დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ აკავებდნენ აქამდე მის შვილს და ხომ არ უკავშირდებოდა ეს, მამის, დეკანოზ შიო მანებდის გავლენებს, ბრალდებულის დედა პასუხობს:
“სოფელ დიღმის მღვდელი არის გავლენიანი მღვდელმსახური? ვისი გავლენიანი მღვდელმსახურია? თავიდან, როცა მოაკითხეს და დაკითხვაზე აიყვანეს, პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ. არც დამალულა, არც უარი უთქვამს არაფერზე, სასამართლო პროცესებზეც დაიოდა.
იმ დღეს თავადაც დაჭრილი იყო, 0,33 მილიმეტრი იყო დაშორებული სასიკვდილო მდგომარეობას. უარყოფს ბრალს, ყველამ იცის იქ მყოფმა, რომ ამას ხელში არაფერი ეკავა” – ამბობს ბრალდებულის დედა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
კომენტარები