მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ბევრი მიფიქრია ღალატზე. რომანის დაწერაც მსურდა ადამიანზე, ვისაც ღალატს აიძულებენ, ვისაც სხვა გამოსავალი არა აქვს, შვილების სიკვდილით ემუქრებიან, საშინლად აშანტაჟებენ და ესეც ვერ გაუძლებს და გაიყიდება… ვფიქრობდი, ისე დამეწერა, რომ მკითხველი შესულიყო ამ ადამიანის მდგომარეობაში, მის გრძნობებში, იგივე განეცადა, და ბოლოში ეპატიებინა მისთვის…
მაგრამ არასოდეს მიფიქრია ასეთ მიზანმიმართულ ღალატზე. ღალატზე თბილი და კომფორტული სავარძლებიდან, სიცილ-ღლიცინით… მაშინ, როცა მოღალატეებს შეეძლოთ თავი დაეღწიათ ამ კოშმარისთვის. ბევრი მათგანი ხომ მდიდარია, უზრუნველყოფილი, ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებდა… რატომ შეიხედეს ჯოჯოხეთში, რატომ შეაღეს კარი, რატომ შევიდნენ შიგნით? რა სიურჩე და რა სიბრიყვეა ასეთი შეგნებული ბოროტება. ასეთ დროს ასეთი ამაზრზენი სიჯიუტე, უტიფრობა, ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ…
მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი, შურისძიების გრძნობა მომეკლა ჩემში, რადგან ვიცოდი, რომ ეს დაასრულებდა ქიშპობასა და სიძულვილს… მაგრამ ახლა…
ახლა ძალიან მეწყინება, სამაგიეროს მოწმე თუ ვერ გავხდები. და მაინც, შევეცდები, როგორმე ადამიანურობა შევინარჩუნო, ძლიერ სიძულვილს არ ავყვები და არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას დავჯერდები. მათი სახეების ნახვა აღარ მსურს, არც მათზე ლაპარაკი, არც მათი რაოდენობა, არა მგონია, ეგენი მონები იყვნენ…”
კომენტარები