ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია აირზენა ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებლად ყიდის:
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში. მოვუწოდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები”
მან, ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზეა განთავსებული.
წყარო – on.ge
ძალიან სამწუხაროა, გამოდის აირზენა სრულად ფლობს საქართველოს საჰაერო სივრცეს, თუ შეუთანხმებელი რეისების შესრულებაც შეიძლება…
ძალიან სამწუხაროა, საქართველოს ხელისუფლება ახლა გვეუბნება რომ საქართველოს საჰაერო სივრცის მართვაზე წვდომა არა აქვს და ვერც აღიდგენს – ეს ჩვენ უნდა შევამოწმოთ, თურმე, საიტზე…
და აირზენას თუ არა აქვს უფლება, შეუთანხმებლად აწარმოოს ფრენა, როგორ დაფრინავს და თუ აქვს მართლა ასეთი ექსკლუზიური უფლება – საიდან?
და ეს უკვე მერამდენედ ხდება, მედიის საშუალებით რომ კონკრეტულ კომპანიებს მოუწოდებთ და მერე მედიას ეტყვით, რას ერევი, აწი აღარაა შენი საქმეო, ან უარესი – ფეიკია, მედიამ მოიგონაო, განაცხადებთ – რა უნდა მოგიგონოთ, ქალბატონო მინისტრო, ბილეთების ფასი არ ვიცოდითო, ჩვენგან გაიგეთ, შეუთანხმებელი რეისებით დადის “აირზენაო” – და ამის მერეც არ გადიხართ პირდაპირ კომუნიკაციაზე, მე მაბარებთ აირზენასთან – საფოსტა მარკაც მოგვაკარით ხოლმე, უფრო მალე მოვიტანთ თქვენ წერილს – ან მოადგილე არ გყავთ, ან პიარი, ან ვინმე დამხმარე, დარაჯიც არ გყავთ, ქალბატონო მინისტრო? დაზღვეული წერილი გააგზავნეთ და ბიუჯეტიდან გადაიხადეთ მაგის ფული.
ჩვენ დანაბარების მიტანა კი არ გვეზარება, მივიტანთ, მაგრამ…
სად ეს გაფუჭებული ტელეფონი და სად რომ დაწერთ წერილს, ხელს მოაწერთ, განცხადების ნომერს დააწერთ, ბეჭედს დაარტყამთ და მოითხოვთ პასუხს…
თუ არ შეგიძლიათ კიდევ პასუხის მოთხოვნა და თუ არ გაქვთ კონტროლი საქართველოს საჰაერო სივრცეზე, თუ არც ფრენაა შესათანხმებელი და არც ფასი იმ ერთადერთ კომპანიაზე, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცით – თქვით…
თუ არადა, ვიღებთ ფურცელს, ზემოთ ვაწერთ გამგზავნი პირის მონაცემებს, თარიღს, ნომერს, მერე ვწერთ ტექსტს – დაახლოებით ეგრე, გთხოვთ, მაცნობოთ ამა და ამ რიცხვის ამა და ამ საათზე, რატომ განახორციელეთ შეუთანხმებელი რეისი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზამ ამას და ამას (ნუ, რაც შეგიძლიათ), აწერთ ხელს და არტყამთ ბეჭედს. იღებთ კონვერტს, დებს შიგნით წერილს, ენის გასმა აღარ უნდა კონვერტს, მაინც პანდემიაა, ვაწერთ მიმღების მისამართს და ვაგზავნით…
აი, განსხვავებით “აირზენასგან” wizz air-ს პირადად ეკონტაქტეთ და როგორც დღეს განაცხადა, ნება არ დართეთ ფრენა აწარმოოს, ვზივარ უმუშევრად და საქართველოს მთავრობისგან მითითებებს ველოდებიო თქვა, ისიც დაამატა, ალბათ, კიდევ ერთი წელი არ მომცემენ რეისების შესრულების უფლებასო.
ხო, wizz air-ს კი აქვს ერთი ნაკლი – ბილეთის ფასია დაბალი!
ბატონო პრემიერო, ჯერ ისევ თქვენ ხომ ხართ მინისტრთა კაბინეტის მეთაური?
კომენტარები