გიორგი ჯავახაძე, ალია
გიორგი ჯავახაძე
ბოლო კვირაში მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიას ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირება გაღრმავდა. ყველაფერი მელიას ბრალდება, მაგრამ – მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ მიმართა სასამართლოდან თავის ამომრჩეველს და ეთქვა ერთხელ, თუ ასეა – მიშველეთ, მახრჩობს ეს მელია და ვერ ვერევიო?
„ალიას” მკითხველს ახსოვს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე და სააკაშვილის ჩამოსვლამდე ვწერდით, რომ სოციალური გვერდები, რომლებიც ადრე ეკუთვნოდა ნაციონალურ მოძრაობას, აქამდე სრულიად უცნობი ადამიანების ხელში გადავიდა და იმ ჯგუფებსა და გვერდებში უკვე ღიად დაიწყეს ნიკა მელიას ლანძღვა. იქმნებოდა ჯგუფები, რომლებიც ხალხს არწმუნებდა, მიშა ახალ პარტიას შექმნის და მელიას არჩევნების მერე მოისვრისო. იგივე ძალა მერე ჯერ იძახდა, მიშა ერთ კვირაში გარეთ გამოვაო, მერე აანონსებდა, აი, მეორე ტური მორჩეს და მიშა გამოვაო, მერე თქვეს, ახალ წელს გამოდის მიშაო, მერე თქვეს – მიშა უკრაინაში უნდა წავიდეს – რადგან, ოპოაზიცია არ ვარგაო, შემდეგ – თემურ ალასანიას მოატყუეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდებოდა, ჩამოიყვანეს და მერე უთხრეს, მოდი, ღარიბაშვილს ელაპარაკეო. არ დათანხმდა ალასანია ღარიბაშვილის ნახვას და წავიდა, სანამ დაიჭერდნენო. ახლა კი აცხადებენ, აბა, რა ვქნათ, არ ვარგა ეს ოპოზიცია (თითქოს ახლა აღმოაჩინეს), ამიტომ, ჩვენ ახლა მეტად უნდა გავყოთ ოპოზიცია, რომ მეტი შუაშისტი გამოჩნდეს და 2024 წლის არჩევნებზე ვიფიქროთო. ხოოო, კარგია, თქვენმა მზემ, მაგრამ მივაღწევთ 2024 წლამდე? გვეკითხება ვინმე, გვაქვს რესურსი 2024 წლამდე მისაღწევად? – რა ვქნათო…
აბაა, რა ჭკვიანურად მოუფიქრებია ბატონ ბიძინას, რა უწვალია, ჯერ სოციალური გვერდები და ჯგუფები შეუსყიდია, ნაცებისვე, მერე ეს ჯგუფები უმუშავებია კარგად ნაცების ერთი გუნდის წინააღმდეგ და ახლა, როცა ოპოზიციის ხელშეწყობით, ამდენი იმედგაცრუება იხილა ხალხმა, აძახებინებს, რა ვქნათ, აბა, დაველოდოთ 2024 წელსო.
რაც შეეხება მელიას, იგი ყველა ვარიანტში წაგებულ ომში შევიდა – რამე გაფუჭდება, მისი ბრალი იქნება, რამე გაკეთდება – სააკაშვილის. იმასაც ამბობენ, მართლაც მოუწევს მელიას ცალკე გასვლა და ახალი პარტიის შექმნა, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მიშას მმართველობის დროს თანამდებობაზე არ იყოო. ასეთ შემთხვევაში, მას იმ ადამიანების შემოკრება მოუწევს, ვინც ოცნების ხელისუფლების დროს იყო თანამდებობებზე, თორემ, ახლა ისეთი, ვინც 18 წელია თანამდებობაზე აღარ არის, ედუარდია შევარდნაძე და აღარ არის ცოცხალი.
თემურ ალასანიას ახსენებენ კიდევ, გააქცია ოცნებამო, საწყალი ალასანია, არ იცოდა, რა ხაფანგებს დაუგებდა აქ ოცნება, აბა, მივიდა, ასე მიაჭრა ივანიშვილთან, უკაკუნა, უკაკუნა და მერე წაბლაყუნდა უკან… არც კობა ნაყოფიას დანიშვნასთან აქვს კავშირი და საერთოდაც, თავადაც არ იცოდა, რატომ იყო ჩამოსული… გააქციეს და გაისუსა, ხმას აღარ იღებს, არც რამე ჩამოუტანია და არც რამე წაუღია. ხოდა, რა გინდათ, მაშინ ალასანიასგან, ასეთი ბუნჩულა მოხუცი თუა, ასე ადვილად მოსატყუებელი და ადვილად გასაგდები? საზღვრიდანვე რომ დაგეძახათ, მიბრუნდიო, არ სჯობდა?
ასეა, თუ ისე, ოპოზიციის ამომრჩეველს მეტად და მეტად უცრუვდება იმედი. ისინი ვერ ხედავენ თავგანწირვას პოლიტიკოსების მიერ და შესაბამისად, თავადაც რატომ მოიკლონ ის 2 კაპიკი, რატომ გააცდინონ დღე და დადგნენ სიცივეში ქუჩაში, მით უფრო, რომ მერე პოლიციამ მართლაც რომ დაარბიოს და ვინმე დაზიანდეს – ოპოზიცია იგივე ადამიანებს პროვოკატორებად პირველი მონათლავს.
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, იკითხეს ჩვენმა წინაპრებმა და აგერ, ბატონო, 21-ე საუკუნეში ეუბნება ოპოზიცია თავის ამომრჩეველს, რა ვქნა, მგელია და ვერ გავაწყვეტინებ თქვენ თავსო, ამიტომ, მოდი, ნელა და ჩუმად გავაგდოთ ბიძინაო. ამას ედავება რეალურად ამომრჩეველი „ენმ”-ს დღეს. არეულობა ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ რა არეულობა მოჰყვებოდა პარლამენტის და საკრებულოების მანდატების დატოვებას? ან რუსთაველზე პროტესტს? ან რუსეთის ამერიკისადმი წაყენებული ულტიმატუმის გაპროტესტებას მშვიდობიანი მიტინგით?
მეორე მხრივ, ზის მიშა ციხეში მყარად, ფეხს არ იცვლის, უკრაინაში სამკურნალოდ წავსლაზე ხმასაც აღარ იღებს, ზის და ესენი კი ეძახდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო, მაგრამ თავად ამტკიცებს ეკნომიკურ გეგმას ვწერ, პენსია 500-600 ლარი უნდა გავხადო, საწვავის ფასი 70 თეთრით შევამცირო, მინიმალური ხელფასი 1000-1500 ლარი გავხადო და სტუდენტების სწავლა დავაფინანსოო… ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ასე გავერთობით 2024 წლამდე? მიშამ თქვა, ღარიბაშვილმა უპასუხა, კობახიძემ თქვა – მიშამ უპასუხა?
მე რომ გარეთ ვიყო, ყველგან მივიდოდიო, მიშამ – ანუ, თქვენ არ მიდიხართ ყველგანო. ყველგან რა, სად მიდიან რო? პარლამენტში არიან და პარლამენტშიც აღარ მიდიან. ციხესთან მიდიან ხოლმე მორიგეობით და ასე რომ ევლოთ ციხეებში ბოლო 9 წელი, უამრავ პრობლემას გამოიტანდნენ გარეთ.
ამასობაში კობა ნაყოფიას თანამდებობა მისცეს “ენმ”-ში, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მივიდა კობა “ენმ”-ის სათავეებთან, მაგრამ კობას ფული არ ჩანს ჯერ პარტიის სათავეებთან – მაინც არავის აქვს პასუხი – კობა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ფულით მივიდა, თუ უფულოდ? ისევ იტირებს პარტია, ფული არ მაქვსო, (როგორც აქტივისტები გვიყვებოდნენ) თუ აღარ იტირებს და სადმე გამოჟონავს ფული იგი ნაყოფიასი ნაყოფიერად?
სინამდვილეში, ყველაზე კარგი დრო ახლა აქვს მიშას, რომელსაც თემურ ალასანიამ პირდაპირ დაუბარა, იმდენ ხანს გაძლებ ციხეში, რამდენიც საჭირო იქნებაო, რადგან დასავლეთმა სწორედ ახლა დაიწყო სააკაშვილის საკითხის აქტიური განხილვა. დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატამაც კი განიხილა საქართველოს მთავრობის “უმსგავსო ქცევა” და პროტესტი უნდა გამოვთქვათო, განაცხადეს. საითაც უნდა გაყოს მთავრობამ თავი, ყველა მხრიდან პროტესტი ისმის. დიპლომატები ე.წ. კრებსების და დიპლომატთა მოსმენებისთვის ცალკე ითხოვენ პასუხს, ცალკე სასამართლო რეფორმის გამო, ამერიკა აკეთებს სკანდალურ განცხადებებს საქართველოს მისამართით და იქედან კიდევ, რუსეთმა ბრძანა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს უნდა აუხსნას, რომ 3+3 ფორმატში მოლაპარაკების მაგიდას დაუჯდესო. დაჯდება ამ მაგიდასთან საქართველო – ვაია, არ დაჯდება და – უი, რადგან, ფულის ის ნაკადი, რომელიც დასავლეთიდან და ამერიკიდან მოდიოდა, წელს შესაძლოა, კიდევ მეტად შემცირდეს.
“ალიას” ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამჯერად უკრაინაში ცხოვრობს, კულუარულად უყვება:
„აშშ-მ ჯერ კიდევ 6 თვის წინ იცოდა, რას აპირებდა რუსეთი უკრაინაში. სწორედ ამიტომ დათანხმდა ამერიკა და დასავლეთი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. მათ “დამატებითი ბომბი” ჩაუდეს რუსეთს საქართველოში და ამის მანიშნებელი იყო, მიშას გადაყვანა სწორედ გორის ჰოსპიტალში და არსად სხვაგან. სააკაშვილის ბედი დამოკიდებული იქნება მთლიანად ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებაზე. დაჭირდება ამერიკას – გააქტიურებს, არ დაჭირდება – არ გააქტიურებს. ფაქტია, ამერიკა აპირებს, რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ახლა რუსეთთან მოლაპარაკებებიდან და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.”
კომენტარები