„ალიას“ ესაუბრება საფრანგეთში მცხოვრები, „რადიო ფრანსის“ ჟურნლისტი, გიორგი ფოფხაძე.
– გიორგი, საფრანგეთის ხელისუფლება ბიზნესს გვერდში დაუდგა და, როგორც ვიცი, ლოკდაუნის დროს ვინც იზარალა, თანხა გადაუხადა ბიზნესმენებს.
– 28 ნოემბერს როგორც კი მოიხსნა ლოკდაუნი, საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 10 000 ევროს გადაუხდიდა და გადასახადების 20%–ს არ გადაახდევინებდა იმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებს, რომლებიც დაკეტილები იყვნენ. ნუ, ზოგმა 10 000 იზარალა, ზოგმა 15 000 და ზოგმა 20 000,მაგრამ ხელისუფლებამ საშუალოდ, ყველას მისცა 10 000 და საბოლოოდ, დიდად დაზარალებული არავინ დარჩენილა. ეს 20% საგადასახადო შეღავათი, მარტო მცირე და საშუალო ბიზნესს არა, მსხვილ ბიზნესსაც შეეხო. ახლა მიდის მილაპარაკებები მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის, რომ ხელისუფლება მათაც უნდა დაეხმაროს. მაგალითად, პანდემიამ აზარალა მანქანათმშენებლობის ბიზნესი, ცნობილი ფრანგული საავტომობილო ფირმები – „რენო“, „პეჟო“, „სიტროენი“, ავიაკომპანია „ეარ–ფრანსი“, ფარმაცევტული კომპანიები… მალე გაირკვევა, მსხვილ ბიზნესს როგორ დაეხმარებიან. გარდა ბიზნესისა, სახელმწიფო კერძო ბიზნესში დასაქმებულებსაც, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებსაც, ყველას უხდის ხელფასის 80%–ს. ცხადია, ვინც გაჩარებულია და არ მუშაობს, მათ. აქ როგორი დამოკიდებულებაა, იცი? ვინც კერძო სექტორში მუშაობს, მასაც ღირსეულად უნდა გადაუხადო. რა მნიშვნელობა აქვს, კერძოში მუშაობდა თუ სახელმწიფო სექტორში ადამიანი? ხომ მუშაობდა და გადასახადებს იხდიდა ბიუჯეტში. ჰოდა, ახლა სახელმწიფო მოვალეა, ფორს–მაჟორში დაუბრუნოს მის მიერ ბიჯეტში გადახდილი ფული, ხელფასის 80%–ის ოდენობით, გინდა კერძო სექტორში ყოფილიყო დასაქმებული და გინდა – საბიუჯეტოში. საფრანგეთში არ არის ისე, როგორც საქართველოში, რომ მარტო საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები იღებენ სრულ ხელფასს და კერძო სექტორში ვინც მუშაობდა და უმუშევარი დარჩა, მათ მიზერულ სახელმწიფო დახმარებას უწევენ და თვეში 200 ლარს აძლევენ, რითაც 1 კვირაც ვერ გაიტანს თავს ოჯახი.
– მოკლედ, სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ბიზნესის ვალდებულებები.
– კი, ბატონო, ასეც გამოდის, მაგრამ ფრანგული სახელმწიფო ამბობს, რომ მე ავიღე ის ვალდებულებები ჩემი მოქალაქეების წინაშე, რომელიც მაკისრიაო. ღირსეული სახელმწიფო ღირსეულად მოექცა თავის მოქალაქეებს და ასე უნდა ხდებოდეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური ხელისუფლების პირობებში.
ახლა ძალიან დიდი პოლემიკა მიდის საფრანგეთის პარლამენტში. ფრანგები ამბობენ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ განა ვერ იმუშავა, არასწორად იმუშავაო. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნეს, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დროს ჯანდაცვის სისტემის არაეფექტური მუშაობის მიზეზებს გამოიძიებს და თუ დამნაშავეებს გამოავლენს, აუცილებლად დასჯის. როგორ მოხდა, 70 000 კაცი იყო დღეღამური მატება, ხალხიც საკმაო რაოდენობით გარდაიცვალა და ამის გამომწვევი მიზეზებიც უნდა დადგინდეს და ამ მიზეზების უკან ვინც იდგა, მათ პასუხი უნდა აგონო.
პირველი ტალღის მერე, გადადგა ჯანდაცვის მინისტრი, ანიეს ბუზინი და არ არის გამორიცხული, დაიჭირონ. კი, იყო ხარვეზები, შეცდომები და სავარაუდოდ, დანაშულებრივი ქმედებებიც, მაგრამ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ ამ უბედურებას გაუძლო. საქართველოში, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მის მომხრეებს უყვართ თქმა – აი, ევროპის ქვეყნებმა ვერ გაუძლეს, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და ჩვენსას როგორ უნდა გაეძლოო? რას ვერ გაუძლო საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ და რა ჩამოიშალა? 24 საათში 70 000 შემთხვევიდან, 3–4 ათასამდე ჩამოიყვანეს და დღეს ეს ვითარებაა 68 მილიონიან საფრანგეთში. 3.5 მილიონიან საქართველოში კიდევ, დღეღამური მაჩვენებელი 5000 ინფიცირებულია და ეს მაშინ, როდესაც პირველი ტალღა, მსოფლიოს ქვეყნებიდან საქართველომ ერთ–ერთმა ყველაზე მსუბუქად გადაიტანა და 6–7 თვე ჰქონდათ მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ სათანადოდ. არ მოემზადნენ მეორე ტალღისთვის, ამაზე უკვე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები კი არა, საქართველოში მომუშავე ექიმებიც ამბობენ.
– ერთ–ერთმა ფრანგულმა კომპანიამ კოვიდ–19–ის ვაქცინაც შექმნა და ამ ვაქცინით აპირებენ ხალხის აცრას. რამდენად საიმედოა?
– მე ექიმი არ ვარ, მაგრამ კომპეტენტური ხალხის მოსაზრებებს გავეცანი ფრანგული ვაქცინის შესახებ და ყველა ამბობს, რომ ეფექტურია და ვაქციანაციის მერე დასრულდება პანდემია საფრანგეთში. ეს ვაქცინა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ამერიკული. იმ ამერიკულ ვაქცინას –70 გრადუსი ტეპერატურა სჭირდება, რომ შეინახო, ძნელად ტრანპორტირებადია, თვითმფრინავ–მაცივრებით უნდა გადააგზავნო ერთი ქვეყნიდან მეორეში. მერე ისევ ანალოგიური ტემპერატურის საწყობებში უნდა შეინახო და შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ იყიდოს ეს ვაქცინა, ათეულობით მილიონი გადაიხადოს, ვერ უზრუნველყოს მისი შენახვის წესები, ყველაფერი ხდება და მერე, ეს უზარმაზარი რაოდენობის ვაქცინა გადასაყრელი გაუხდეს. ფრანგული ვაქცინა ოთახის ტემპერატურაზე ინახება და არანაირი დამატებითი პირობები, რისკები, ხარჯები მის შენახვას არ სჭირდება. 15 იანვრიდან დაიწყება საფრანგეთში საყოველთაო ვაქცინაცია, მაგრამ არასავალდებულო, ნებაყოფლობითი იქნება. მანამდე გაუკეთებენ მედპერსონალს და რისკ–ჯუუფში შემავალ ადამიანებს.
– უფასო იქნება ვაქცინა?
– კი, უფასო იქნება. საერთოდ, საფრანგეთში ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური სადაზღვევო სისტემაა მთელ ევროპაში. ჩვენ წამლების ჩამონათვალი გვაქვს ძალიან გრძელი, რომელთაც უფასოდ გვაძლევს სახელმწიფო. არ მახსოვს, რაიმე წამალი გამოეწერა ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის ექიმს და ფული გადამეხადა. აქ ცნებები „ძვირიანი“ და „იაფი“ წამლები არ არსებობს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კერძო სადაზღვევო კომპანიებშია დაზღეული, იხდის დაზღვევის ფულს. თუ წამალი დასჭირდა და დავუშვათ, წამლის ღირებულების 70%–ს სადაზღვევო კომპანია იხდის, დარჩენილ 30% –ს თავად კი არ იხდის, იმას სახელმწიფო უხდის. ცხადია, იმ წამლებს არ ვგულისხმობ, რომლებიც წეღან ვახსენე და რომელთაც სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო. მოკლედ, აქ ორმაგი დაზღვევაა. თუ დაეზღვევო კერძო სადაზღვევო კომპანიაში, კი, იხდი ერთი წლის მანძილზე დაზღვევის თანხას, მაგრამ თუ იმ ერთ წელიწადში ერთხელ მიხვედი ექიმთან, 3–4 წამალი შეიძინე და აღარ გამოიყენე სადაზღვევო პოლისი, სადაზღვევო კომპანია თანხის სოლიდურ ნაწილს უკან გიბრუნებს. მერე, ჩვენთან რომ იციან, მიხვალ ექიმთან და მოგატარებენ ყველა პროფილის ექიმს, ბრმა ნაწლავი გაწუხებს და კომპიუტერულ ტომოგრამას გიკეთებენ თავზე, ფული რომ გადაგახდევინონ. აქ ეგრე არ არის. ერთ ზედმეტ გამოკვლევას და პროცედურას არ ჩაგიტარებენ, ერთი ექიმი არ გაგსინჯავს, ვისაც შენს დაავადებასთან არაფერი ეკითხება. აბა, ვინმემ გაბედოს, დედას უტირებენ, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის უამრავი მექანიზმი აქვს. საქართველოში კიდევ მუდამ სადაზღვევო კომპანიებს წილში ესხდნენ ჯანდაცვის სისტემის ჩინოვნიკები, ერთდ ქაჩავდნენ სადაზღვევოში ფულს და მერე იყოფდნენ. ახლა კი, ხალხს ატყავებენ სადაზღვევოები. გარდა ამისა, უმუშევრებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის ყველა სახის წამალი და ყველა სახის სამედიცინო მომსახურება უფასოა. ჩვენთან კოვიდ–ტესტებიც უფასოა. ამასწინათ ჩამოვედი საქართველოში, დამჭირდა ტესტის გაკეთება და 150 ლარი გადავიხადე კლინიკა „ევექსში“. კი, ეს ჩემთვის არ იყო ისეთი თანხა, რომლის გადახდასაც ვერ შევძლებდი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს დიდი ფულია. დაბალშემოსავლიანმა ოჯახმა როგორ უნდა გადაიხადოს? რამდენი სამსულიანი ოჯახია, რომელთაც 500 ლარიც კი არ აქვთ შემოსავალი? დავუშვათ, ოჯახის ყველა წევრს დასჭირდა ტესტი, გადაიხადეს 450 ლარი. მერე რას შვრები? მთელი თვე აშიმშილებ ამ ხალხს? მშიერს კლავ? ასე გამოდის. ფრანგული პისიარ–ტესტები 50 ევრო ჯდება. ფრანგებს იმხელა შემოსავალი აქვთ, 50 ევრო არ არის მათთვის დიდი ფული, გადაიხდიან, თუ დასჭირდათ, მაგრამ მაინც არ ახდევინებენ, უფასოა.
– ჩვენთან კიდევ, პანდემიის დროს, მინისტრებმა, სხვა რანგის ჩინოვნიკებმა კაბინეტებში ფეშენებელური რემონტები გაიკეთეს, ძვირადღირებული ავეჯი და მანქანები შეიძინეს, იმის ნაცვლად, თანხა დაეზოგათ, ჯანდაცვის ბიუჯეტში გადაესროლათ და სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო საჭიროებები შეეძინათ. ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბერში გაახსენდა, რომ სასუნთქი აპარატები არ ჰყოფნით და ახლა აპირებენ შეძენას, ისევე, როგორც სხვა სამედიცინი აღჭურვილობისა. არადა, ეს საქმე ზაფხულში უნდა მოეთავებინათ.
– რა მანქანა და რა ავეჯი, კაცო? ჩემი ქალაქის, ლილის მერი, არის ცნობილი ევროკომისრის, ჟაკ ბელორის ქალიშვილი, მარტინ ობრი. სახლიდან სამსახურში მეტროთი დადის, სამსახურიდანაც მეტროთი ბრუნდება უკან. სამსახურში ემსახურება სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა სამუშაო დღის განმავლობაში. ვიცნობ მაგ ქალს, სახლში სამსახურის მანქანით მოსული არ მინახავს. ამ ქალმა ააყვავა ქალაქი. ასევე იქცევა ლილის პოლიციის უფროსი. გარეუბანში ცხოვრობს და ჩემი მეზობელია. 20 წუთი უნდა მეტროთი ლილში ჩასვლას. საკუთარი მანქანით მიდის მეტროსთან, აჩერებს იქ მანქანას და მეტროთი მიდის ლილში. მერე, საღამოს უკან ისევ მეტროთი ბრუნდება, ჯდება თავის მანქანაში და მოდის სახლში. არც მისი პოლიციის სამსახურებრივი მანქანა მინახავს ოდესმე თვალით, არ წაუყვანიათ ამ მანქანით სახლიდან და არც მოუყვანიათ. ის მანქანა ემსხურება სამსახურში. შენ გეგულება ერთი ქართველი ჩინოვნიკი მაინც, რომ ეს გააკეთოს? ბელგიელებს ჰყავდათ პრემიერ–მინისტრი, ელიოტ დე რუპო. ბრიუსელიდან არ იყო, მონსში ცხოვრობდა. ადგა და ერთოთახიანი ბინა იქირავა 4 წლით ბრიუსელში, მეტი არ მჭირდებაო. თან, ახლოს იქირავა სამსახურთან, ფეხით ვივლიო. აი, ეგ განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის.
აქ, რაც საყიდელი იყო, სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ექიმების აღჭურვილობა, ყველაფერი, რაც დასჭირდებოდათ, ყველაფერი ზაფხულში იყიდეს, მოიმარაგეს ყველაფერი.
– საფრანგეთში, ახალი, ანტიდემოკრატიული კანონპრორქტის კანონად ქცევა უნდოდა ხელისუფლებას, მაგრამ ხალხმა იაქტიურა და გადააფიქრებინა. აქ ხალხის ხმა ვის აინტერესებს…
– ხალხის ძალა ძალიან ბევრს ნიშნავს. საფრანგეთში სახელისუფლებო პარტიამ, “ენ მარშმა” წარადგინა პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტებსაც კი, პოლიციელის ფოტოს გადაღება ეკრძალებოდა. რა თქმა უნდა, მიტინგებსა და მანიფესტაციებზეც. ეს არის აბსურდი, სისულელე! ეს ადამიანის უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. გადავიღე ფოტო, მოხვდა იქ პოლიციელი და რა ვქნა? რატომ მიკრძალავ მის გამოქვეყნებას? ან თუნდაც მარტო პოლიციელს გადავუღე აქციზე, ვისი რა საქმეა? თავისუფლების მოყვარე ფრანგების რეაქცია რა იყო? 50 ათასი ფრანგი გამოვიდა პარიზში, 10 ათასი ლილში, მარსელში და სხვა დიდ ქალაქებში. 3 დღე გაგრძელდა საპროტესტო აქციები, თან ურადიკალურეს ფორმებში – ფრანგებმა როგორც იციან ხოლმე. დედაბუდიანად გადაწვეს ყველაფერი, ნახევარი შანზელიზი და რა ვიცი, ყველაფერი, რისი გადაწვაც მოახერხეს. დაშავდნენ მომიტინგეები და პოლიციელები ხელჩართულ ჩხუბებში. ბოლოს გამოვიდა პრეზიდენტი მაკრონი და განაცხადა, ოღონდ გაჩერდით და ამ კანონს არ მივიღებთო. ფრანგები კანონმორჩილი ხალხია, მაგრამ თუ სახელმწიფომ დაარღვია მის მიერვე დაწერილი კანონი ან დააპირა ამ კანონის დარღვევა, არ შეარჩენენ, არ აპატიებენ, იმ დღესვე გარეთ გამოდიან. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წელიწადის 365 დღის განმავლობაში, ვიღაცა იფიცება ან მიტინგს ატარებს. საფრანგეთია ის ქვეყანა, სადაც ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და ულტრამემარცხენე ტროცკისტების პარტიაც გვყავს. მთავრობის ვერ ერთი წევრი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ესენი „ლუზერები“ არიან. იტყვის ვინმე და დაამთავრებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას. მარინ ლე პენი, რომ თურმე პუტინისტი იყო, ეს მარტო საქართველოში თქვეს. სულ ვიძახოდი, ნეტავ, თავად თუ იცის ლე პენმა, რომ პუტინისტია–მეთქი.
– ტრამპიც ხომ პუტინმა დასვა თეთრ სახლში და საქართველოში ამ თემას უფრო აქტიურად განიხილავდნენ, ვიდრე ჩვენს საშინაო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებს. ჩვენ ხომ ეგ უბედურებაცა გვჭირს, საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მიგვიხედია და სხვებს უნდა დავულაგოთ ცხოვრება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, თან ამერიკელებს, ფრანგებს და სხვა უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებს, ნაკლებზე არ ვიღლით გონებას.
– კი, სამწუხაროდ ეგ ზნე გვჭირს. წარმოიდგინე, ქართველებმა იციან, რომ მარინ ლე პენს, პუტინის მითითებით, რუსეთის ერთ–ერთმა ბანკმა 9 მილიონი დოლარი მისცა და ეს არც რუსებმა იციან და არც ფრანგებმა, არც პუტინმა და არც ლე პენმა. ახლა ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არც კი შეიძლება.
– გიორგი, რაც ზემოთ ვილაპარაკეთ საფრანგეთში პანდემიის შესახებ, მისი რეზიუმე, შესაძლოა, ასეთი იყოს – პანდემიის პირველი ტალღის დროს, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ ვერ იმუშავა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ფრანგებმა, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეს და ყველაფერი გამოასწორეს.
– რა თქმა უნდა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეს. ფრანგ პოლიტიკოსებს ასეთი მიდგომა აქვთ: ჩვენთან თუ წარმოიქმნა პრობლემა, მას არ ვმალავთ, ხმამაღლა ვამბობთ და პრობლემის აღმოფხვრისთვის პრობლემას კი არ უნდა დაემალო, პრობლემას თვალებში უნდა შეხედო, შეისწავლო და უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. იმიტომ არის ეს ქვეყანა ძლიერი და დემოკრატიული. შენ წარმოგიდგენია, რომ ასეთ ქვეყანაში არჩევნები ვინმეს გაუყალბონ, რაც საქართველოში მოხდა? „ქართული მარშის“ ერთ–ერთ ლიდერს, ირაკლი შიხიაშვილს, სადაც ცხოვრობდა, სადაც ხმა მისცა, იმ საარჩევნო უბანზე არც ერთი ხმა არ ჰქონდა მიღებული. იგივე შეემთხვათ დათო ჭიჭინაძეს და ალეკო ელისაშვილს. რა გამოდის და რას გვიმტკიცებს ცსკო და ხელისუფლება? ამ ხალხმა, საკუთარ თავს არ მისცა ხმა, სხვა კანდიდატებს მისცეს? მათმა ოჯახის წევრებმაც, სხვებს მისცეს ხმა და არა საკუთარ შვილებს, მშობლებს და მეუღლეებს? ახლა ეს არ არის სიგიჟე? საქართველოს გარდა, ეს არსად მოხდებოდა.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები