ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის.
მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაახლებს მუშაობას კანონის შესაბამისად, თუმცა პროცესი გამარტივებულად და დისტანციურად განხორციელდება. ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება:
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქის პორტალით my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტით info@nbe.gov.ge მიიღებს/დაარეგისტრირებს და დაიწყებს წარმოებას ნებისმიერი ტიპის მომსახურებაზე, მათ შორის: სააღსრულებო წარმოება; გამარტივებული წარმოება; გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და სხვა.
საქმისწარმოება დაიწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. მისი წარმოდგენა კრედიტორს საგანგებო მდგომარეობის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ფარგლებში ევალება. დოკუმენტაციის სიყალბის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ პირს;
სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების შეფასება და აღწერა-დაყადაღება მოხდება გარეგანი დათვალიერებით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით;
ამავდროულად, პრეზიდენტის დეკრეტით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ფარგლებში შეჩერდა რიგი სააღსრულებო პროცედურები, მათ შორის:
ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა;
სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეების (გამოსახლება) იძულებითი წესით აღსრულება;
იმ მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელიც განთავსებულია მოვალის საცხოვრებელ ფართში ან შესანახად ჩაბარდა მოვალეს ან სხვა პირს.
გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება/გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე;
აღსრულების ქვემდებარე აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევა და კრედიტორისთვის გადაცემა;
„ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო დისტანციურად, თუმცა კიდევ უფრო ეფექტურად ჩართვას პროცესში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურსა და სოციალურ მუშაკებს. თითოეულ სააღსრულებო წარმოებაში, ინდივიდუალურად გაგრძელდება მხარეთა შეთანხმება და საქმის მორიგებით დასრულება.
გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს სატელეფონო კონსულტაცია. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ნებისმიერი კითხვით დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან ფეისბუქ გვერდზე აღსრულების ეროვნული ბიურო“- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები