შემოსავლების სამსახურის ახალი განაწესით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, გამოდის, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ,,რეზონანსთან“ საუბრისას კრიტერიუმებს უსამართლოს უწოდებენ სპეციალისტები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.
აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. ეს გულისხმობს, იმას რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება.
დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.
თუ აქამდე დასაქმებულს თვის განმავლობაში მინიმალური თანხა მაინც ერიცხებოდა, ის კომპენსაციას ვერ იღებდა; ცვლილებების შემდეგ კი, მაქსიმუმ 10 ლარის ჩარიცხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არაა, მაგრამ თუ მოქალაქეს 10 ლარზე მეტი ოდენობის ხელფასი ჩაერიცხა, ის 200-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს.
კრიტერიუმი ის კი არ უნდა იყოს ვის დავეხმაროთ, არამედ ის, ვის არ დავეხმაროთ, – ასეთია ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის მოსაზრება. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ყველას, ვისაც წლიურ 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.
,,ხელისუფლება უნდა წასულიყო პირიქით, გამორიცხვის მეთოდით და კომპენსაცია უნდა მიღო ყველას, ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ასევე საჯარო მოხელეების გარდა. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პოლიტიკა. ძალიან მარტივი არითმეტიკით რომ წასულიყვნენ და ამ გამორიცხვის მეთოდს მიღმა არსებული ადამიანებისათვის ის 1.4 მლრდ რომ გაეყოთ დანარჩენ სეგმენტზე, თითოეულ ადამიანზე გამოვიდოდა 400 ლარი. ასე არ გააკეთეს და ახლა ადამინები ჩავარდნენ სიღარიბეში და ჩვენ ვერ ვეხმარებით“, – განუცხადა ირაკლი ყიფიანმა ,,რეზონანსს“.
უსამართლოდ მიიჩნევს, პრინციპს, რომელითაც სახელმწიფო თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებს ეხმარება, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი. მისი აზრით, ყველა დახმარება უსამართლოდ არის გადანაწილებული.
“საკითხავია, რატომ ხდება ასეთი ნელი ტემპით დახმარების მიმღებ პირთა წრის გაფართოება მაშინ, როცა ჩვენ უკვე დიდი ხანია შესულები ვართ ღრმა კრიზისში? თვეზე მეტი გავიდა, რაც ეკონომიკა 16.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა 90-იანი წლების მერე არ გვქონია. ბოლო ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და პრობლემაც ესაა, რომ ცდილობენ თავიანთი ჭკუით ტექნიკური საკითხების ისე მოგვარებას, რომ ფული არ გაფლანგონ. არადა, ახლა არ არის გადამწყვეტი 100 ლარით გავმიჯნოთ ადამიანები ერთმანეთისგან, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების რეალური დახმარებაა მთავარი ამოცანა. ხაზინაში 2.7 მილიარდი დევს, მას ერიცხება პროცენტი და მთავრობა ამბობს, რომ გამოიყენებს მაშინ, როცა უარესი მოხდება, ამაზე უარესი შეუძლებელია, მთავრობა არასწორ სოციალ-ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს“, – განუცხადა “რეზონანსს” ხორგუაშვილმა.
წყარო „რეზონანსი“
კომენტარები