ფოტო – The Guardian
ქაბულელი ახალგაზრდა ქალი ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის შემოსვლისა და დაჯგუფების მიერ ქალების სასტიკი მოპყრობის შესახებ უყვება.
„კვირას დილით უნივერსიტეტში მივდიოდი ლექციაზე, როდესაც ქალთა ჯგუფი საერთო საცხოვრებლიდან გაიქცა. ვკითხე, რა მოხდა და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ პოლიცია ქალების ევაკუაციას ახდენდა, რადგან თალიბანი სცემდა და სასტიკად უსწორდებოდა ქალებს ბურკების გარეშე.
ყველას გვინდოდა სახლამდე მისვლა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვისარგებლეთ. მძღოლები არ გვიშვებდნენ, რადგან მათ არ სურდათ პასუხისმგებლობის აღება ქალის გადაყვანაზე.
ირგვლივ მყოფი მამაკაცები დასცინოდნენ გოგონებსა და ქალებს, „წადით და ბურკა ჩაიცვით“ – ასე გვეძახდნენ.
ჩემმა დამ მრავალი კილომეტრი ირბინა სახლში მოსასვლელად.
ამდენი დღე და ღამე ვმუშაობდი იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ და დღეს დილით, როდესაც სახლში მივედი, პირველი რაც მე და ჩემმა დებმა გავაკეთეთ, დავმალეთ პირადობები, დიპლომები და სერტიფიკატები.
აღარ შემიძლია ხმამაღლა სიცილი, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი სიმღერების მოსმენა, ვეღარ შევხვდები ჩემ მეგობრებს ჩვენ საყვარელ კაფეში, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი ყვითელი კაბის ჩაცმა, ან ვარდისფერი პომადის გამოყენება, აღარ შემიძლია სამსახურში წასვლა ან უნივერსიტეტის დამთავრება.
სილამაზის სალონი, რომელიც გოგონების სურათებით იყო მორთული, ღამით გადაუღებავთ.
მომავლის ბევრი გეგმა მქონდა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა“
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო.
კომენტარები