“რიონის ხეობის მცველებმა” მათ მხარდასაჭერად ჩასული მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს.
“გუშინწინ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებისას რიონის ხეობაში ჩავედი. როცა წინა საღამოს ტელევიზორში კადრები ვნახე, სადაც დედები სპეცრაზმს თხოვდნენ, რომ შეტაკება არ დაწყებულიყო, წასვლა გადავწყვიტე. ამ სურათმა ჩამიყვანა ადგილზე. სანამ ჩავიდოდი, უკვე იცოდნენ, რომ მივდიოდი და შორიდანვე რომ დამინახეს, “რიონის ხეობის მცველებს” სამი პირი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართნენ. მითხრეს, თქვენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხართ და ზოგიერთისთვის თქვენი აქ ყოფნა მიუღებელიაო.
ჩემთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. როცა ჩემზე ამბობენ, ნაციაო, მე ეს არ მწყინს. გარდა მმართველი პარტიისა, მე ყველასთან ვთანამშრომლობ. თუმცა, არც იმას ვამბობ, რომ ქართულ ოცნებაში მყოფი პირები ან მხარდამჭერები ჩემი მტრები არიან, მმართველ პარტიაში ძალიან ბევრია, ვისაც პატივს ვცემ. მე პრობლემა იმ ადამიანებთან მაქვს, ვინც შვილი მომიკლა, თორემ არ გავბოროტებულვარ და ყველას პასუხს არ ვთხოვ. ჩემი გზა ჯოჯოხეთურია, მაგრამ ღმერთის ნებით ვუძლებ…
მე ძალიან ბევრმა დამიჭირა მხარი, მეც თავს ვალდებულად ვგრძნობ აქციებზე მივიდე და მეც მათ მხარი დავუჭირო. შესაძლოა, რიონის მცველებს ჩემი პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ კიდეც, მაგრამ ასეთ მომენტებში მოთმინებას არ ვკარგავ და როცა ნახეს, რომ უკან ვბრუნდებოდი, ბოდიში მომიხადეს, მაგრამ მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი…
ჩემი დაკვირვებით, აქცია მართულია. ვფიქრობ, ქართული ოცნების ორი კლანი იბრძვის, ნაწილი ჰესის მშენებლობის მომხრეა, ნაწილი – მოწინააღმდეგე, მე ვიცი კონკრეტულად ეს ადამიანები, მაგრამ ახლა, ამაზე არ ვისაუბრებ.
არ მესმის “რიონის ხეობის მცველების” ერთი მხრივ, ხალხს ჩასვლასა და მხარდაჭერას თხოვენ და მეორე მხრივ, არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ – არა. არ მესმის ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს ვიწრო პარტიულად უყურებს, როცა საქმე საქართველოს მიწა-წყალს ეხება. რა გამოდის? რიონის ხეობა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არ არის? ხეობა საქართველოსი არ არის თუ მხოლოდ მცველებისაა?
არ მესმის ასევე, პოლიტიკურ განცხადებებს რომ გმობენ, თან ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ვერ ხვდებიან, რომ მათი განცხადებები თავისთავად პოლიტიკურია? ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკა, რასაც ითხოვენ…”
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები