„თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც 6 ადამიანის, მათ შორის 4 მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პატრიარქმა ოჯახის წევრებს გამძლეობა უსურვა და აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე ტრაგედიების დროს მწუხარების გამოსახატად ყველანაირი სიტყვა უფერულდება.
„3 თებერვლის ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.
აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის, – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, – ქალბატონ მატულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესონ იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.
თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.
გამხნევდით და გაძლიერდით.
ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელობამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“
კომენტარები