31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ერთი იღბლიანი ვაქცინირებული 100 000 ლარის მფლობელი გახდება. შემაჯამებელი გათამაშება მთავრობის ინიციატივით დაწყებული ვაქცინაციის კამპანიის, წამახალისებელი ლატარიის – „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება.
ლატარიაში მონაწილეობის წესები მარტივია, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ერთხელ მაინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, ავტომატურად „აიცერი და მოიგეს“ მონაწილეა. ლატარიაში მონაწილეობისათვის მოქალაქეს არც ბილეთის ყიდვა სჭირდება და არც სხვა რაიმე მოქმედება. საჭიროა მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. საკუთარ და გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისას კი, შესაძლოა, 100-დან 100 000 ლარამდე თანხის მფლობელი გახდეს.
საქართველოს ლატარიის კომპანია ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებას 14 სექტემბრიდან ატარებს. ლატარიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.
პირველი აცრის გაკეთებისთანავე მოქალაქე მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.
შესაბამისად, რაც უფრო ადრე ჩაიტარებთ აცრას, მით მეტ გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას. ვაქცინირებულის ბილეთი გათამაშებაში მონაწილეობს, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. თუმცა ამ შემთხვევაშიც თქვენ აგრძელებთ გათამაშებაში მონაწილეობას. მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეული გათამაშება, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.
„აიცერი და მოიგეს“ უკვე მრავალი გამარჯვებული ჰყავს. საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად, გამარჯვებას ზეიმობენ. გამარჯვებულთა უმეტესობისთვის თანხის მოგება მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც ამბობენ, აცრა საკუთარი ჯანმრთელობის ზრუნვის მოტივით ჩაიტარეს და ამ გზით ფულად წახალისებას არ ელოდნენ.
ბოლნისელმა 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილმა 10 000 ლარი მოიგო. გამარჯვების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. როგორც ის აღნიშნავს, თავდაპირველად ვერც კი დაიჯერა, რომ ასე მარტივად, მხოლოდ აცრით, ლატარიის გამარჯვებული გახდა.
მსგავსი ისტორია აქვს თითქმის ყველა გამარჯვებულს, მათი ნაწილი „აიცერი და მოიგეს“ გათამაშებებს თვალს ადევნებდა, თუმცა არ ფიქრობდნენ, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული შესაძლოა, სწორედ ისინი გამხდარიყვნენ.
„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. ლატარიის შესახებ ვიცოდი, მაგრამ თუ მოვიგებდი, ნამდვილად არ მეგონა. თვალსაც არ ვადევნებდი და შეტყობინება მივიღე ტელეფონზე.
აგვისტოში ავიცერი, რომ დამეცვა საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა“, – ამბობს მიხეილ ბენიძე, რომელმაც „აიცერი და მოიგეს“ გათამაშებაში 1000 ლარი მოიგო.
უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინაციის კამპანიის წამახალისებელ ლატარიას, რომელიც მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს, უკვე 13 964 გამარჯვებული ჰყავს, ამ დროისთვის გაცემული საპრიზო თანხა კი 2 200 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ ხართ ვაქცინირებული ან, ამ დრომდე, „აიცერი და მოიგეს“ ერთ-ერთი გამარჯვებული არ გამხდარხართ, კვლავ გაქვთ მოგების შანსი.
ვაქცინაციის ჩატარების დღიდან – 27 დეკემბრამდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად, შესაძლოა, საპრიზო თანხის მფლობელი გახდეთ. ხოლო 31 დეკემბერს, შემაჯამებელ გათამაშებაში, გახდეთ ის იღბლიანი, ვინც 100 000 ლარს მოიგებს.
კომენტარები