ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს და იმედთან ამბობს:
„ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ… ნუ ალბათ აი ესეთ ცინიკურ ფაქტთან გვაქვს საქმე, ხო ანუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერზე, გადაყირავდა და თავდაყირა დადგა ფაქტიურად ყველა პრინციპი თუ ღირებულება რომელიც წესით დასავლეთს ამოძრავებდა”
ცნობისთვის, ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ამ სიაში შეყვანილ პირებს გაუყინავენ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებს, ასევე, მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა.
დიდმა ბრიტანეთმა ამ სიაში შეიყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს, ასევე გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს.
სანქციების პაკეტში აღნიშნულია, რომ შალვა ბედოიძე პასუხისმგებელია ისეთ ქმედებაზე, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას, კერძოდ, ეს უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელისგან დაცვის უფლების დარღვევას. აქვე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობას უწევდა საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
მირზა კეზევაძეზე აღნიშნულია, რომ პროტესტების დროს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპოლიციო დეპარტამენტის ძალებმა იძალადეს მოქალაქეებზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, ხოლო კეზევაძე, როგორც გდდ-ის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო ამ პროცესის ზედამხედველობაზე.
რაც შეეხება კარლო კაციტაძეს, აღნიშნულია, რომ ის პასუხისმგებელი იყო წარემართა გამოძიებები ისეთ შემთხვევებზე, რაც უტოლდება ადამიანების სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა მან განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა.
გაბიტაშვილზე აღნიშნულია, რომ ის პასუხისმგებელი იყო გამოძიება წარემართა და შესაბამისი სამართლებრივი დევნა დაეწყო იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს იძალადეს მოქალაქეებზე, ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა თუ ჟურნალისტებზე, თუმცა მან ეს პასუხისმგებლობა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა.
კომენტარები