სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს:
“დღეს, 2021 წლის 16 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს.
მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.
სომხეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.”
“ალია” შეგახსენებთ, 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, თუმცა, ბოლო წლებში, საპატრიარქო, რატომღაც, არ ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებას და ილია მეორეს, მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქად მოიხსენიებს.
კომენტარები