მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს:
“ერთია, როცა ტროლად მუშაობ და სხვაა, როცა უნებლიეთ იქცევი ტროლად.
ცოტა ხნის წინ მოაზროვნე ადამიანი იყავი და მიზეზთა გამო, ისე გიშეშდება აზროვნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დავალებით თუ დაუვალებლად, მექანიკური თოჯინასავით იწყებ ერთი და იმავეს გამეორებას.
მგონი, მართლაც ნებაყოფლობითიტროლების ქვეყნად ვიქეცით, რადგან განა ტროლად დეგრადირებულობა არაა, როცა რაც არ უნდა გითხრან, პასუხად მხოლოდ ესღა გაქვს: “აბა, მიშა გინდათ?”
– არ მინდა უსამართლო არჩევნებით შევსებული ერთპარტიული პარლამენტი.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა ოლიგარქის ჯიბის, კლანური სასამართლო.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ ციხეში პოლიტიკური პატიმრები ისხდნენ.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისს სპეც-რაზმელები არბევდნენ.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს დასცილდეს და კრემლის სატელიტ-გუბერნიად იქცეს.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ საქართველოდან უიმედობისა და სიღარიბის გამო გარბოდეს ხალხი.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ პროპაგანდისტები ქვეყნისთვის სახიფათო სიყალბეს ავრცელებდნენ კრიტიკული აზრისთვის დახშული სამთავრობო ტელეარხებიდან.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ კოვიდით და მთავრობას ვაქცინა ვერ\არ შემოქონდეს.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ ვიღაც შარლატანებს “16 ევროდ, 99 წლით” აძლევდნენ გიგანტური ჰესების მშენებლობის უფლებას და განადგურების საფრთხე შეექმნას რიონის ხეობას.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ გელათი ნადგურდებოდეს, ვარძიის ფრესკებს ანახშირებდნენ და “მეტლახს” აგებდნენ ყინწვისში…
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ ამდენი პრობლემის პირობებში ოლიგარქმა თავისი არაფრის მცოდნე და აგრესიის წამქეზებელი პოლიტიკური მონა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ხელისუფლების აგრესიით წაქეზებული არამზადები.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა მატყუარა და საშიში ოლიგარქი, რომელიც, როგორც ჩანს, ყველანაირ უმსგავსობაზეა წამსვლელი, ოღონდ კი არაფერი დაემუქროს მის ძალაუფლებას.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა მიშა.
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა ვეღარ ვარჩევდე, სადაა ტროლი და სად ადამიანი…
აბა, მიშა გინდათ?
– აღარ მინდა კომენდანტის საათი…
აბა, მიშა გინდათ?
– აღარ მინდა ჩამოშლილი ლარი…
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ “მამებმა” და “ბაბუებმა” მუდმივად ჩაგრონ და ჭამონ “შვილები” და ახალ თაობას არა და არ მიეცეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლინების შესაძლებლობა. მათ შორის, პოლიტიკაში…
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა, რომ ქალებს კლავდნენ და ბავშვები თავს იკლავდნენ უფროსთა შეუბრალებლობისგან…
აბა, მიშა გინდათ?
– აღარ მინდა ამდენი პოლტიკაზე ფიქრი და ლაპარაკი…
აბა, მიშა გინდათ?
– არ მინდა…
რა “არ გინდა”? აბა, მიშა გინდა?“
კომენტარები