“ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, დღეს აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
სანდრო ბრეგაძე „ალიას“ შეხვედრის დეტალებს ექსკლუზიურად უყვება:
-ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი და რა თემები განიხილეთ?
-ორივე მხარე. აზერბაიჯანის საელჩომ იცოდა, რომ გვსურდა მათთან რიგ საკითხებზე საუბარი. მიგვიღეს საკმაოდ მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში. განვიხილეთ ბევრი საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი თემა მაინც დავით გარეჯი იყო. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ – აზერბაიჯანული მხარე ბევრად არის დაინტერესებული ქართულ-აზერბაიჯანული თემების განხილვით და გადაწყვეტით, ვიდრე ქართული მხარე. იგრძნობა სრული მზადობა, დავით გარეჯის შესახებ საკითხის გადაწყვეტის, ძმური და მეგობრული და რაც მთავარია, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე.
-რა განიხილეთ დავით გარეჯთან მიმართებაში პირველ რიგში? თუ გითხრეს, საზღვრების დადგენამდე, რატომ დაიწყეს გზის გაყვანა, მაგალითად?
-ჩვენი თხოვნა იყო, გამოიჩინონ კეთილი ნება და სასულიერო პირებს მიეცეთ საშუალება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ეკლესია-მონასტრებში ილოცონ და განაგრძონ მოღვაწეობა.
–რა გიპასუხათ ბატონმა ელჩმა?
-ისინიც თავის მხრივ გაივლიან კონსულტაციებს აზერბაიჯანის მთავრობასთან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათგან დავინახე დაინტერესება და მზადობა რომ საკითხი გადაწყდეს ისე, როგორ შეეფერება ჩვენ ძმურ ურთიერთობას. უცნაური მოვლენასთან გვაქვს საქმე, როგორც მივხვდი, წლების განმავლბში საქართველოს ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ მოუცლია ამ საკითხის განსახილველად აზერბაიჯანულ მხარესთან! მაშინ, როცა ნამდვილად არსებობს აზერბაიჯანის მხრიდან იმის მზაობა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო გაურკვეველი საკითხები, ვგულისხმობ ყველა შესაძლო მოვლენას, რაც მოხდა, ან შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა დმანისში, მარნეულში, ვნახეთ გადაჭრილი ჯვრები და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე მუსულმანი, განსაკუთრებით რამადანის პერიოდში, ჯვრის გადაჭრას არ იკადრებს – ეს იყო პროვოკაცია.
-შეიძლება მსგავსი პროვოკაციები სუს-ის გარეშე მოხდეს?
-არგუმენტების გარეშე რთულია თქმა და ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ უფრო უცხო ქვეყანა მგონია ჩარეული, არსებობენ უცხო ქვეყნების ექსპტრემისტული ჯგუფები, რომლებიც, შესაძლოა, ყველა კონტროლიდან იყვნენ გასულები. ასეთი ჯგუფები თანაბრად უქმნიან საფრთხეს საქართველოს და აზერბაჯანის ეროვნულ ინტერესებს. აზერბაიჯანის ელჩთან მქონდა ადეკვატური საუბარი და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, ბევრ ქართველზე მეტად იყოს შეყვარებული საქართველოზე.
-აზერბაიჯანში ჩასულმა პრემიერმა თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხი უნდა გადაწყდეს ძმურად და მეგობრულად, ახლა თქვენც იგივეს მეუბნებით და ანუ, ის რუკა, რომელზედაც ამდენს საუბრობს ხელისუფლება, არაფერ შუაშია? ვერ გამოვიყენებთ?
-პრემიერის ვიზიტი ბაქოში რა შედეგით დასრულდა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, პრემიერი ღარიბაშვილი არ დაიშურებდა ძალისხმევას დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისათვის, მე ვიცი ირაკლი ღარიბაშვილის განწყობა, ვიცი, როგორი დაინტერესებულია დავით გარეჯით. იგივეს ვერ ვიტყოდი მის გუნდზე, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანზე, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავით ტკბობითაა დაკავებული, ასევე, იგივეს ვერ ვიტყვი საპარლამენტო გუნდზე. გინახავთ ერთხელ მაინც, მმართველი გუნდი ჩასულიყოს აზერბაიჯანში და მეობრულად ესაუბროთ აზერბაიჯან კოლეგებთან ამ თემაზე? თუ დავით გარეჯის საკითხს ისევ მეასეხარისხოვნად დავაყენებთ, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. რაც შეეხება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, მე დარწმუნებული ვარ მათ დანაშაულში, თუმცა, ნამდვილად არ უნდა დავიყვანოთ ილიჩოვას და მელაშვილის დონემდე დავით გარეჯის პრობლემა.
-ღარიბაშვილი თუ ასე დაინტერესებულია დავით გარეჯით და საგარეო საქმეთა მინისტრი – არა, შეცვალოს მინისტრი, ხომ შეუძლია? თუ საკუთარი გუნდი არ ემორჩილება, მაშ, როგორ აპირებს რამის გადაწყვეტას?
-მე ეს ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც მითქვამს, რასაკვირველია, მისი მთავრობის უმოქმედობაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. სააკაშვილმა გაყიდა დავით გარეჯიო და დარწმუნებული ვარ, რომ მოინდომა მართლაც სააკაშვილმა ეს, მაგრამ ბეჭედს უსვამს ამჟამინდელი მმართველო. შესაბამისად, პასუხისმგებელი იქნება, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლება. მე რომ დამენახა, რომ აზერბაიჯანული მხარე არ არის დაინტერესებული პრობლემის მოგვარებით, პირდაპირ ვიტყოდი ამასაც ღიად. მაგრამ, ვერ ვხედავ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს საკითხის განხილვის და გადაწყვეტის მზაობა არ ჰქონდეს, შესაბამისად, მე პრეტენზია მაქვს ჩემი ქვეყნის ხელისუფლებასთან. 21-ე საუკუნეა, დამოუკიდებლები ვართ თითქოს და სინამდვილეში ჩვენ გავხდით მილიონრების ფულის მძევლები, მოსამსახურე პერსონალი. ზოგ მთავრობას ანტირუსულს უწოდებენ და ზოგს ანტიამერიკულს, მაგრამ სინამდვილეში, ყველანი დაკავებულნი არიან კაპიტალის დაგროვებით და სად აგროვებენ ამ კაპიტალს – სხვა ქვეყნებში! მოვიდა გორამდე რუსი, აფხაზეთზე საერთოდ აღარავინ საუბრობს, ქმედებას ვინღა ჩივის, საუბარიც შეწყვიტეს აფხაზეთზე, უნდათ რომ დაგვავიწყდეს.
-როდისთვის დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა? რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?
-ჩვენ ველით ჩვენ მეგობრულ თხოვნაზე პასუხს, მოგახსენეთ ზემოთ, ვთხოვეთ ბატონ ელჩს, ქართველ სასულიერო პირებს მიეცეთ საშუალება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ყველა ეკლესია-მონასტერში ილოცონ – იმედია, მალე გვექნება პასუხი და იმედია, მალე, არამხოლოდ სასულიერო პირს, ყველას შეგვეძლება დავით გარეჯში ჩასვლა მოსალოცად, შეგვეძლება ექსკურსიების მოწყობა და ა.შ.
-შეგვეძლება მოსალოცად ჩასვლა და ორივე მხარე გააკონტროლებს, თუ შეგვეძლება ჩასვლა და აზერბაიჯანული მხარე გააკონტროლებს? დავიბრუნებთ, თუ მოსალოცად ჩავალთ?
-მე არ ვარ ქვეყნის მეთაური, არ ვარ, გადაწყვეტილებების მიმღები პირი. მე, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილად მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, დავით გარეჯი არის ქართული, ისტორიულ-კულტურული ძეგლი და მისი საკითხი გადაწყდება ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმური და მეგობრული ურთიერთობის შესაბამისად, და მეორე, რაც ასევე დარწმუნებით შემიძლია, არის ის, რომ აზერბაჯანული მხარე ნამდვილად დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენ ერებს, ჩვენ ქვეყნებს შორის არ არსებობდეს გადაუჭრელი საკითხი.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები