თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დიდ ნაწილს პნევმონია აქვს.
მისივე განმარტებით, ზოგის შემთხვევაში საშუალო, ხოლო ზოგთან მძიმე სახის პნევმონია ვლინდება.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხოლო ოთხი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს.
„ამ ეტაპზე გვიწევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან დიდ ნაწილს პნევმონია აქვს. პნევმონიებს შორის ერთი გვყავს კრიტიკული როგორც იცით, რომლის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ არის მიღებული. გვყავდა ოთხი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც უკვე სტაბილურია და დაგვემატა გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი კიდევ მძიმე პნევმონიით. დანარჩენი 22 პაციენტში არის საშუალო სიმძიმის პნევმონია. საშუალო იქნება, თუ მსუბუქი, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ ვარიანტში გახდეს მძიმე, ვიმედოვნებთ, ასე არ მოხდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, „გეფას“ დირექტორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„უბრალოდ, ტესტირებით ველოდებით ორ უარყოფით პასუხს“ , – დასძინა ეზუგბაიამ.
კომენტარები