ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა. ის 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა.
უცხოური გამოცემის, calvertjournal.com-ში დაბეჭდილი მასალიდან ნაწყვეტები:
“გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერი, რომელმაც ჭადრაკის თამაშს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწია, არსებობს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე და დღემდე ასპარეზობს სხვადასხვა შეჯიბრებებში.
ალბათ, უკვე ნახეთ “ნეტფლიქსის” სერიალი The Queen’s Gambit, რომელშიც ამბავი პერსონაჟ ბეთ ჰარმონის გარშემო ვითარდება და გვიყვება, თუ როგორ აღწევს ის წარმატებას, როგორ მიდის დიდებისკენ საკუთარ შინაგან დემონებთან ბრძოლის ფონზე.
როდესაც ჰარმონი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს ხვდება, სერიალში გაიჟღერებს საბჭოთა ქალი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი. ჰარმონის ისტორია გამოგონილია, გაფრინდაშვილი კი ნამდვილი მოჭადრაკეა საქართველოდან, რომელიც ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ხუთჯერ გახდა. სერიალი გაფრინდაშვილს წარმოგვიდგენს როგორც “ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკეებთან“, რამაც ნონა გაფრინდაშვილი გააკვირვა, რადგანაც მისთვის უცხო არ არის მამაკაც ოპონენტებთან საჭადრაკო დაპირისპირება”, – წერს გამოცემა.
- Calvert journal-თან საუბრისას, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სერიალში მის შესახებ თქმული სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს.
“ესტონელი კერესიდან და სერბი გლიგორიჩიდან დაწყებული, ამერიკელი ტარჟანით და ლატვიელი ტალით დამთავრებული, მე მითამაშია ბევრ დიდებულ გრანდმაისტერთან. რასაც სერიალში ამბობენ, სრულებით არ შესასაბამება სიმართლეს, სამარცხვინოა ვინმეს მიღწევების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება“, – ამბობს 79 წლის ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერია (დიდოსტატი). რაც მოჭადრაკისთვის უმაღლესი ტიტულია. ეს ჯილდო მან 37 წლის ასაკში მიიღო”, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი მკითხველს უყვება, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ის მშობლებთან და ძმებთან ერთად გაიზარდა. “ჩვენ ძალიან აქტიური ოჯახი ვიყავით, ვთამაშობდით ყველაფერს, ფეხბურთიდან დაწყებული, ფრენბურთით, მაგიდის ჩიგბურთითა და ბილიარდით დამთავრებული“, – ამბობს გაფრინდაშვილი. მისივე თქმით, მისი სახლის ბაღში ტურნირები მთელ სამეზობლოს იზიდავდა.
ყველა იმ თამაშიდან, რომელსაც თამაშობდა, ყველაზე მეტად ჭადრაკმა მიიჯაჭვა. ამბობს, რომ ყველაფერში ბავშვობიდანვე კონკურენტუნარიანობას იჩენდა და არაფრის დათმობა არ სჩვეოდა.
ვიყავი და ახლაც ვარ ძალიან კონკურენტუნარიანი და ეს ყველაზე მეტად დამეხმარა ჭადრაკში – ამბობს გაფრინდაშვილი.1954 წელს, 12 წლის ასაკში ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მას შემდეგ მიიღო მონაწილეობა, რაც თავისი ძმა ჩაანაცვლა, რომელსაც გამოცდების გამო ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის დრო არ ჰქონდა. სწორედ მაშინ ახალგაზრდა გაფრინდაშვილი აღმოაჩინა ცნობილმა ქართველმა ჭადრაკის მწვრთნელმა ვახტან ქარსელაძემ, რომელმაც დაარწმუნა მისი მშობლები, რომ ნონა თბილისში გადაეყვანათ, რის შემდეგაც მას უკვე შეეძლო დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ საჭადრაკო სკოლაში ევარჯიშა. ორი წლის შემდეგ გაფრინდაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქალებს შორის, ეს იყო 1956 წელს, მომდევბო სამი წლის განმავლობაშიც ის ჩემპიონი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ ჰყავდათ მსოფლიო ჩემპიონი, ჭადრაკი იქ სპორტის პოპულარული სახეობა იყო. “ყველას უყვარდა ჭადრაკი. ეს იყო თამაში, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. შესვენების დროს ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებიც ჭადრაკს ეთამაშებოდნენ ერთმანეთს”, – ამბობს გაფრინდაშვილი.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიგაფრინდაშვილმა 21 წლის ასაკში მოიპოვა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მას შემდეგ, რაც დაამარცხა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რუსი მოჭადრაკე – ელისავეტა ბუკოვა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.
მოსკოვში მისმა გამარჯვებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მსოფლიოს ჩემპიონობიდან ერთი წლის შემდეგ, გაფრინდაშვილი მიიწვიეს ჭადრაკის ექსკლუზიურ ჩემპიონატზე, ჰასტინგსის ტურნირზე ინგლისში, რომელსაც მსოფლიოს ტოპ კლასის მოთამაშეები ესწრებოდნენ. ის იყო მეორე ქალი, რომელსაც ოდესმე ამ ტურნირზე უასპარეზია და პირველი ქალი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა,
1965 წელს ის ჰასტინგსში კვლავ მიიწვიეს, მან ითამაშა ისეთი მოჭადრაკეების წინააღმდეგ, როგორიც მაგალითად მიხაილ ტალია. გაფრინდაშვილმა დაამარცხა ყველა ბრიტანელი მოთამაშე და ეთამაშა პაულ კერესს. ყოველივეს შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა რეიტინგში იგივე ადგილი დაიკავა, როგორიც ეკავა მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ ბოტვინიკს, რომელმაც ჰასტინგსის ტურნირში მონაწილეობა პირველად 1934-35 წლებში მიიღო.
სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცნობილია თავისი აგრესიული სათამაშო სტილით, ტაქტიკური ოსტატობით, სვლებსა და კარგ კომბინაციებზე გაწაფული თვალით.
- ნებისყოფა და მყარი ფსიქიკა
სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სერიალ “ლაზიერის გამბიტის“ პერსონაჟი, ბეთ ჰარმონი ებრძვის ნარკომანიასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ისეა ნაჩვენები, რომ შესაძლოა, ჭადრაკს მავნე გავლენაც ჰქონდეს მოთამაშეზე. გაფრინდაშვილიც ამბობს, რომ ნიჭი საკმარისი არ არის – “შენ უნდა იყო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი და უნდა ისწრაფვოდე საუკეთესოობისკენ“ – აღნიშნავს მოჭადრაკე.
გაფრინდაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჭადრაკისა და სხვა საქმიანობების ბალანსი. “როდესაც სტრესს ვგრძნობდი, მაშინვე სხვა სპორტზე გადავდიოდი, ვუსმენდი მუსიკას, ან ვკითხულობდი – მე მიყვარს კითხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძალიან ბევრი საჭადრაკო მატჩი ვითამაშე და მე ვერ გავიხსენებ დროს, როცა პრობლემები მქონდა ძილთან დაკავშირებით და არ ყოფილა შემთხვევა, როცა ანტიდეპრესანტები, ან საძილე საშუალებები რაიმე ფორმით დამჭირვებია“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაც გაფრინდაშვილს მოტივაციას ჰმატებდა, იყო თამაშის სილამაზისადმი მისი სიყვარული, ვიდრე გამარჯვების დევნა.
- წარმატების საიდუმლო – “მზიანი ამინდი და შესანიშნავი ღვინო“
1995 წელს, როდესაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ვეტერან ქალ მოჭადრაკეებს შორის, ის უკვე წარმოადგენდა არა საბჭოთა კავშირს, არამედ უშუალოდ საქართველოს.
კითხვაზე თუ როგორ შეიძლებოდა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა ასეთი გამარჯვებები ამხელა დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა, გაფრინდაშვილი ხუმრობით პასუხობს, რომ ამის საიდუმლო “მზიანი ამინდი და შესანიშნავი ღვინოა.“
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები