ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება დაგამშვიდოთ ამ ამბავმა, მაგრამ 1-ლი ოქტომბრიდან ლარის კურსი თუ არ დაიწევს, ერთ ადგილზე მაინც გაჩერდება. ჰო, მანამდე შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 3.50-ან ნიშნულს გაუთანაბრდეს, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც „ზემოდან“ გვითხრეს, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ექსპერტებს რომ ვკითხეთ, იმ ექსპერტებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, ყელაფერი აუცილებლად დასტაბილურდებაო, კულუარულად გაგვანდეს, რომ ახალი ბიუჯეტის შედგენისას, კურსს 4.00-ზე გაითვალისწინებენ, ანუ მოლოდინი იმისა, რომ ლარის კურსი წელს თუ არა, გაისად 4.00 გახდება, რეალურად არსებობს. მიზეზი მარტივია – საყოველთაო პანდემიის პირობებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება გამორიცხულია, ამას დაუმატეთ ისიც, რომ საქართველოში მოქმედი ბრენდული მაღაზიები ბაზრიდან გადიან და ეს ყველაზე კარგად წლის ბოლოს გამოჩნდება, როცა ხელშეკრულებები ამოეწურებათ და მათ უბრალოდ, აღარ გააგრძელებენ. ეს მხოლოდ ბრენდული მაღაზიების გასვლას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ფართის გამქირავებელი ქართველებიც შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ტურისტულმა ბიზნესმა თავისი ზარალი ხომ ნახა და პარალელურად, ამ მიმართულებაზე ჩამოკიდებულ-გამოკიდებული ყველა ობიექტი დაზარალდა. ოფიციალური დათვლით, შარშან, ამ დროსთან შედარებით, ბანკომატებიდან უცხოური საბანკო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა მილიარდი ლარით ნაკლებია. ანუ, ბანკომატებიდან მილიარდი ლარით ნაკლები მოიხსნა, ცალკე თემაა მეორე მილიარდი, ანუ ის, რომელიც სასტუმროს და კვების ობიექტების მეპატრონეებმა არ მიიღეს და ერთ წელიწადში, მოსახლეობის ჯიბეში წასასვლელი 2 მილიარდი საქართველოსთვის ძალიან ბევრი კი არა, კატასტროფული მაჩვენებელია.
ისიც გემახსოვრებათ, ბანკებმა „კეთილი ნება“ რომ გამოიჩინეს, აქაოდა, მოსახლეობა გადახდის უუნაროა და ამიტომ, სამი თვის განმავლობაში, ბანკში შემოსატან თანხებს ნუ გადაიხდიან, გადავუვადებთო. გადავადება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ბანკებმა ხმამაღლა და გამოთქმით არ თქვეს, რომ სამი თვის პროცენტი მაინც დაირიცხებოდა და დარჩენილ დროზე გადანაწილდებოდა. შესაბამისად, ახლა მოსახლეობას გაზრდილი ვალის გადახდა უწევს, მაგრამ ესეც არაა მთავარი. მთავარი ის გახლავთ, საიდან უნდა გადაიხადონ ადამიანებმა თანხები? ამ სამ თვეში ბიზნესი ამუშავდა, სამუშაო ადგილები მოგვემატა, ყველაფერი გაიხსნა თუ პირიქით? პროგნოზის გაკეთება ძალიან ადვილია – მალე ბანკები დაყადაღებული სახლებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი გახდებიან, მაგრამ საკითხავი ის არის, ამ ქონებას მერე ვინ იყიდის, რამეთუ რეალურად, დიდ ბიზნესმენებსაც ძალიან გაუჭირდათ, ამაზე დიდი რაღა გინდათ, კაზიონებმა, რომლებიც დღემდე დახურულია, თანამშრომლებს ხელფასები შეუწყვიტეს (უმრავლესობამ, თავიდანვე უხელფასოში გაუშვა) და იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტ-კაზიონებით მილიონებს აკეთებენ, თანამშრომლებისთვის 300 თუ 400 ლარის გადახდა არ სურთ.
„ყველაფერთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება საქართველოს საგარეო ვალი. ჰო, ყოველდღიურად, რადგან პანდემიის პირობებში, მოვითხოვეთ ვალების გადავადება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ავიღეთ დამატებითი ვალები და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ფული პანდემიისთვის საბრძოლველად იმ ეტაპზე საჭირო არ იყო. ამიტომ, თანხები ინფრასტრუქტურული პროეტებისკენ მიმართეს. შესაბამისად, ახლა, როცა პანდემიამ ისევ შემოგვიტია, ფული აღარ არის, ახალი ვალის აღება გამორიცხულია, რადგან დიდია შანსი, სახელმწიფო ბანკროტად გამოცხადდეს და იგივე დაგვემართოს, რაც საბერძნეთს. ამიტომ არის, ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვას რომ გამორიცხავს, არ არსებოს სახსრები, რომ ჩაკეტილი მოსახლეობა შეინახოს. რაც შეეხება აჭარაში შემოღებულ შეზღუდვებს, ეგ ცალკე თემაა. ჯერ ერთი, ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყველაზე მეტად აჭარაში მოეშვა სიტუაცია, ტურისტებიც ბევრი ჩავიდა, ძირითადად ადგილობრივები და პანდემიის აფეთქებამაც არ დააყოვან. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, იქ შეზღუდვები კატასტროფულად არ შეფასდება, რადგან მოსახლეობამ ასე თუ ისე, ტურისტულ სეზონზე გარკვეული შემოსავალი მიიღო“, – გვეუბნება „ოცნების“ ექსპერტი.
მისივე თქმით, სესხების დედოლარიზაციამ და სესხებზე უცხოურ ვალუტაში გაცემაზე ვეტოს დადებამ, ლარი მინიმუმ 0.50 თეთრით გააუფასურა, ანუ გაუფასურების ეს წილი სწორედ ამ კონკეტულ გადაწყვეტილებაზე მოდის. საქმე ისაა, რომ დოლარში აღებული სესხი ძირითადად ბაზარზე გადიოდა, ანუ მსესხებელი მისდაუნებურად ახორციელებდა დოლარის ინტერვენციას, საერთო ჯამში კი, წლიურად, სოლიდური თანხა გამოდიოდა. ახლა, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების ძირითადი ნაწილი ბანკების საცავებში მიდის, ანუ მოსახლეობაში არ მოძრაობს და ნაკლები ეფექტიც ამიტომ აქვს. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ხელისუფლება არ განიხილავს სესხების დოლარში გაცემის დაბრუნების შესაძლებლბოას, რადგან მიაჩნია, რომ ამით ლარზე მოთხოვნას ზრდის. რეალურად კი, მოთხოვნა სწორედ უცხოურ ვალუტაზეა, რადგან ის აღარ არის ხელმისაწვდომი.
„არავისთვის არ არის დასამალი, რომ პანდემიამ ხელისუფლებას რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელებაში შეუშალა ხელი. ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრესი არა, ყაზბეგში, რუსეთის საზღვართან, პატარა ქალაქის მშენებლობა იყო – ჰო, სწორედ ქალაქის, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით, სასტუმროების ქსელით, ყველა ინფრასტრუქტურით. ყველაფერი დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდებოდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, თუმცა, ეს არ იქნებოდა საქველმოქმედო პროექტი, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი, კომერციული ბიზნეს-პროექტი. აშენებულ სახლებში გაიყიდებოდა ბინები, სასტუმროებს შეიძენდნენ ტურიზმში ჩართული პირები, ცალკე იქნებოდა კვების ობიექტები და გასართობი ცენტრები. ამ ყველაფერს ერთმანეთზე, მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიციის ეფექტი ექნებოდა და არამარტო ეროვნული ვალუტა გამყარდებოდა, არამედ სამუშაო ადგილებიც შეიქმნებოდა და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნებოდა ფინანსური სტაბილურობის მყარი საფუძველი, რაც ასე ძალიან აკლია ქვეყანას და სწორედ ცუდი მოლოდინების გამოა, ვალუტის გაუფასურება მყისიერად რომ ხდება“,-გვითხრა „ოცნების“ მაღალჩინოსანმა.
ანი დვალიშვილი, ალია №35
კომენტარები