ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ დასავლეთი ფრთხილად უნდა მოეკიდოს ჩინურ ინვესტიციებს, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც საუბარია სტრატეგიულ ინდუსტრიებზე. ბლინკენი ფიქრობს, რომ ასეთ დროს დასავლეთმა გარკვეულ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემა უნდა შეიმუშაოს.
“ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთი შევაკავოთ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნებს აქვთ ურთიერთობა და ინტერესი ჩინეთის მიმართ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩინეთსა და ამერიკას შორის. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ძირითადი იდეების დაცვას,რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სისტემაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და შევისწავლოთ რა ხასიათისაა ეს (ჩინური) ინვესტიცია. თუ ეს არის სტრატეგიულ სექტორსა და აქტივებში, ამას ქვეყნები ფრთხილად უნდა მოეკიდონ “- ამბობს ენტონი ბლინკენი.
BBC-სთან ინტერვიუს დროს ენტონი ბლინკენმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან მომდინარე აგრესიას პასუხს გასცემს, თუმცა თუ როგორი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ეს სრულად რუსეთის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
“თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად იმოქმედებს, როგორიც იყო “სოლარ ვინდსის” კიბერშეტევა, ამერიკის არჩევნებში ჩარევა, კრემლის კრიტიკოსის ნავალნის მიმართ ქმედებები – ჩვენ პასუხს გავცემთ. გვირჩევნია (რუსეთთან) უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, არსებობს სფეროები სადაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე,”- ამბობს ენტონი ბლინკენი.
ინტერვიუს დროს ბლინკენმა ასევე უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის აგრესიას ამერიკის შეერთებული შტატები პასუხს გასცემს.
წყარო – ამერიკის ხმა
კომენტარები