთ პატარებს (ცხადია დიდებსაც), მამასთან ერთადაც თუ ვაჭმევთ, კარგია, დღეში ერთხელ მაინც. ერთად პურის ჭამა ოჯახს კიდევ უფრო აერთიანებს.
წყარო – კვირის პალიტრა
კომენტარები