„მერაბიშვილს პატიმრობის 7 წლის განმავლობაში რომ მიეცა ჩვენება, ან უბრალოდ, რაიმე ეთქვა მიხეილ სააკაშვილზე, იგი აქამდე თავისუფალი იქნებოდა… მერაბიშვილი იბრძოლებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბოლომდე…“, – ამის შესახებ “2020NEWS”-ს საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა და საპატიმროდან სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება შეაფასა.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო თავისუფლება ვანო მერაბიშვილს. იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი და მისი პირადი ტყვე იყო. მან, ფაქტობრივად, 7 წელი გაატარა ციხეში.
ხალხმა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რა მიიღო იმით, რომ ვანო მერაბიშვილი იყო ციხეში? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ამ სახელმწიფოში იყო პოლიციის შემქმნელი, რომელმაც ქურდული მენტალობა და კრიმინალი დაამარცხა, ებრძოდა კორუფციას ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
რა თქმა უნდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა შეცდომები თავის დროზე, ეს ორჯერ ორია.
მერაბიშვილმა „გაიდან“ შექმნა საპატრულო პოლიცია, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა.
ფაქტობრივად, მერაბიშვილმა კრიმინალი დაამარცხა. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო. ეს იყო მსოფლიო სტატისტიკა და ამას არც მე და არც ვანო მერაბიშვილი იგონებს. ამის შემდეგ დღეს რა მდგომარეობაა კრიმინალის მიმართულებით, ვხედავთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააგრძელოს, ხაბეიშვილი გვპასუხობს: „რაც შეეხება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვანო მერაბიშვილს პატიმრობის 7 წლის განმავლობაში , რომ მიეცა ჩვენება ან უბრალოდ, რაიმე ეთქვა მიხეილ სააკაშვილზე, იგი აქამდე თავისუფალი იქნებოდა.
ამ კაცმა მისი შეგნებული ცხოვრების 7 წელი პრინციპებს, ღირებულებებს შეალია და არ გატყდა. ვანო მერაბიშვილმა არ დაიჩოქა.
მქონდა და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს კაცი იბრძოლებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბოლომდე. მერაბიშვილმა რაც შეეძლო, ბოლომდე იბრძოლა გაუტეხლად, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ იგი არცერთ დღეს არ დაკარგავს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღებს, თუ ვისთან ერთად იბრძოლებს. თუმცა იქვე ცალსახად აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს – „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ის მხარს უჭერს, რაც აბსოლუტურად, ნორმალურია.
დარწმუნებული ვარ, ის დადგება იმ ადამიანების გვერდით, ვინც ებრძვის რუსი ოლიგარქის რეჟიმს. ამ რეჟიმის დასამარცხებლად მერაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს და რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, თუ საერთოდ იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, ეს უკვე მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამაზე თავად იტყვის“
კომენტარები