თამო კეშელავა, ალია
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ 11 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა და ყოფილი მეუღლე, ასევე მსახიობი, ბესო ზანგური, ძალადობაში დაადანაშაულა. მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნინუცა მაყაშვილიც და ბესო ზანგურიც, ორივენი გამოკითხვაზე დაიბარეს შსს-ში. რამდენიმე დღეში, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ღიად, ტელეეთერით მოუწოდა ბესო ზანგურს, დაეტოვებინა თეატრი. იმავე დღეს, რუსთაველის თეატრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოიხსნა, როგორც თეატრის ბრძანებაში წერია, გამოძიების დასრულებამდე.
„ალია“ ცალსახად ემიჯნება ყველა ტიპის ძალადობას. ჩვენ საინფორმაციო პორტალზე გავაშუქეთ ნინუცა მაყაშვილის პიზიციაც, მისი დედის, თამარ მაყაშვილის ინტერვიუც და ნინუცა მაყაშვილის მომხრეთა აქციაც, რუსთაველის თეატრის წინ, ისევე, როგორც გავაშუქეთ, ბესო ზანგურის, პაატა შავაძის ინტერვიუები და თქვენთან, მკითხველთან ერთად, ველოდებით სიმართლის დადგენას.
შაბათ საღამოს, რუსთავი-2-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ კადრები, სადაც, არხის მტკიცებით, შესაძლოა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სავარაუდო, გარყვნილი ქმედება იყოს ასახული. რუსთავი 2-ს არ განუმარტავს, რა იგულისხმება გარყვნილ ქმედებაში, ბესო ზანგური კი ამბობს, რომ კადრები, რომლებიც შსს-ია უკვე, სამშაბათსაა გადაღებული, მაშინ, როცა არხის ჟურნალისტები, მისი კომენტარის ჩასაწერად სახლში ესტუმრნენ.
„ალიას“ ესაუბრება, მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც გვიყვება 11 წლის მომხდარი ამბის თავის ვერსიას და საუბრობს იმ კადრებზეც, რომლებიც, რუსთავი 2-ის მტკიცებით, მის მიერ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას მოიცავს.
– კადრები არ უჩვენებია რუსთავი 2-ს შაბათის კურიერში, თუმცა, თქვა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არასრულწლოვნის წინაშე, გარყვნილი ქმედება – რა მოხდა სინამდვილეში?
– როგორ არა, ანონსში გაუშვეს კადრები, აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ განმარტება, მიზანმიმართულად ააგორეს ჩემ წინააღმდეგ ეს ყველაფერი. გიამბობთ, როგორ მოხდა, სახლში შემოვედი, ძალიან მინდოდა საპირფარეშოში, დაკავებული იყო, ჩემი ეზოა, ორმეტრიანი გალავანია გარშემორტყმული, ფანჯარა გამოვაღე და აივნიდან გადავაფსი, ამ დროს ვიყავი ოთახში მარტო. დამიძახეს, რუსთავი 2 იყო მოსული, მივეცი ინტერვიუ, შემოვედი და უკვე ოთახში დამხვდა ჩემი ერთ-ერთი შვილი, რომელმაც დახურა ფანჯარა და მითხრა გვიღებენო, მეც გავიხედე და მაგ დროს ვჩანვართ მე და ჩემი შვილი ერთად. ეს ორი კადრია სულ.
– რუსთავი 2 პროსახელისუფლებო არხად ითვლება და როგორ გგონია, რაში დასჭირდა ამის გაკეთება?
– რას ამბობ, რუსთავი2-ზე მოწინააღმდეგე ამ ხელისუფლების მე არავინ მინახავს, ეგ არის სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზია. ამაზე დიდი ძალადობა, რაც გამიკეთეს, არ ვიცი. მიზეზი არის ის, რომ დავარდნილი რეიტინგი აიწია რუსთავი2-მა. მიდიან ყველაფერზე, არ უყურებენ იმას, რომ ჩემ უკან ოჯახია, სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ მოიწყობს ვერავინ. თავიდანვე, როცა ნინო მაყაშვილის ინტერვიუ მოვისმინე, გავღიზიანდი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, საერთოდ, როცა მართალი ხარ, დიდად ყურადღებას არ აქცევ, როდესაც უკვე ეს მეორე ბრალდება წამოაყენეს, მივხვდი, რომ ჩემი განადგურება მიზანმიმართულადაა დაგეგმილი. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამ ყველაფერს უყურებს ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლი… შვილები… ჩემი უფროსი შვილი 21 წლისაა. ნინომ განაცხადა, რომ ჩაკეტილი ჰყავს ნოდარიკო და არც ტელევიზორთან და არც ინტერნეტთან წვდომა არა აქვს. იმდენი უფლება დაარღვიეს ამ დღეებში… იცი, როგორ გააკეთეს? ხალას ბალახზე რომ ჯოგმა გადაიაროს და გადათელოს, ასე გადათელეს ჩემი დალაგებული, დაწყობილი ცხოვრება. ჯოგმა, ნახირმა გადაიარა და დატოვეს ნანახირალი ჩემი ცხოვრება, ახლა არ ვიცი, ის ბალახი ისევ როგორ უნდა აჯეჯილდეს – ალბათ, ისევ მათი დახმარებით, როგორც მოისაქმეს, ისე აწმინდონ. ყველასთვის საჯაროდ გახდება სიმართლე ცნობილი. მე ვიქნები დამნაშავე? – არამხოლოდ კანონის წინაშე, სიცოცხლითაც შემიძლია პასუხი ვაგო. ინტერვიუ მივეცი რამდენიმე დღის წინ და ვთქვი, რომ ჩემ შვილს, ჩემ ნოდარიკოს ჰყავს ძალიან კარგი დედა, ეს ვთქვი, ბავშვის გამო, ამას მისცეს ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს მე ცაში ამყავს ნინო მაყაშვილი, რომ არის ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი, უნიჭიერესი და ახლა მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვფიქრობ ესე, ის არის ჩვეულებრივი ცილისმწამებელი… ვერ გავიგე, როდესაც თეატრში ერთად ვმუშაობდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით, იქ ახალი წლის მილოცვაზე ვიყავით ერთად, შარშანდელ ინტერვიუში რომ განაცხადა, თავიდან რომ დაიწყოს ცხოვრება, არაფერს შეცვლიდა და ისევ გავყვებოდი ბესოს ცოლადო – მაშინ მე არ ვიყავი იგივე ადამიანი? არ იცოდა, რომ ეს ამბავი მოჰყვებოდაო, ყველამ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად იცოდა, კეთილი ზღაპრების აღარ მჯერა. რაც ამ ხალხმა მე გამიკეთა, ეს ბულინგი არ არის, ბულინგი სხვა რამეა, ეს არის მიზანმიმართული ძალადობა, ამის იქით ძალადობა რომ არ არსებობს აი, ესეთი ძალადობაა. სხვათა შორის, როგორმა ხალხმა გამიკეთა ეს იცი? აი, ჰიტლერს რომ გაჰყავდა და შუა ზღვაში კატერებით აფეთქებდა, ეგეთმა ხალხმა გამიკეთა ეს.
– თუ გისაუბრია ამ გადაცემის შემდეგ ყოფილ მეუღლესთან?
– არა, რა საქმე მაქვს ნინო მაყაშვილთან. მე მასთან საქმე, მას მერე, რაც ჩემი ოჯახიდან წავიდა, არ მქონია, გარდა იმისა, რომ თეატრში კოლეგიალობას ვიცავდი. სანამ ერთად ვმუშაობდით, ერთმანეთს ვხვდებოდით სამსახურიდან გამომდინარე. არც 4 საათიანი ცემა ყოფილა და არც ცხრა საათიანი წამება, ვინ არ გაშორებულა, ამიტომ ვაგრძელებდით ჩვეულებრივად ურთიერთობას.
– უფროსმა შვილმა რა თქვა?
– უფროსმა შვილმაც დამირეკა და უფროსი შვილის დედამაც დამირეკა და სოლიდარობა გამომიცხადა, აბსურდული ეძახა ამ ბრალდებებს. მეტიც, თუ საჭირო გახდება, სასამართლოზეც მისცემს ჩვენებას. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდება არის სრული აბსურდი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც პირადში მწერენ, უი, ბესო, რა საშინელებაა, შენ გვერდით ვარო და მერე სტატუსებში და კომენტარებში ვნახე, მოძალადეს მიწოდებენ.
– და მაინც, რა იყო გაშორების მიზეზი, იმ 11 წლის წინ?
– ვიყავი გასტროლზე, დაბრუნებისას, აეროპორტში შემხვდა მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ნინო ბათუმში ნახა. არადა, მე როცა ვურეკავდი, მეუბნებოდა, სახლში ვარო. მოვედი, რუჯით დამხვდა. იმ საღამოს ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ გადავწყვიტეთ, მეორე დღეს გველაპარაკა. გამაცილა სამსახურში ჩვეულებრივ, მოვედი და სახლში არ დამხვდა. იცოდა, რომ არ ვაპატიებდი ამ ტყუილს. ძალიან ხშირად მატყუებდა მანამდე და ძალიან ხშირად დამპირდა, რომ აღარასოდეს მომატყუებდა, სვეტიცხოველშიც კი დაიფიცა ერთხელ, აღარასოდეს მოგატყუებო, იცოდა, რომ აღარ ვაპატიებდი. ღალატი რა გგონიათ თქვენ? აუცილებელია, ვინმესთან წავიდეს ქალი, ან კაცი? ქმარს რომ ეუბნები, რომ სახლში ხარ და ამ დროს ღამის კლუბში „ტუსოვკაზე“ ხარ ბათუმში, ეს არ არის ღალატი? ეს არის ურთიერთობის ღალატი, აუცილებელი არ არის სექსუალური აქტი სხვასთან, ადამიანთან ურთიერთობას რომ უღალატო. ტყუილიც ღალატია.
კომენტარები