„ალიას“ საფრანგეთში მცხოვრები, “რადიო ფრანსის“ ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ესაუბრება.
– ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზეა ჩამოკიდებული, ამ დროს მთავრობამ აგვისტომდე აკრძალა ტურისტების შემოსვლა საქართველოში. ამათ რომ ჰკითხო, გადაჰყვნენ ტურიზმს, მასზე მიბმულ ბიზნესებს, ვითომ ეხმარებიან და რაღაც საგადასახადო შეღავათებს უწესებენ. რეალურად კი ახრჩობენ.
– სიმართლე გითხრა, მართლა მეამაყება, რომ საქართველო იმ 14 ქვეყანას შორის მოხვდა, ვისაც ევროკავშირმა გაუხსნა პირველს საზღვრები და საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ექიმების დამსახურებაა, ყველასი, ვინც ვირუსთან ბრძოლაში, პროცესების მართვაში იყო ჩართული.
ამის საპასუხოდ რა გააკეთა ჩვენმა მთავრობამ? შეაჩერეს ფრენები, ჩაკეტეს ქვეყანა. გაეკეთებინათ ისე, როგორც ევროპის ქვეყნებშია, ნებისმიერ ჩამომსვლელს სწრაფი ტესტი გაუკეთონ, სხვა სახის ტესტებიც, რაც შესაძლებელია, გაეფილტრათ ის ტურისტები, შეექმნათ ეს ინფრასტრუქტურა და ამოისუნთქებდა ცოტა ხალხი, სასტუმროების ბიზნესი, რესტორნები, კაფე–ბარები, მათზე მიბმული პატარ–პატარა ბიზნესები, ამუშავდებოდა ეს ბიზნესები, გავიდოდა ხალხი სამსახურებში. იმ სასტუმროებს, კვების ობიექტებს რომ კრედიტები აქვთ აღებული, იმ კრედიტებს ვინ გადაუხდის? უმუშევრად რომ ზის სახლში ხალხი, იმ ხალხს, იმათ ოჯახებს ჭამა არ უნდათ? ამათი თვეში 200 ლარიანი დახმარება ეყოფათ?
გაიძახიან, არ აპირებენ ევროპელი ტურისტები ჩამოსვლასო. გახსენი საზღვრები და მერე ვნახოთ, ჩამოვლენ თუ არა. შენ რა იცი, მოდიან თუ არა? რა, კვლევა ჩაატარე მთელ ევროპაში? კაი, ევროპელები არ ჩამოვლენ, მაგრამ ჩვენს ემიგრანტებს რატომღა ჩაუკეტეს გზა და დატოვეს „აირზენას“ ჩარტერების ამარა? ახლა მაგ ავიაკომპანიას უნდა გადაუხადონ ათმაგი ფასი. ყველა ვერ შეძლებს ამას. ჩამოვიდოდნენ ემიგრანტები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სასტუმროებში არ იცხოვრებდნენ, მაგრამ საქართველოში არ დახარჯავდნენ ფულს? ჩვენს რესტორნებსა და კაფეებში არ ივლიდა ის ხალხი და ჩვენს სუპერმარკეტებში არ იყიდდნენ სასმელ–საჭმელს, ევროპიდან ხომ არ ჩამოიტანდნენ? ქართულ ბიზნესს არ შეეხიდებოდა მათი დახარჯული ფული? შესაბამისად, ეკონომიკასაც.
გერმანიის მოქალაქეები ჩარჩნენ სხვა ქვეყნებში პანდემიის დროს და ახლა დაიწყეს სამშობლოში დაბრუნება. გერმანიის მთავრობამ, ამ ხალხს, 200 ევროდან 1000 ევრომდე დაუფინანსა მგზავრობა უცხო ქვეყნებიდან. ჩვენთან ეს თამაზ გაიაშვილი დაგვაჯდა მახრჩობელასავით, სხვა ავიაკომპანიებს არ აკარებენ ჩარტერულ რეისებს, მარტო „აირზენას“ მისცეს უფლება ჩარტერებისა. წეღან ვნახე, ვენა–თბილისის რეისია დანიშნული 5 ივლისს და 400 ევრო ღირს ბილეთი. პარიზი–ტორონტო, ორი გზა ჯდება 480 ევრო, საფრანგეთიდან კანადაში გაფრენა და გადმოფრენა და ამათ ავსტრიიდან საქართველოში 400 ევროდ ჩამოჰყავთ ხალხი, ერთი გზა მხოლოდ. უნამუსობაა, აბა, ეს რ არის? რატომ აუკრძალეს იაფფასიან ავიაკომპანიებს ჩარტერული რეისები? გაგვცენ ამაზე პასუხი, ქვეყანა ხალხია ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან ჩამოსასვლელი. ვინც ევროპაში მუშაობს, იმ ხალხს ივლისისთვის, აღებული ჰქონდა ბილეთები იანვარში, ჩამოსასვლელად და შვებულების გატარებას საქართველოში აპირებდნენ. იმ ხალხს ის ბილეთები გაუუქმდათ და ახლა იძულებულნი არიან, „აირზენას“ ძვირი ბილეთები იყიდონ და ისე ჩამოვიდნენ მანდ და ალბათ, უკან წასვლაც, ამავე ავიაკომპანიის რეისებით მოუწევთ, თუ არ გაიხსნა მანამდე ფრენები.
ასეთი უთაობა არ გამიგია, მართალი გითხრა. ჩაიციკლნენ ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, სისულელეებს რომ აკეთებენ და ეუბნები, რომ სისულელეა და სწორ გზას უჩვენებ, შეუსწორებ, მტრად გაცხადებენ. მტერი არ ვარ, მოყვარე ვარ, შე მამაცხონებულო და მეც დამიგდე რა, ყური.
ლევან ჯავახიშვილი, ალია, №22
კომენტარები