რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, წონადი ფიგურა შეემატება პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კაციძემ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ვანო მერაბიშვილის გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
როგორც კახიძემ აღნიშნა, მერაბიშვილი ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში სერიოზულ წვლილს შეიტანს.
„თავისი პოლიტიკური გეგმების და გადაწყვეტილებების თაობაზე საზოგადოებას აცნობებს თვითონ. რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ის აქტიურად ჩაერთვება, ეს ისედაც ნათელი იყო და სხვა მოლოდინი არც გვქონია არავის. 7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა და თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა. შესაბამისად, ციხიდან გამოსვლის მერე გააგრძელებს ამ ბრძოლას, გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, წონადი ფიგურა შეემატება პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ვსაუბრობთ, რომელსაც სერიოზული მიღწევები და ამ სახელმწიფოს მშენებლობაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ცხადია, ის სერიოზულ წვლილს შეიტანს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში“, – განაცხადა კახიძემ.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მას იმ საქმეებიდან გამომდინარე, რაც მერაბიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დეპუტატი ამბობს, რომ მერაბიშვილი ყველანაირი სცენარისთვის მზად იქნება.
„გამორიცხული არაფერია. ჩვენ არაფერს ველოდებით. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ვანოც ასეა. პოლიტიკაში როცა ხარ ამ ქვეყანაში და მით უმეტეს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყო. მიმდინარე საქმეებიდან რაც არ უნდა შეუფარდონ, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება. ამ კუთხით სამართლებრივად მოსალოდნელი არაფერია, მაგრამ რა დაარტყამთ თავში და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხვალ, არ ვიცი. თუმცა, ასეთი აგონიური ქმედებები დააჩქარებს მათ დასასრულს, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთეს, ამიტომ ესეც ვერ უშველით“, – განაცხადა კახიძემ.
კომენტარები