ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე:
ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა “ადამიანის უფლებათა ცენტრში”, როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე ახალგაზრდა ქალი მოვიდა. გაოგნებული ვუყურებდი, მისი წონა 45 კგ თუ იქნებოდა. უჭირდა საუბარი, რთული იყო იმის გადმოცემა, თუ როგორ იძალადა მასზე დედის თანამშრომელმა, გააუპატიურა, როდესაც გოგონას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. თვითმკვლელობა სცადა, დიდი რაოდენობით მედიკამენტი დალია. საავადმყოფოდან კი პირდაპირ მოძალადის სახლში მოხვდა, ცოლად გააყოლეს. “ხალხი რას იტყვის” აი ამ სიტყვებმა გაწირა მისი ცხოვრება.
ამით არაფერი დამთავრებულა, კაცი გამუდმებით ძალადობდა, ის კი ხმას ვერ იღებდა წლების განმავლობაში. შიშის გამო, იმის გამო, რომ ფიქრობდა ვერავინ დაიცავდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. სამი შვილი ჰყავდათ, სამივე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით.
ფეხმძიმობისას მხოლოდ ხახვი და პური ჰქონდა, არა იმიტომ რომ არ ჰქონდათ, არამედ ესეც ძალადობის ფორმა იყო, ყოველი სიტყვის შემდეგ, მეგონა ამაზე მეტ საშინელებას ვეღარ მომიყვებოდა, ბავშვები რომ ტიროდნენ და რძეს ითხოვდნენ, მამა მიდიოდა და რძე მოჰქონდა, მაგარმ ოჯახის თვალწინ თავად დალევდა და შემდეგ ინახავდა.
მან შეძლო და წლების შემდეგ ხმა ამოიღო ბავშვების გამო. ამ დღიდან დაიწყო ბრძოლა, არასოდეს დამავიწყდება სასამართლო დარბაზი, მოძალადე თავიდან ცდილობდა მოსამართლის წინ სახე არ დაეკარგა, მაგრამ ვერ შეძლო.. ჩვენსკენ წამოვიდა განრისხებული სახით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთან კვლავ მოვიდა ახალგაზრდა ქალი. ცნობა შეუძლებელი იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამის შემდეგ კიდევ იყო არერთი საქმე,
მიხარია, რომ დღეს შედარებით ბევრი ქალი საუბრობს ძალადობაზე. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, შევქმნათ უკეთესი მომავალი, ძალადობის გარეშე. მთავარია შეძლოთ ხმა აიმაღლოთ, მარტო არ ხართ. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი.”
კომენტარები