საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებას ავრცელებს.
“ალია” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებას ვაუწყებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუის-ურბნისის სამიტროპოლიტოს ეკუთვნის „სამონაზვნე მორჩილი“ გიორგი კოკოლიშვილი, არის სიცრუე და ეპარქიისადმი მიზანმიმართული ცილიწამებლური კამპანიის ნაწილი. ხსენებული ახალგაზრდა სტუმრის სტატუსით ნამდვილად იმყოფებოდა ეპარქიის სხვადასხვა მონასტერში, მისდამი იყო გამოხატული კეთილგანწყობა და სულიერი მზრუნველობა. ვადასტურებთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის სასულიერო და სამონაზვნო ხარისხის მქონე და არ ირიცხება რუის-ურბნისის ეპარქიის სამღვდელო ან სამონაზვნო დასში. ასევე საზოგადოებას ვაუწყებთ, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო დასის წევრი არ არის დიმიტრი მგალობლიშვილი, რომელიც საზოგადოებას ეცნობა „მღვდელმონაზონი დიმიტრის“ სახელით და ეწევა თვითმარქვიულ საქმიანობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემოთ ხსენებული პიროვნებები მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და საზოგადოებას ეცნობიან ჩვენი ეპარქიის სახელით. დასასრულს, გვსურს შევახსენოთ საზოგადოების მცირე ნაწილს, რომელიც ხშირად ჩვენი ეპარქიისადმი გამოირჩევა ცილისმწამებლური განცხადებებით, თითქოს ეპარქიის სასულიერო დასში ირიცხებიან არასრულწლოვანი პირები, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ხშირ შემთხვევაში მავნებლური ანტიეკლესიური პროპაგანდის ნაწილი, რადგან სამიტროპოლიტოს ფარგლებში არ ირიცხება კლიროსის ან სამონაზვნო დასის არცერთი წევრი, რომელიც არ არის სრულწლოვანი და არა აქვს შესაბამისი სულიერი გამოცდილება სამონაზვნო ცხოვრებისა. პრევენციის მიზნით, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი არ შევიდეს შეცდომაში, ვავრცელებთ აღნიშნულ ინფორმაციას და მოვუწოდებთ ამ ორ პიროვნებას, რომ დროულად შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შეინანონ თავიანთი საქციელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები