თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.
კარგად იცით, ინდოელებს ყველა ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა და გეტყვით, რომ უკვე 10 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყოს შემოსული ინდური შტამი.
მე ვიყავი პირველი, ვინც ვთქვი რომ ბრიტანულმა შტამმა შემოაღწია საქართველოში, მე რომ ვთქვი, მერე თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გვყავს ბრიტანული შტამით ინფიცირებულიო. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა შტამმა რა ქნა რამდენიმე თვეში, ახლა ქვეყანაში ინფიცირებულთა 80-90 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული და რას იზამს ინდური შტამი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება? არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა ხალხს, ავსტრალიაშიც კი ჩააღწია ინდურმა შტამმა, არადა, ავსტრალია ყველაზე მეტად ჩაკეტილია, ჩვენ კი ღია გვაქვს საზღვრები. მე, გიორგი ფხაკაძე, გეტყვით, რომ დღეს 25 აპრილს თბილისში არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გვაქვს რეანიმაციაში, არც ერთი თავისუფალი რეანიმაციული საწოლი ქალაქში უკვე აღარ გვაქვს. ჯერ კიდევ როდის ვითხოვდი, დაგვეწყო მომზადება, გამოგვეცხადებია მობილიზაცია, მოგვემზადებინა საწოლები, ჟანგბადები. იმასაც გეტყვით, რომ მალე ჟანგბადი არ გვექნება, განგაშის ზარია შემოსაკრავი, უნდა მოვემზადოთ. მესამე ტალღა კი არა, ცუნამი მოდის.
ჩვენ კი არ ვაჩერებთ ვირუსს, ნავთს ვასხამთ. ნახეთ რა ხდება პარკებში, რა ხდება ტრანსპორტში, რა ხდება რესტორნებში, მიტინგებიც უნდა აღვნიშნო, ნამახვანჰესის მიტინგით დაწყებული, ყველა პოლიტიკური მიტინგით დამთავრებული. ბოდიში, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის ხალხის მხარეს, ეს დიდი შრიფტით დაწერეთ, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ფიქრობს ხალხზე, თორემ, დასხდებოდნენ, მოილაპარაკებდნენ და მორატორიუმს გამოაცხადებდნენ მიტინგებზე, იტყოდნენ, ხალხო, მოდი ჯერ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთო… მე სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა, ჩემთვის მთავარი ადამიანია სიცოცხლეა. ყველანი არიან მავნებლები. გამოაცხადონ მიტინგებზე და ხალხმრავალ შეკრებებზე მორატორიუმი – ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლა ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში. პირველი უდიდესი შეცდომა იყო მეტრო! ვამბობდი, რომ მეტრო არ უნდა გაგვეხსნა. დაგვემატებინა ავტობუსები, ამდენი ტურისტული ავტობუსი და სამარშუტო ტაქსია გაჩერებული, დიდი საქმე, თუ მწვანე ვერ იქნებოდა… მაგრამ ჩვენ ვართ „ფოე-ფოე“, „პაკაზუხა“ ხალხი… ან, რა დროს ვახშამია? პირველი მაგალითი მთავრობამ უნდა მისცეს ხალხს, გინდ დისტანციის დაცვით, გინდ პირბადის გაკეთებით. ვუყურებ, ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს დახურულ სივრცეში აჭარის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე და პირბადე არ უკეთია. სულ არ მაინტერესებს მაგის ინტერვიუ, რა უფლება ჰქონდა, რომ განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე იძლეოდა ინტევიუს?
– თქვით, რომ საწოლების და ჟანგბადის პრობლემა საქართველოსაც მალე ექნება…
– როდესმე, ერთხელ მაინც ყოფილა, რაც ვთქვი, ისე არ მომხდარიყოს? ერთი მაინც დამისახელეთ. ვიტყვი რაღაცას, დამესევიან, გამლანძღავენ, რას არ დამიძახებენ, მათ შორის ექიმებიც კი, მერე გადის ცოტა ხანი, ხან 2 დღე, ხან ორი კვირა და ვხედავ, ჩემ ნათქვამს იმეორებენ სიტყვა-სიტყვით, თუთიყუშივით და უცნაური ის არის, რომ ამის მერეც მაინც მე მლანძღავენ. არ ვიცი, ეს შურია? მეგობარმა მითხრა შენ ვიდეოს კვირაში მილიონი ადამიანი ნახულობდო, რატომ უნდა ჰქონდეს ჩემ ვიდეოს კვირაში მილიონი ადამიანის ნახვა? მარტო მე ვამბობ, ალბათ სიმართლეს. კი, სამწუხაროდ, როგორც ის ვთქვი, რომ აპრილში იქნებოდა მეორე ტალღა, როგორც ის ვთქვი, რომ ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ბრიტანული შტამი და ახდა, ასე გეტყვით, რომ კი, ქვეყანას მალე ექნება საწოლების და ჟანგბადის აპარატების პრობლემა.
კომენტარები