თამო კეშელავა, ალია
„ალია“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.
– ოპოზიციის წევრები, რომლებიც ამჟამად უკვე პარლამენტში არიან, ახლა ამბობენ, თუ „ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეასრულებს, ისევ გავალთ პარლამენტიდან და ბოიკოტს გავაგრძელებთო.
– არ იცოდნენ, რომ დაარღვევდა ოცნება? აბა, პოლიტიკოსი რატომ გქვია? მან უნდა იცოდეს, რა მოხდება. არ ვყვიროდი მე? რომ გამართეს საიდუმლო სერობები კელი დეგნანის თამადობით… იმ ფორმატის გარეშე, რომელიც ამ გაერთიანებით შევქმენით, ოპოზიციას არავინ დაელაპარაკებოდა და ფეხებზე დაიკიდებდა ყველა. არც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოგვცემდა ვინმე – ეს რევოლუცია იყო ფაქტიურად და არც არავინ გამოუშვებდა პოლიტიკურ პატიმრებს! აი, ამით ივაჭრეს! და ბოლოს ხმა მისცეს იმას, რომ ჩვენ წაგვართვან კომისიის წევრი ცესკოში და პოლიტიკური საქმიანობა აგვიკრძალონ. ხმას მისცეს ამას ჩვენმა თანამებრძოლებმა, მოდი ახლა და ენდე ამათ! ამას კიდევ „ოცნება“ სჯობს, ვიცით, რომ არ ვუყვარვართ და ვეჯავრებით „ოცნებას“, ცდილობენ, რომ დაგვამხონ, მაგრამ ამათ ზურგიდან დაგვარტყეს.
– გვპირდებოდნენ, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და ცეცხლს დაანთებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ გასაქანს არ მისცემდნენ „ოცნებას“…
– ცეცხლი კი არ დაანთეს, დანთებული ცეცხლი ჩააქრეს პარლამენტში შესვლით. ერთი თვენახევარი რომ შეეკავებინათ თავი, ახალ არჩევნებს დაანიშნინებდა დასავლეთი ივანიშვილს, დამთავრებული იყო უკვე ივანიშვილის საქმე, გადაწყვეტილი იყო უკვე მისთვის სანქციების დაწესება. ვინ დაუშვებდა ერთპარტიულ პარლამენტს? უკვე მისული იყო საქმე ფინალამდე და კრიტიკულ მომენტში, ფაქტიურად გვიღალატეს… შალვა ნათელაშვილს და „ლეიბორისტულ პარტიას“ კი არ უღალატეს, თავის ქვეყანას და მომავალს უღალატეს.
– ელჩებთან შეხვედრებისას, იყო გარკვეული ტიპის ზეწოლა, პარლამენტში შესვლის მოთხოვნით?
– ელჩებისგან პირველ რაუნდებში სულ ზეწოლა იყო, რომ შევსულიყავით, სხვა არაფრის გაგონება არ უნდოდათ! დაინტერესებულნი იყვნენ… ივანიშვილს საკუთარი მამიდა ვერ გაუწევდა ეგეთ მამიდობას, ესენი რომ უწევდნენ, რა აჭამა ეგეთი, ვერ გავიგე. ამბობდნენ, რომ პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიციაში და არა ქუჩაში, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული… რომ ვეუბნებოდით, გააყალბა, ყალბი ოქმები დაწერა, ხმები მიითვისა, პროკურატურა, უშიშროება, ჯარი, პოლიცია, საარჩევნო პოზიციები გამოიყენა „ოცნებამ“ – ამას ისხლეტდნენ! გეტყვით რატომაც ისხლეტდნენ, თავადაც კარგად იცოდნენ რაზე ვსაუბრობდით, ამერიკის საელჩოს გარეშე ვერავინ ვერ გააყალბებს საქართველოში არჩევნებს, ჟვანიაც მაგათია, არასამთავრობოებიც, „ენდიაი“ და „აირაი“ მაგათია… ბავშვები ხომ არა ვართ? ამოვიდა ყელში ამდენი ექსპერიმენტი. ეს არის თავისუფლება? ასეთი „თავისუფლება“ მოდიოდა მოსკოვიდანაც!
– არჩევნები არ გაყალბებულა და სასამართლო სისტემა არ გივარგათო და ეგ როგორ? სასამართლო დებს ბოლო ვერდიქტს, ყველა ის ოქმი, რომელიც ცესკომ არ მიიღო, მიდის სასამართლოში და თუ ვიცით, რომ სასამართლოში კლანია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებები სანდო არ არის, ამ არასანდო გადაწყვეტილებებშია საარჩევნო ოქმებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც და მაშ, როგორ შეიძლება იმაში იყო დარწმუნებული, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?
– სიმართლე ისაა, რომ ქართველი ხალხი მარტოა, არ გვყავს არავითარი მოკავშირე, არც დასავლეთში და არც ჩრდილოეთში. ჩვენ თავს თუ არ მივხედავთ, თავად თუ არ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას, ვიცხოვრებთ მონებად, დასავლეთს ურჩევნია მმართველ ელიტასთან ჰქონდეს საქმე და არა ქართველ ხალხთან. მმართველ ელიტასთან ურთიერთობა აინტერესებს. კისერიც გიტეხიათ დანარჩენსო, გვეუბნებიან და რა გითხრათ.
– რას აპირებთ თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ამ ფორმით მართლაც შევა?
– მე, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას. არავის ეგონოს, რომ უკან დავიხიეთ, შეგვეშინდა, ჩავიჩოქეთ, ხელი ავიღეთ… რა იქნება, დავინახავთ. გამოგვყვება ხალხი და დაგვიდგება გვერდით – ხალხი გაიმარჯვებს და არა ჩვენ. არ დაგვიდგება და არ გამოგვყვება და სულ ასეთი დამხობილი იქნება საქართველო და აზრი არ ექნება ასეთი სახელმწიფოს არსებობას, მსოფლიო პოლიტიკურ ველზე!
– პარალელურად, ღარიბაშვილი 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციას აწყობს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება, მათი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირებებიც. როგორ შეაფასებთ, პრემიერის ათწლიან გეგმას?
– რეალურად, ეს არის ივანიშვილის გეგმა და გადაწყვეტილება, რომ კიდევ 10 წელი იბატონოს და მერე ბერას და უტას გადააბაროს ქვეყანა! ღარიბაშვილი ამის გამომცხადებელია, გუშინ სხვა იყო გამომცხადებელი, ვიღაცა ბახტაძე, კვირიკაშვილი, გახარია, ახლა ეს არის. ეს არის ტიპიური, უგვანო, მონარქიული დიქტატურა. ხალხი, რომელიც შეთქმულებებს უწყობდა აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ხალხი, რომელმაც სტალინი გააქცია აქედან, ამას როგორ ეგუება, გაუგებარია. ასე მგონია სხვა რეალობაში მოვხდვით.
– ხვალ, ზეგ შეიძლება წინა გამომცხადებელმა, გახარიამ შემოგითვალოთ, გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ „ოცნებასო“
– (იცინის) მე ისეთი ბედი მაქვს, ყველაფერი ჩემზე უნდა გადატყდეს. ვინც მერჩოდა და პარლამენტის გარეთ მტოვებდა ეს 20 წელი, მერე ყველა მე მომადგა.. არ ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ხომ უნდა ენდო თანამებრძოლს, თუნდაც დროებით? სტალინს და ჩერჩილს ომი ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ როცა დასჭირდათ ერთმანეთს მოკავშირეობა გაუწიეს და ნაციზმი დაამარცხეს. პოლიტიკის წესია ესეც. თანამებრძოლმა ზურგში არ უნდა ჩაგარტყას დანა.
– ვინ არის ამჟამად თქვენი საიმედო პარტნიორი?
– ალბათ, ისინი, ვინც არ მისცა პარლამენტში ხმა ჩვენი „აკრძალვის კანონს“… „ჩვენი აკრძალვის“ კანონს მხარი დაუჭირა „მიშელის ფრაქციამ“, გახარიას პარტიამ, რესპუბლიკელებმა, ელისაშვილებმა, გირჩმა…
– ელოდებით ვადამდელ არჩევნებს?
– ვადამდელი უნდა იყოს, წესით, მაგრამ ახლა ისე მიდის საქმე და ისეა ეს ოპოზიცია დაჩმორებული, შეიძლება ითქვას, რომ ეს („ოცნება“) ისევ გააყალბებს შემოდგომაზე არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გარეთ გამოსასვლელად, რათა უკვე ნამდვილად ქუჩაში დავწეროთ ისტორია. ამისთვის უნდა დავიწყოთ მზადება, თორემ, ამ ოპოზიციის პარლამენტში ბრძოლის იმედად ყოფნა სისულელეა.
“ალია” შეგახსენებთ, პარლამენტმა ხმა მისცა მესამე მოსმენით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი რეალობით, „ლეიბორისტულ“ პარტიას შეუჩერდება დაფინანსება, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება და ასევე, ცესკოში აღარ ეყოლება წარმომადგენელი. კანონი 2022 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი მოსმენის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირი-ში გააგზავნა და მარტში პასუხიც მიიღო. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პოლიტიკური პარტიების (და არა ინდივიდუალური დეპუტატების) სანქცირებას დისპროპორციულ ზომად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შეუსაბამობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს.
„ასეთი ფართო სანქციები პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წევრი არცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობაში არ მოიძიება”, – ნათქვამია დასკვნაში.
კომენტარები