აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ადუღებულია არაბული სამყარო. ასეულათასიანი მიტინგები ყველგან. განუსაზღვრელი მასშტაბის მძვინვარება და სიძულვილი; ეს საშინელი ენერგია რომ ტერაქტებში ტრანსფორმირდება მალე, ყველას ესმის ალბათ. და ეს მანამ, სანამ სახმელეთო ოპერაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა ღაზაში.ცეცხლზე ნავთი დაასხა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, როდესაც განაცხადა, რომ ისრაელში ჩავიდა როგორც ებრაელი. თუ ემოციებმა სძლია, ადამიანურად გასაგებია, მაგრამ როგორც დიპლომატი, მისი კარიერა დასრულებულია. ასეთ მომენტში სიტუაციას სჭირდებოდა უაღრესად გაწონასწორებული ობიექტური მედიატორი და არა წინასწარგანწყობით აჟიტირებული ადამიანი.ისრაელი ისევ სრულიად მუსლიმურ სამყაროს უპირისპირდება. ჯერ დავწერე რომ მხოლოდ არაბულს, მაგრამ ასე არ არის.როდესაც ოსმალებმა შუა ევროპაში საკუთარი სახელმწიფო დაარსეს სისხლითა და მახვილით, ქრისტიანული სამყარო შეეგუა წაგებას და აღარ უცდია შურისძიება. ამბავი დასრულდა. არაბული სამყარო არ ეგუება ისრაელთან მარცხს და იბრძვის ყველა ხერხით. მხოლოდ გონიერები ხვდებიან, რომ ამ ბრძოლის მოგება შეუძლებელია, რადგან მაშინ ან ერთი ერი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, ან მეორე.-უფრო გონიერი უფრო დამთმობია – ასე ღაღადებს ძველი აქსიომა. სიმართლეა?ღაზას ამჟამინდელი დილემა საზარელი, უპასუხო დილემაა. ამერიკა ვერ შეეკამათება ისრაელს, რადგან თავის დროზე ამერიკამ ორი ატომური ბომბი დაუშვა იაპონური ქალაქების თავზე საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის დასაზოგად და ომის სწრაფად დასასრულებლად. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ გაჰყვნენ სამურაების შთამომავალნი შურისძიებას. შეეშინდათ? ვერ დავიჯერებ. მინდა მჯეროდეს, რომ პერლ ჰარბორის მუხანათობა ჩათვალეს საკუთარ დანაშაულად და ამიტომ ჰიროშიმა-ნაგასაკი უდრტვინველად მიიღეს სასჯელად. ამის მერე კი შეძლეს სუფთა ფურცლიდან ახალი ცხოვრების დაწყება. სისხლმა ჩარეცხა ბოღმა.გაჰყვება არაბული სამყარო იგივე ფილოსოფიას? ვეჭვობ. შეიძლება რომ გონიერებაში შეეჯიბროს ერთმანეთს ორი უძველესი ერი და ორივე გადარჩეს?მაინც ერთერთს უფრო დიდი გონიერების გამოჩენა მოუწევს, რადგან ორივე ვერ მოიგებს.ძალიან გონიერი მედიატორი სჭირდება ამ პროცესს და ამერიკა ვერ მედიატორობს საუბედუროდ…
კომენტარები