საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ჩავიდა. მან თქვა, რომ გუშინ, მედიაში გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები ეკლესიასთან არიან მისულები, საპატრიარქოში კითხვები შევიდა.
“საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად, და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები”, – თქვა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, “რაღაც პერიოდის წინ” ამ ტაძარში გადასვლა შესაძლებელი იყო, წელსაც იყვნენ ჩვენი მომლოცველები, “მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი იმისი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა”.
“ნებსით თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც მოხდა ეს იმ ლომისის ტაძარში, რომელზეც მოგახსენეთ თქვენ, რომელიც არის გორის რაიონში. იქ აი ასე, დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით, და პათოსით, ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი, მისვლის საშუალებაც აღარ აქვს არავის”, – თქვა ჯაღმაიძემ.
კომენტარები