ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება დღეს გადასინჯა.
საქმეზე დაკავებული ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამავეს ითხოვდნენ კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატებიც, თუმცა ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.
ბრალდების მხარე კი კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ გაიზიარა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.
სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები