რას წერდა “ალია” 13 წლის წინ
“ალია”, 2008 წელი
ქართული პოლიტიკა შალვა ნათელაშვილის გარეშე, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც საახალწლო სუფრა გოზინაყის გარეშე. მართალია, ლეიბორისტების ბელადი სულაც არ არის გოზინაყივით ტკბილი და დაშაქრული ენის პატრონი, მით უფრო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ის რომ გამოკვეთილად ეგზოტიკური და ქარიშხალია `სრუტუნ მეორის~, იგივე `შადრევან პირველის~ თავზე, ფაქტია. მოკლედ, ერთხელ, როდესაც ბატონ შალვას ვკითხეთ, რომელი უფრო მაგარი გიჟია _ ის თუ მიხეილ სააკაშვილი, მან გულწრფელად განაცხადა, სიგიჟის ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, მიშა პირველობას არავის დაუთმობსო. სხვათა შირის, მას პირად თემებზე საუბარი ძალიან არ უყვარს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მან განაცხადა: რაც გინდათ მკითხეთ, თქვენს ხელში ვარ და არც ერთი კითხვისგან გაქცევას არ ვაპირებო.
– შალვა ნათელაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული, ენაკვიმატი, თავისებური და უცნაურია… ვინ არის რეალურად? სხვათა შორის, პირველად გხედავთ ჯინსებში, გიხდებათ…
– (იცინის) გაზეთს არ დაგაბრალონ ნათელაშვილის ლობირება.
– ისე… ძნელად მამახსოვრდება ამ ბიჭის გვარი… სამყურაშვილი რატი რომ არის, მან ერთხელ უკვე დამაბრალა, ლეიბორისტულ კითხვებს სვამო… ძალიან კი გეშაყირებიან ნაციონალები, ხომ იცით…
– მაგათ დაეწყოთ შიზოფრენიული ჰალუცინაციური მოვლენები, რაც უკვე ფსიქიატრიის სფეროა. არ დამავიწყდება, როცა, პოლიციის სამმართველოსთან სპეცრაზმელებმა ტყვიები დაგვიშინეს, მღვდელი გადაეფარა ხალხს, რომელსაც არ ვიცნობ და მას ეკითხებოდნენ: შენ ლეიბორისტული პარტიის წევრი ხომ არ ხარო. როგორ შეიძლება, მღვდელი რომელიმე პარტიის წევრი იყოს, მაგრამ ეს მათი პრეზიდენტის კურდღლური შიშიდან მოდის, რომელსაც მთელი ამერიკის, სოროსის და მილიარდების დახმარება დასჭირდა, რომ 2003 წელს ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა არ დაეშვა, ჩვენი რეიტინგი უშლიდა ხელს და ეს ამოსხა ზუსტად რამდენიმე თვის წინ, როდესაც ხსნიდა დუშეთში გზას და მაშინ თქვა: ახლა კი იცინით, ხალხო, მაგრამ ხუთი წლის წინათ კინაღამ მოაჯდა საქართველოს შალვა ნათელაშვილიო. ჯერ ერთი, რატომ არ დავაგებდი გზებს, და მეორეც, მას პრეზიდენტობა ჰგონია მოჯდომა, აი, ჩვენი დაღუპვის მიზეზი.
– კობა დავითაშვილმა თქვა, რომ შალვა სიტყვის კაცია, და მან საკუთარი სიტვები უკან ვერ წაიღო, როდესაც თავის დროზე განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურასო…
– თქვენი ავტორიტეტული გაზეთით, მოდით, ამ საკითხს წერტილი დავუსვათ. რეალობა ის არის, რომ შალვა ნათელაშვილს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია თბილისის მერობასა და საკრებულოს თავმჯდომარეობაზე. ეს იცის ისტორიამ, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ქალაქის დონეზე გადავიდეს სამუშაოდ, ის ამთავრებს პოლიტიკურ ლიდერობას მსოფლიო პოლიტოლოგიური პრაქტიკით.
– მაგრამ ეს მიშას შემთხვევაში ასე არ მოხდა, ბატონო შალვა, და თქვენმა ფრაზებმა მის კარიერაში ასაფრენი ბილიკის როლი ითამაშა…
– მე კი არა, თბილისმა დაუშვა კატასტროფული შეცდომა, როდესაც დაიჯერეს, რომ სააკაშვილი მართლა ოპოზიციაშია და მიიღო იმდენივე ხმა, რამდენიც ჩემთვის უნდა მოეცა თბილისს, სააკაშვილმა თავისი ვირეშმაკობით მიიღო უმრავლესობა. რომც გამელაშქრა, ვერ გავიმარჯვებდი. მაშინ ვთქვი, ოღონდ შენ წადი დიდი პოლიტიკიდან-მეთქი და დავთანხმდი. მაგრამ, მას ქვეყანას ვერ მოვაცილებდით, ვინაიდან ამ პიროვნებაზე იყო გაკეთებული აქცენტი. იწყებოდა ფერადი რევოლუციები, ეს იყო ბუშის პროგრამა, დემოკრატიის წინსვლა აღმოსავლეთ ევოროპაში, სააკაშვილი გრელანდიაში ირმებზე მონადირე რომ ყოფილიყო, მაინც ჩამოიყვანდნენ აქ, რადგან ის იჯდა ამ პროგრამაში და მარტო მას ენდობოდნენ.
– ახლა კი ნამდვილად უნდა გამოგრთოთ პოლიტიკიდან…
– ეს სიკეთე გამიკეთეთ და მადლობელი დაგრჩებით.
– მაინტერესებს, რამდენად კარგად გახსოვთ თქვენი წარსული და თქვენს ტვინში დარჩა თუ არა ადგილი, ზოგჯერ იფიქროთ განვლილ ცხოვრებაზე, გაიხსენეთ, საიდან მოდიხართ?
-1958 წლის 17 თებერვალს ფასანაურში საღამოს 9 საათზე გამაჩინა სახლში დედამ. ბუნებრივია, ვეკითხებოდი დედას, რატომ გამაჩინა სახლში და მითხრა, რომ მერიდებოდა სამშობიაროში წასვლა და წივილ-კივილიო. ბებიაქალი მეზობლად იყო და გავჩნდი ექიმებისა და პომპეზურობის გარეშე.
– ბატონო შალვა, ეს როგორ, თქვენს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია?
– (იცინის) არავითარი ანთებული ფიალები და თასები არ მოჰყოლია… მე მყავდა უფროსი ძმა, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს და მყავს და, რომელიც ცნობილია, რომ გამოასახლეს იმ ბინიდან, სადაც დაბერდა ქალი. მანამდე სამსახურიდან გამოაგდეს, რადგან ის არის ჩემი და. დედაჩემი იყო წიკლაურის ქალი, მინდა წიკლაურებს მოვუწოდო, რომ გვარის ყრილობა მოიწვიონ, თორემ ეს უკვე მეტისმეტია. ერთი აქ არის პარლამენტში, მეორე კი ნიუ-იორკშია ვიღაც ქალი, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგებს მართავს, დედაჩემი ომიანობის პერიოდში გუდამაყრის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, კარგად ეხერხებოდა ცხენზე ჯირითი.
– თქვენ გეხერხებათ ჯირითი?
_ ბავშვობაში სოფელში სულ ცხენებსა და ვირებზე ვიჯექი, თანაც უნაგირის გარეშე, ვიღაცის ცხენს დავიჭერდი და გადატყვებული მქონდა ფეხები ჯირითით. დედაჩემი 10 წელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და სულ ვეკითხებოდი, რატომ ისე არ ვცხოვრობთ, როგორც სხვები-მეთქი? დედაჩემი მპასუხობდა, დღისით რომ ვმუშაობდი, ღამით წითელ არმიელებს წინდებს ვუქსოვდიო. პურიტანელი ქალი იყო. მამაჩემი ისტორიის მასწავლებელი გახლდათ. მთაში ცნობილი იყო ფიზიკური ძალით და ვისაც ის დაარტყამდა, ფეხზე ვეღარ დგებოდა
– მამათქვენის ტორი თქვეც ხომ არ მოგხვედრიათ?
– არასოდეს, მაგრამ ბავშვობაში ვჩხუბობდი ხოლმე, კარგი მოსწავლეც ვიყავი, იმდენად ცნობისმოყვარე ვიყავი, მეოთხე კლასში ყველა ის წიგნი წავიკითხე, რაც მეათე კლასში უნდა გამევლო, ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებდი, მინდოდა, მწერალი ან პოეტი გამოვსულიყავი, `ნორჩი ლენინელში~ ქვეყნდებოდა ჩემი ზღაპრები, მოთხრობები და ლექსები.
– თქვენი ლექსი უნდა გამახსენოთ, ეს ჩემი მინუსი იქნება, თუკი თქვენ ლექსებს წერდით და ეს მე არ ვიცი…
– უაღრესად უნიჭო ლექსებს ვწერდი და ვერ წაგიკითხებთ. მეათე კლასში ვიყავი, ყველა ლექსი რომ ჩემი ხელით გავანადგურე. ეს იყო პოეზიის სირცხვილი. როცა წამოვიზარდე და წავიკითხე გალაკტიონი, ბაირონი, გოეთე, ტიციანი… მივხვდი, რომ ეს იყო უსუსურობა. ადამიანი თუ არ მიხვდა და ვერ გაარჩია, რაშია ძლიერი და სად არის სუსტი, ის შედეგები დგება, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ხელში.
– ისევ სააკაშვილი! სააკაშვილის ხსენებაზე დაგაჯარიმებთ, ვიდრე მე არ გკითხავთ, სააკაშვილი არ ახსენოთ, ახლა კი თქვენს ხასიათს გავშიფრავ – ნამდვილი მთის ხასიათი გაქვთ, ჯიუტი და თავისნათქვამა, კომპლექსიანი ხართ?
– არ ვარ კომპლექსიანი, მაგრამ მთის ხასიათი მაქვს, წინააღმდეგობა სადაც შემხვდება, იქ შევასკდები, წინააღმდეგობას სადაც ვხედავ, აზარტში ვარ. ეს არის ჩემი არსებობის წყარო, სერიოზული პრობლემა თუ არ შემექმნა, ჩავთვლი, რომ ჩემი ფუნქცია ამოწურულია.
– პრობლემებს ხელოვნურად ქმნით?
– არა, ეს უკვე ფსიქიკური გადახრაა, რანაირად უნდა შექმნა პრობლემა ხელოვნურად პოლიტიკაში?!
– ბატონო შალვა, პოლიტიკური გამოსვლებისას ციტატებით რომ საუბრობთ, შპარგალკა ხომ არ გაქვთ გაკეთებული?
– (იცინის) არა, როცა მივხვდი, რომ ჩემგან პოეტი არ გამოვიდოდა, მერე მინდოდა ისტორიკოსი გამოვსულიყავი, რაიონში ბიბლიოთეკა არ დამიტოვებია, რომ მსოფლიო ისტორიის წიგნები არ წამეკითხოს. კაცობრიობის განვითარების ისტორია იწვევდა ჩემში ინტერესს და არა რომელიმე ისტორიული ფიგურა, ისტორია მეორდება და როცა კარგად იცი ეს საკითხი, შეცდომებსაც ნაკლებს უშვებ. ვთქვათ, იგივე სიბინძურეები ხდება დღეს, რაც ხდებოდა რომის სენატში, როცა კალიგულამ შეიყვანა თავსი ცხენი და სენატორად გამოაცხადა. ნახეთ, სააკაშვილს რამდენი ცხენი და ვირი ჰყავს შეყვანილი, კალიგულას ცხენი დაშავებით მაინც არაფერს აშავებდა რომისთვის. ისტორიის ცოდნა ნიშნავს იმას, რომ სწორი მარშრუტი აირჩიო, ისტორიის შემდეგ დიპლომატიამ დამაინტერესა, მერე უკვე სამართალმა, და საბოლოოდ, იურისპრუდენციაში წავედი, იურისპრუდენციიდან კი _ პოლიტიკაში.
– სააკაშვილის “ცხენები” და “ვირები” ახსენეთ, მათ საკუთარი თავი კაცები ჰგონიათ, ბატონო შალვა, მაგრამ თქვენ როდის მიხვდით, რომ მამაკაცი იყავით, რომელსაც სასიყვარულო გრძნობები აწუხებდა?
– მე მგონია, რომ მამაკაცი თავიდანვე მამაკაცად იბადება, მას ავტომატურად ახასიათებს გრძნობები სუსტი სქესის მიმართ და ეს საბავშო ბაღიდან იწყება. ბავშვობაში სიყვარული დღეში სამჯერ მოდის. ერთხელ, როდესაც ძალიან შემაყანყალა ამ გრძნობამ, მივწერე წერილი ამის გამომწვევ მიზეზს და ის ძალიან ცინიკურად შეხვდა წერილს, მე კი მთელი გრძნობები გადავუშალე (იცინის).
– ალბათ, დღეს როგორ ნანობს?
– (იცინის) ამის შემდეგ ვისწავლე ჭკუა და დიდად აღარ გამომიმჟღავნებია ჩემი გრძნობები სხვა ქალების მიმართ.
– თქვენ ხომ გსიამოვნებთ წინააღმდეგობა და რამ დაგამუხრუჭათ, გრძნობებს რატომ გაექეცით?
– არ დავმუხრუჭებულვარ, ფეხებზე დავიკიდე, თავი არ მომიკლავს რომეოსავით და არც ის გამოდგა ჯულიეტა, მაგრამ ბავშვობის ამ გაკვეთილის შემდეგ, ასეთ ასპექტში ძუნწი გავხდი. რომ არ დაგიმალოთ, მერე გოგოები მიხსნიდნენ სიყვარულს, თუმცა ამას არ გავუთამამებივარ და ამის გამო ქალის მიმართ მოკრძალება არ დამიკარგავს და ყურადღება არავისთვის დამიკლია.
– თქვენ მხოლოდ პოლიტიკაში ხართ აზარტული? სიყვარულში კი როგორც გატყობთ _ დეფიციტური… არც ერთხელ არ გაგიჟებულხართ სიყვარულის გამო?
– როგორც მეცნიერები ხსნიან, სიყვარული სიგიჟის ნაირსახეობაა. ამწეკრანით ყვავილები არავისთვის ამიტანია, სერენადები არ მიმღერია, მაგრამ მახსოვს, ახალი წელი იყო და ერთი გოგონა მომწონდა, იმდენი ვიცეკვეთ, რომ დაღლილები დავეცით და იმ გოგოს ნეკნები ვატკინე.
– შეგნებულად გამოვტოვებ თქვენი ცხოვრების ერთ პერიოდს…
– რომელს?
– მგონი, თქვენ სხვა ქალისგან შვილი გყავთ, არა?
– სრული სისულელეა, ეს იყო სმკ-ს პიარი, ეს დაწერა “ალიამ” პირველად, ამის შემდეგ რამდენი რამე დამაბრალეს, რომ მე ვიყავი რუსეთის აგენტი და ა.შ.
– ამბობენ, რომ თქვენ მეუღლეში გაგიმართლათ. რომ არა ქალბატონი ბელა, შესაძლოა, თქვენ დღეს წარმატებული პოლიტიკოსი არ ყოფილიყავით, ასეა?
– მოსკოვში გავიცანით 1983 წელს ერთმანეთი, მაგრამ 10 წლის თავზე დავოჯახდით. ჩვენი ისტორია ისეთივე ცნობილია, როგორც ვარდების რევოლუცია (იცინის), მე მას სიყვარული იმით ავუხსენი, რომ ცოლად მოვიყვანე. განა ეს საკმარისი არ არის სიყვარულის დასამტკიცებლად?! მე აქ ვარ ხელისუფლების ოპოზიცია, ბელა კი სახლში მყავს _ ჩემი ოპოზიცია. შანსი არ არის, რაღაც ვთქვა და არ შემომედაოს, არგუმენტები არ დამილაგოს. მოკლედ, ხშირად ვეუბნები, დამანაბე თავი, შენთან არაფერს ვიტყვი, აღარ მაქვს ენერგია, რომ შენთან რაღაც ვამტკიცო-მეთქი, მას გონება ერჩის, დებატებიც შეუძლია, თუმცა ბელას პირადად არ ვაქებ. ოჯახში ერთი საჯარო მოღვაწე სრულიად საკმარისია.
– მითხრეს, რომ კარგი მზარეული ყოფილხართ, ასეა?
– მეე? ეს სრული სიცრუეა, სტუდენტობის დროს ვისწავლე ერბოკვერცხის შეწვა, რომელიც ნახევარი მექცეოდა, სანამ ტაფამდე მივიტანდი, ძეხვის დაჭრა ვიცი, მეტი არაფერი, ამ საქმეში ვარ აბსოლუტური დებილი, რაც ძალიან ცუდია, რადგან კაცს, როგორც წესი, აქვს გემრიელი ხელი, არ წუწკობს და გამოსდის გემრიელი სადილი.
– და პოლიტიკის გარდა, გემრიელად რა გამოგდით?
– მე თვითონ ვარ გემრიელი.
ეს ქალბატონ ბელას უნდა ვკითხოთ…
– მაგრამ, როცა გავაბრაზებ, იმ დღეს – არა. თუ ძალიან არ გავბრაზდი, არ ვიგინები, მაგრამ იცოცხლე, თუ ვბრაზდები, არც უმაგისობაა. რადგან ზოგჯერ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, დებატებს ასცდე. სახლში ვარ ჩუმი, შეიძლება არ დაიჯეროთ.
– თქვენ ყველა პოლიტიკურ პერსონას მეტსახელს არქმევთ, მაგალითად, “დაღლილი ვირი” ნოღაიდელი ამის გამო არ გემდურით?
– ეს ძველ დროში იყო…
– რადგანაც ის დღეს ოპოზიციაშია და თქვენ შეგხვდათ, ძველ დროში გაუშვით, არა? ნოღაიდელს არ უკითხავს, “დაღლილი ვირი” რატომ დამარქვიო?
– ეს ცხოველი მე ძალიან მიყვარს.
– არა მგონია, ნოღაიდელსაც ასე უყვარდეს ვირი და თანაც დაღლილი. ისე, დაღლილი ვირი როგორია? თქვენ დაგიღლიათ ვირი?
– თქვენ რა, გინდათ, რომ მე და ნოღაიდელი გვაჩხუბოთ?! შეურაცხყოფის მიზნით ეს არც მაშინ მითქვამს. ვირი არის ყველაზე სუფთა და ჭკვიანი ცხოველი. 40 წლის ასაკში შემხვდა “ყივანახველა” და თან საარჩევნო კამპანიას დაემთხვა და როგორია ყივილით ხველება? ბოლოს მირჩიეს ვირის რძე, რაზეც აღვშფოთდი და განვაცხადე, რომ ამას არ ვიზამდი. ბოლოს მონახეს ჩემი მასწავლებელი, რომლისაც ძალიან მეშინოდა, გამომეცხადა ვირის რძით და მითხრა, ეს არის ჩემი ვირის რძე და ჩემს თვალწინ დალიეო. ძალიან გემრიელი და სასარგებლო აღმოჩნდა.
– თქვენ რა მეტსახელი გაქვთ?
– მე არ მაქვს მეტსახელი, შალიკოს თუ დამიძახებენ… სხვათა შორის, შალვა შემთხვევით დამარქვეს, მამის ბიძაშვილი იყო შალვა ნათელაშვილი – საბჭოთა სპარტაკიადის ჩემპიონი, ძლიერი ჩემპიონი იყო ძალიან, ის სტალინმა მიიღო, როგორც ჩემპიონი და როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული მამაკაცი იყო ქალებში. და როდესაც მე გავჩნდი, დამარქვეს ბუბა, ეს არის ჩემი რეალური სახელი და შინაურები ყველა ასე მიცნობენ. როდესაც გავჩნდი, ეს ქალბატონი, ვინც დაბადების მოწმობას წერდა, იყო შალვა ნათელაშვილის სატრფო და რომ ჩაწერა ჩემი გვარი, უცბად გაახსენდა ის კაცი და შალვა მიაწერა, მერე დედაჩემს უთხრა, რა ვქნა შემეშალა და ამ სპეციალური ნომრიანი დოკუმენტის გამოცვლას დრო სჭირდება, რაიონში ჩასვლაო, დარჩეს შალვა ნათელაშვილიო.
– ამბობთ, რომ თქვენი სეხნია ძალიან პოპულარული იყო ქალებში, არის თუ არა შალვა ნათელაშვილი ასეთივე პოპულარული?
– თუ ჩავთვლით, რომ ჩემი ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი ქალბატონია, ნამდვილად ასეა.
– გადახრები თუ გქონდათ ბავშვობაში, მაგალითად, სააკაშვილი თავისებური ბავშვი იყო, სულ აჩაჩული დადიოდა, გატაცებული იყო პორნოფილმების გადაღებით, ზოგიერთი პოლიტიკოსს მოსწონდა ცხოველების წვალება, თქვენ როგორი იყავით?
– მანიაკალური გადახრები არ მქონია. ჩვენს დროს კარტზე გამოხატული ქალები იყვნენ, ნატაშა, მაშა, ვერა, ალინა და ა.შ. და ეს კარტი გადადიოდა ხელიდან ხელში (იცინის). მე ძალიან მიყვარდა ცხოველები, ძირითად დროს მათთან ვატარებდი. მახსოვს გვყავდა დედა ღორი, სახელად ღუტა, თეთრი, თეთრი, არ არსებობდა, რომ ტალახში ჩაწოლილიყო, ძალიან სუფთა იყო, წავიდოდა და ტბაზე იბანავებდა, სულ ღუტაზე ვიჯექი და როცა დაწვებოდა, მეც დავუდებდი თავს და მასზე ვიძინებდი. ღუტა ძალიან მოჩვეული მყავდა და უჩემოდ ვერ იძინებდა, ამხელა ღორი მხოლოდ ერთ გოჭს აჩენდა და ამიტომ გაყიდეს, ღუტა ჩემი ბღავილის ფონზე წაიყვანა ახალმა პატრონმა… მახსოვს, გვყავდა ერთი ბატკანი და დიდი ყოჩი გახდა, მე არ ვიცოდი და ის ყოფილა ხატზე შეთქმული, ოთხი წლის ვიყავი და სალოცავში წავიყვანეთ, არ ვიცოდი, იქ რა უნდა მომხდარიყო, ჩემი ხელით წავიყვანე და დეკანოზმა რომ სტაცა ხელი და დაკვლა დაუწყო, მახსოვს ჩემი კივილი. ძალიან მიყვარდა ძაღლები, სოფელში ყველა ძაღლი ჩემი მეგობარი იყო, ოთხჯერ ვარ დაკბენილი და იცით, რატომ? ძაღლების ჩხუბში რომ ჩავერიე, კბილი გამკრეს, საკმაოდ დიდი ოპერაცია დამჭირდა ერთხელ იმიტომ, რომ მეცხვარის ძაღლს ზევიდან დავახტი და ძაღლმა განცვიფრებისგან მიკბინა. საერთოდ, ფათერაკებიანი ისტორია მაქვს, პუტკუნა ბავშვი ვიყავი და ჩემმა ძმამ საავადმყოფოში თავისი ხელით მიმიყვანა და იქ დავანგრიე ყველაფერი, დასაწყნარებლად კამფეტებს რომ მაძლევდნენ, ვართმევდი და წიხლების რტყმევას მაინც ვაგრძელებდი. ბოლოს გამიკერეს ძაღლის ნაკბენი, მაგრამ სახლში ვერ დამაწვინეს, დავრბოდი, ჭრილობა გამეხსნა და ახლაც დიდი შრამი მაქვს. უნდა ვაღიარო, ცხოველების მიმართ მანიაკალური დანაშაული კი მაქვს ჩადენილი, ერთი პერიოდი ექიმობაზე ვოცნებობდი, დედაჩემს წიწილები ჰყავდა და ამ წიწილებს ოპერაციას ვუკეთებდი – 10 ცალი დავხოცე, მერე დედაჩემს ვატყუებდი, მელიამ შეჭამა-მეთქი.
– ტყუილებიც გცოდნიათ… ამომრჩეველი მოგიტყუებიათ?
– ეს იყო უნებლიე ტყუილი. ამომრჩეველი არასოდეს მომიტყუებია, შეიძლება დაპირების პარამეტრს გადამიჭარბებია და შევმცდარვარ შეფასებაში, მაგრამ ის, რომ ამომრჩეველი მომეტყუებინა შეგნებულად, ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა.
– თქვენი ისტორიებით ამტკიცებთ, რომ უშიშარი იყავით, თუმცა სანადიროდ წასული შალვა ნათელაშვილი შიშისგან აღრიალებულიც ახსოვთ…
– (იცინის) გამახსენდა, პარლამენტში ვიყავი, სანადიროდ რომ წავედით ტახზე, ალაზნის ჭალებში. მე ძალიან მეშინია გველის, თოფი დამაჭერინეს, მითხრეს, ტახი ჩამოივლის და უნდა ესროლოო. ვიცოდი, რომ დედოფლისწყაროში გიურზები არიან, ვიფიქრე, ტახამდე შეიძლება გიურზამ ჩამოიაროს და ამიტომ სჯობია, თავს ვუშველო-მეთქი და მაღლა ხეზე იყო სახუნდარი, მონადირეების მიერ ფიცრებისგან გაკეთებული საჯდომი, ხეზე ავედი, იქ იყო ძველი “ტელეგრეიკა” გადაფენილი, კომფორტულად მოვეწყვე, მიჭირავს თოფი ზევით აშვერილი და ველოდები ტახს. უცბად, თავში აზრმა გამიელვა _ ამ “ტელეგრეიკის” ქვეშ გველი ხომ არ არის-მეთქი, ავწიე ეს “ტელეგრეიკა” და მართლა გველი არ იყო! ისეთი დავიღრიალე, რომ მე ცალკე გავრბოდი და გველი ცალკე გადახტა, ტახი კი არც ერთი იქ არ გაჩერებულა. იმის შემდეგ სანადიროდ არ წავსულვარ.
– ნაციონალების გასაგონად _ თუკი გინდათ, რომ შალვა ნათელაშვილი შეაშინოთ, მას უნდა მიუქსიოთ გველი…
– იმედია, “ნაცმოძრაობა” გველს არ შემომისრიალებს ოფისში (იცინის). მეტი მე არაფრის არ მეშინია.
– თქვენ, პრინციპში, მეორედ დაბადებული ხართ, რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, რაც გულის ოპერაცია გაიკეთეთ? გაქვთ რაიმე აკრძალვები?
– საერთოდ, მე არ ვსვამ, ექსკლუზივის წესით გეტყვით, რატომაც – 1995-99 წლის პარლამენტში არაფრისგან შევქმენი ფრაქცია, მაჟორიტარი დეპუტატები შეიკრიბნენ და გავაკეთე ფრაქცია “ლეიბორისტები”. ცხადია, მათი მადლობელი ვიყავი, მაგრამ ჰქონდათ ერთი დიდი ნაკლი, ყოველდღე იყო ქეიფი და რა თქმა უნდა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ყოველდღე ვიყავი დაპატიჟებული… როგორც ამბობენ, სასიამოვნოა ჩამთან ქეიფი, კარგი თამადა ვარ, მაგრამ აი, რა მოხდა. ყოველდღე იყო ქეიფები, ეს სადეპუტატო ცხოვრების წესია. პარლამენტი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ვნებას უფრო მეტს მოიტანას, ვიდრე კარგს, მაგრამ ამაზე უკეთესი კაცობრიობამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა. რამდენჯერმე სუფრაზე რომ არ წავედი, მეორე დღეს განცხადება დამხვდა ფრაქციიდან გასვლაზე იმ დეპუტატის, ვინც დამპატიჟა. მოკლედ, რამდენიმე დეპუტატი ამ მიზეზით გამექცა. მაშინ მთელი მუშაობა მიდიოდა ჟვანია-სააკაშვილისა, რომ დაშლილიყო ჩემი ფრაქცია. ფრაქცია რომ შემენარჩუნებინა, გავლოთდი, ამ სიტყვის სრული გაგებით. უკვე ცხვირის გაწითლებამდე მივიდა საქმე, ამის შემდეგ დამეწყო “ატვრაშენია” დალევაზე, ათი წელია უკვე აღარ ვსვამ. იმ დალევაში ანგარება დავინახე და პროტესტის ნიშნად შევწყვიტე სმა. ახლა მეტად ვარ სპორტით დაკავებული, სამ კილომეტრს დავრბივარ, ტრენაჟორებზე დავდივარ, სიგარეტს აღარ ვეწევი, მოხდა სასწაული, გული, რომელიც უნდა გაჩერებულიყო, არ გაჩერდა, მარცხენა კორონალური არტერია გაწყვეტილი იყო, სპეცოპერაცია ჩაატარეს და მომწამლეს. ბადრი პატარკაციშვილმა კი გამაფრთხილა, სააკაშვილი მოწამვლას გვიპირებს, ეს უშიშროებაში მითხრეს, ვისაც მე ფულს ვუხდი ინფორმაციაშიო.
– კი მაგრამ, თუკი ასეთი მარტივია პოლიტიკოსების მოწამვლა, სააკაშვილი, რომელიც ყველაფერს პირში მიაქანებს, მას რუსები რატომ ვერ წამლავენ?
– რაში სჭირდებათ რუსებს მისი მოწამვლა? სააკაშვილმა აღადგინა რუსეთის იმპერია, რომელიც სულს ღაფავდა, ცხინვალის ბლიცკლიკით რუსეთის იმპერიის რეანიმაცია მოხდა.
– სააკაშვილი თქვენს ნაკვალევზე დადის და წარმომიდგენია, გულის სიღრმეში თქვენს განეიტრალებაზე როგორ ოცნებობს. პირველად რით დაგამახსოვრათ თავი?
– 1993 წელი იყო და თეირანში მივდიოდით, აეროპორტში ყავას ვსვამთ მე, გოგუაძე და რომან მიმინოშვილი, დარბაზში შემოიჭრა ორიპირი ქარი, ვიღაც შემოვარდა და ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ამ ადამიანს ფეხზე ეცვა გადაჭრილი ჩექმები, გავხედე და სააკაშვილი იყო, ვა, შალვა როგორ ხარო, ქაღალდს აფრიალებდა და მითხრა, ამერიკაში მივდივარ, მიმართვა მომცესო. ორი წლის შემდეგ, როდესაც ის ჟვანიამ ჩამოიყვანა შევარდნაძის მთავრობაში, მე ვიყავი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და სერიოზულ რეფორმებს ვატარებდი, ეს კონსტიტუციაც ჩემი გაკეთებულია, რაც იყო საფუძველთა საფუძველი, ამერიკული მოდელი ჩემი შემოღებულია, მე გადამაყენეს. ჯერ “მოქკავშირში” შესვლა შემომთავაზეს და უარი განვაცხადე, ეს იყო მიუღებელი, ეს ჩამოიყვანეს ჩემს ადგილზე, მაგრამ სანამ აირჩევდნენ, გამომიარა კაბინეტში და შემომთავაზა, ჩემი მოადგილე იყავიო, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინე, ამ ტიპს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ეს, ალბათ, არ იყო სწორი ჩემი მხრიდან. სენატში რომ საქართველოს რუკით დადიოდა, ეს ყველას გამოგვეპარა, როგორ აინტერესებდა სენატს, რომ თუ მე მომიყვანთ პრეზიდენტად, ყველაფერს გაგიკეთებთო, საქართველოს რუკით ყიდდა. მოკლედ, ჩემი კაბინეტიდან რომ გავიდა, ჩემმა თანაშემწემ მითხრა, აქ სამუშაოდ თავისი ძმა დატოვაო, მაშინ წამიხდა სააკაშვილზე შთაბეჭდილება, აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო, სამივე ძმა დეზერტირი, მიშა ამერიკაში დაიმალა და იქიდან რომ ჩამოვიდა, აფხაზეთში დაღუპულთა საფლავები არ მოინახულა. ჩემს ადგილზე ასარჩევად ორი ტური დასჭირდა, ასლან აბაშიძეს დავურეკე, იქნებ მხარი არ დაგეჭირა, ეს ქვეყნის დამანგრეველია-მეთქი, ვუთხარი და აბაშიძემ მიპასუხა: იცით, ამას მოლაპარაკება სჭირდებაო, ვაჭრობა დამიწყო. “აღორძინებიდან” გავიდა, თორემ ვერ მაჯობებდა.
– ახლა საკუთარ თავს უნდა სძლიოთ და მითხრათ სააკაშვილის არა უარყოფითი მხარე, არამედ მისი პოზიტივი. თქვენი აზრით, რა არის სააკაშვილის სიძლიერე?
– ძალაუფლების მოპოვებას რაც სჭირდება, ამის ნიჭი მას უდავოდ აქვს, დანარჩენ საკითხებში ან ფეხებზე გვიკიდებს ან თავს ისულელებს.
– გიფიქრიათ ოდესმე პოლიტიკიდან წასვლაზე?
– კი, რამდენჯერმე, მაგრამ იმ წუთშივე მივმხვდარვარ, რომ ეს არის სისულელე, პოლიტიკიდან ვერსად ვერ წავალ.
– როგორ ახერხებთ, წინა დღეს კოლეგა გალანძღოთ და მეორე დღეს გადაეხვიოთ?
– (იცინის) მიჭირს ასეთი რამის გაკეთება, მე თვითონ მერიდება, როდესაც დღეს ოპოზიციაში მყოფი პიროვნება, ადრე არაერთხელ მყავს გაკრიტიკებული, მაგრამ უსამართლოდ არავინ გამიკრიტიკებია.
– პოლიტიკა ყველაზე სარფიანი ბიზნესია, მაგალითად, თქვენ გაბრალებენ, რომ სიაში ადგილებს ყიდით და ფულს ამით აკეთებთ. ისე, პოლიტიკით ძალიან დიდი ფული კეთდება, თქვენ შეგიძლიათ, კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეთ.
– როგორ უნდა გავამდიდრო პარტია, იქნებ მასწავლოთ?
– ამას “გრეჩიხა” გასწავლით.
– ჰა, ჰა… მე არ დაგეთანხმებით, რომ ჩვენს პარტიაში ვინმე ადგილებს ყიდის, უბრალოდ, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა _ არჩევნების დროს რამდენიმე ადგილი პარტიის სპონსორისთვის არის გათვლილი. ჩვენ არც ამერიკა და არც რუსეთი არ გვაფინანსებს, ამიტომაც ჩვენ ვწერთ სპონსორს სიაში. როდესაც რეკლამა ტელევიზიაში წუთი 4 000 დოლარი ღირს, რა უნდა გააკეთო ამ დროს? როდესაც 4600 საუბნო კომისიის წევრი გეხვეწება, რომ 10-ლარიანი მონობარათი მისცე, იმიტომ რომ მმართველმა პარტიამ 500-500 დოლარი დაურიგა თავის წევრებს და გეუბნება, თუ არ გადამიხდი, გიღალატებო, რა უნდა გააკეთო?!..
კომენტარები