ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:
ერთი იმერელი ნათესავი მყავს, კვირაში ერთხელ მაინც დამირეკავს მოსაკითხად და მაშინვე დაიწყებს ხოლმე ლაპარაკს გაძვირებულ პროდუქტსა და თავის ხელმომჭირნე ცხოვრებაზე (ნათელაშვილის მიმდევარია).ოღონდ, ყველა საუბარს ამ ტექსტით იწყებს: წინათ ქათმის ფილეს ვყიდულობდი, მერე ისე გაძვირდა, ბარკლებზე გადავედი, ახლა კი ეს ბარკლებიც ცეცხლის ფასი გახადესო.ჰოდა, დარეკა იმდღეს და მოკლედ მოვუჭერი, კვესიტაძესთან გავრბივარ ეთერში ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით-მეთქი. რაღას იზამდა, დამემშვიდობა გაწბილებული. დარეკა მეორე დღეს და რომ დაიწყო -ეს ქათმის ბარკლებიო… და იქ გავაწყვეტინე, ინტერვიუს ვაძლევ ნიუს ჯის ჰაგიოგრაფიასთან დაკავშირებით-მეთქი. არაფერი არ უთქვამს და გაბრაზებულმა გამითიშა ტელეფონი. ჰოდა, რეკავს დღეს და ვხედავ, მომზადებულია ვრცელი საუბრისთვის, არადა, ქვემოთ მთავარი არხის ჟურნალისტი მელოდება. ვეუბნები, ახლა გავრბივარ მთავარი არხი მელოდება ჰაგიოგრაფიის საკითხები უნდა გააშუქონ და როგორც კი ამოვალ დაგირეკავ-მეთქი. აი, აქ უკვე გამოვიდა ადამიანი მწყობრიდან: რას გადაეკიდე შენა ამ ნაწამებ ხალხს , რომელმა რა დაგიშავა, არა წამებისკენ გაქვთ ამ ნაცების მომხრეებს მიდრეკილება, თორემ, შენ რომ ადამიანი იყო, ახლა ჰაგიოგრაფიაზე კი არა ქათმის ბარკლებზე უნდა აძლევდე ბიბისის ინტერვიუსო.
კომენტარები