გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
განსასჯელის სკამზე სხვებთან ერთად მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძეც სხედან.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით. რამდენიმე თვის წინ გარკვეულ მოწმეებზე ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
“უცხოეთში მყოფი ერთ-ერთი გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოწმეს შემოუთვალეს, რომ მორაგბეების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.”
საუბარია „კანონიერ ქურდ“ თემურ ჭურაძეზე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შოშიას“ მეტსახელით იცნობენ.
მორაგბეების ადვოკატი, ბექა ნემისიწვერიძე, თემურ ჭურაძის ცოლისძმაა გახლავთ, ადვოკატის მამა კი ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდი“ თემურ ნემსიწვერიძეა, მეტსახელად „წრიპაა“.
თემურ ნემსიწვერიძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობს და ბოლო ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
უცხოეთში ცხოვრობს მისი სიძე, თემურ ჭურაძეც, რომელიც ონიანი-ჯანგველაძის გავლენიანი კლანის წარმომადგენლად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ თემურ ჭურაძის მამა, რევაზ ჭურაძე 2012 წელს იტალიაში კრიმინალური დაპირისპირების დროს ჩაცხრილეს. ის ამანათების გადამზიდავ კომპანიას ფლობდა.
ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე, “პრაიმტაიმთან” ამბობს:
„პირველად მესმის, რომ ზეწოლის მცდელობა იყო. ჩვენებებს თუ ნახავთ, ვერ იტყვით, რომ ვინმეს სასარგებლოდ არის ეს ჩვენებები. აბსოლუტური ნონსენსია. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის ზეწოლას.
ჩემს საქმიანობაში ისინი [სიძე და მამა] არ ერევიან. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემს საქმიანობას ვახორციელებ ყველასგან დამოუკიდებლად. თქვან, მაშინ ვისზე მოახდინეს ზეწოლა. აბსოლუტური სისულელეა.
ჩემს საქმიანობასთან არავის აქვს კავშირი და ვერც ვერავინ ჩაერევა. ტყუილია. არამხოლოდ შაქარაშვილის საქმეში, არამედ საქართველოში რაიმე საქმეში მათ ჩარევას გამოვრიცხავ.
მამაჩემი 1985 წლიდან საქართველოში აღარ ცხოვრობს. მოქალაქეც არ არის. ვიღაცას უნდა ეტყობა ამ საქმეში მათი გარევა“
კომენტარები