პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით (30 აპრილი), თქვა:
“წელს ქართული არმია დაარსებიდან 31-ე წლისთავს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუციის მერვე თავის 70-ე მუხლით: ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებს შექმნის პირველივე დღეებიდან მოუწია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში ჩაბმა, ყველა ომში რუსეთი ღიად თუ დაფარულად, ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა.
1999 წლიდან ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ყველა მისიაში იქნებოდა ეს კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა თუ მალი, ქართველმა სამხედროებმა ყველგან მაღალი დონის პროფესიონალიზმი აჩვენა, რომელიც აღიარებულია ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. სამწუხაროდ, არცერთ ომს და საერთაშორისო ოპერაციას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. მსურს, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედროს წინაშე და მადლიერება გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ. დიდი მადლობა გადავუხადო დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ საკუთარი ჯანმრთელობა გაიღეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ცვალებად ოპერაციული გარემო გვკარნახობს რეფორმების აუცილებლობას, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ პროცესებს და არ ჩამოვრჩეთ სამხედრო განვითარების დინამიკას.
ბოლო პერიოდის ომებმა დაგვანახა, რომ თავდაცვის ძალებში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ერთი-ერთში პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური და სათანადოდ აღჭურვილი სამხედრო ინსტიტუტია.
ყველა სამხედრო მოსამსახურეს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი რომ სამხედრო სამსახური არის ის სივრცე სადაც ყველაზე მეტად აღიქვამ შენი ქვეყნის სიყვარულს და სადაც ყველაზე მეტად ხვდები შენი როგორც პიროვნების დანიშნულებას-მისიას და ყოველ დღე არ გიჩნდება კითხვა „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“ (ი.ჭავჭავაძე). ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თავდაცვის ძალების მფარველი. გაუმარჯოს თავდაცვის ძალებს!!!“
კომენტარები