ტელეჟურნალისტი ვახო სანაია დემნა გვასალიასთვის საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე:
“რადგან დღეს დემნა გვასალიაზე ვსაუბრობთ, ესეც უნდა გავიხსენოთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, აგვისტოს ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.
დემნა გვასალია მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ,,უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის” სახელმწიფო ორდენი გადაეცათ.
ამასთან, გვასალია პლატფორმის United24 -ის ელჩიცაა. მაშინ ზელენსკიმ დემნა გვასალიას მადლობა საჯაროდ გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ტექსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა :
BALENCIAGA-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით.
მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ – დაწერა ზელენსკიმ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დემნა აფხაზეთიდან დევნილია. გავიხსენოთ მისი გამოხმაურება უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე :
“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის, რაც ყოველთვის შენში რჩება.
ამ კვირას ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა თითქმის 30 წლის განმავლობაში.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობისა და სიყვარულის გამარჯვებას!”

კომენტარები