Wolt-ის კურიერების ნაწილი, რომლებმაც უწყვეტი პროტესტი დაანონსეს, “ვოლტის” ერთ-ერთ ოფისთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
“ახალი კურიერები აჰყავთ, უნდათ რომ ჩვენ ჩაგვანაცვლონ და აქ მოვედით, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და ვუთხრათ შემოგვიერთდნენ, სანამ ჩვენი პრობლემები არ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან ისინი ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან”, – ამბობს გიორგი მამალაშვილი, “ვოლტის” კურიერი 2018 წლიდან, რადიო თავისუფლებასთან.
პროტესტში მონაწილე კურიერების ჩასანაცვლებლად ახალი კადრების აყვანას უარყოფენ “ვოლტში”. კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსგავს გასაუბრებებს პერიოდულად მართავენ, მათ შორის ჩატარდა რამდენიმე თვის წინაც.
კურიერები კომპანიისგან ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირებას და Wolt-ის ხელმძღვანელობასთან კოლექტიურ შეხვედრას ითხოვენ. უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ისინი “საინფორმაციო კამპანიებს” ატარებენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან.
Wolt-ის კურიერების ნაწილმა აპლიკაციის გათიშვის და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება 29 მარტს, კურიერთა კონფერენციაზე მიიღეს.
30 მარტს ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაფიცული კურიერების მხრიდან ადგილი აქვს სხვა, მოქმედ კურიერებზე ზეწოლას, მუქარას და შეურაცხყოფას, რასაც უარყოფენ კურიერები.
კომენტარები