ანი დვალიშვილი
დაიწყო! ჰო, ოპოზიციამ საარჩევნოდ მზადება დაიწყო და ის პარტიები,რომლებიც აქამდე დიდ გულზე იყვნენ, აქაოდა, დამოუკიდებლად შევძლებთ საარჩევნო ბარიერის გადალახვასო, გაერთანებას იწყებენ. პირველი მერცხალი გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა და მთავარ მიზნად… მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაისახა. ცხადზე ცხადია, რომ ყველა, ვინც ნაციონალების ფრთის ქვეშ გაერთიანდება, ვალდებული იქნება „ღმერთად“ სწორედ სააკაშვილი აღიაროს. „ალიას“ ინფორმაციით (ვაშაძე თუ ძალიან იუარებს, გვარებსაც ჩამოვუთვლით), „სტრატეგია აღმაშენებლის“ ავტორმა გარანტია მიიღო, რომ გამსვლელ სიაში მისი პარტიიდან სამი კაცი გავა, ანუ მას 4 მანდატი შეხვდება, სანაცვლოდ კი, წინასაარჩევნოდ, არც თუ მცირე თანხის გაღება მოუწევს. საუბარი მილიონ ლარზეა, რომელიც არჩენვებისთვის ბევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამი ადამიანის სანაცვლოდ, არც ცოტაა.
ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ნაციონალებთან გაერთიანებას არ აპირებს „რესპუბლიკური პარტია“. ისინი დაფინანსებას დასავლეთიდან კი ელიან, მაგრამ არ სურთ, ისევ ნაცებზე იყვნენ დამოკიდებული და უახლოეს მომავალში რესპუბლიკელები და „ლელო“ გამოაცხადებენ გაერთიანების შესახებ. რესპების დასავლური დაფინანსება „ლელოს“ ბიუჯეტში წავა, სანაცვლოდ კი ისინი ექვსეულში ორ ადგილს მიიღებენ. ექვსეულში იმიტომ, რომ სწორედ ამდენი დეპუტატის გაყვანას ცდილობს და ფიქრობს მამუკა ხაზარაძის პარტია და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მათი პროგნოზი. ლელოსთან შეერთება სხვა, მცირე პარტიებსაც სურთ, მაგრამ ამ საქმიდან, საეჭვოა, რამე გამოვიდეს, რადგან გამსვლელ სიაში მეტი ადგილი უბრალოდ, არ არის.
კოალიციის შექმნას აპირებენ იაგო ხვიჩიას „გირჩი“ და… „მოქალაქეები“. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასტურს მმართველი გუნდი იტყვის. რა შუაშია მმართველი გუნდი? მოდით, ასე ვთქვათ – საპარლამენტო საქმიანობაში ამ ორი პარტიის ლოიალური მიდგომა მმართველ გუნდთან, სწორედ არჩევნებზე უნდა დაფასდეს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, „ოცნებამ“ ორივე „გადააგდოს“ და ფსონი მხოლოდ „ხალხის ძალაზე“ დადოს. ხალხის ძალასთან გაერთიანება დღეს პარლამენტში არსებული პარტიებიდან არავის სურს, მაგრამ მათი და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება არის შესაძლებელი, თუმცა ირმა ინაშვილის პარტია მმართველმა გუნდმა ისე ჩააჩოჩა, ლამის პოლიტიკური ორბიტიდან გააქრო და პარლამენტში შესულ „პატრიოოტებსაც“ კი სახელი გამოუცვალეს.
ზოგადად, დასალვეთი და ოპოზიცია თანხმდება, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე. რა თანხაც არ უნდა მიიტანოს გიორგი ვაშაძემ ახალ მოძრაობაში, რამდენიც არ უნდა გაიღონ დონორებმა და რამდენი შავი ფულიც არ უნდა მოიზიდოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ მოცემულობით, „ოცნების“ დამარცხება გამორიცხულია. აი, თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი კი სულ სხვა თემაა, მას აქვს ის ქარიზმა, რომელიც არ აქვს არცერთ ქართველ პოლიტიკოსს და მას აქვს პოლიტიკურ ავანტურაზე წასვლის შესაძლებლობა და თან ისე წასვლის, რომ ხალხი გაიყოლოს, თორემ თუნდაც ნაციონალების მხრადამჭერები, არც ხაბეიშვილს გაჰყვებიან ბოლომდე, არც ვაშაძეს, არც მელიას და საერთოდ, არც არავის. ერთადერთი მიშაა, რომელსაც ამ ყველაფრის ორგანიზება შეუძლია, ოღონდ არა ციხიდან. ამიტომ, ყველა ჯიუტად იმეორებს, რომ მთავარი მიზანი სწორედ მიშას გათავისუფლებაა და აგერ, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც კი მოიცალეს იმისთვის, რომ სააკაშვილის განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაეარსებინათ. თავის მხრივ, მმართველმა ძალამ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემების შექმნა შეუძლია თავისუფლებაზე მყოფ სააკაშვილს და ამიტომ, მას იოლად არ დათმობს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მექანიზმი – პრეზიდენტის შეწყალება, მაგრამ კანონს ვერც პრეზიდენტი გადაახტება და სანამ სასამართლო პროცესები მიდის, შეწყალების აქტს, ფიზიკურად, ვერ გამოსცემს.
„ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ – ხელისუფლებას სააკაშვილის ახალი ბრალისთვის ყველაფერი მზად აქვს და როგორც კი მიმდინარე პროცესები დასასრულისკენ წავა, მას ახალ ბრალს წაუყენებენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება, სასამართლოს გაწელვა, შემდეგ პროკურატურა გაასაჩივრებს განაჩენს სააპელაციოში, ეს კიდევ ორი თვეა და შემდეგ უზენაესში მოხდება გასაჩივრება. ამიტომ, არჩევნებამდე სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა ამ გადმოსახედიდან ნულის ტოლია“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
არის კიდევ ერთი ვარიანტი – ხელისუფლებამ უნდა დაუშვას ისეთი უაპტიებელი შეცდომა, რაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, მაგრამ მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, როდის უნდა დაიხიოს უკან, თუ დაინახეს მოსახლეობის გაღიზიანება, არ იწყებენ ახსნა-განმარტებების კეთებას, უკან იხევენ და უკეთეს დროს თუ მომენტს ელოდებიან. ასე იყო ე.წ. „რუსული კანონის“ შემთხვევაშიც და დანარჩენი აქციები უბრალოდ ნერვების თამაშად აქციეს. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, მაგრამ დღესაც კი, პარლამენტთან კარავია გაშლილი და ადამიანები იქ რაღაცებს აპროტესტებენ, თუმცა ამას უკვე არ აშუქებენ, იმდენად უინტერესო გახდა ეს ყველაფერი. უფრო ზუსტად, იმდენად უინტერესო გახადა მთავრობამ ეს ყველაფერი.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა, მაგრამ მკაფიოდ და გასაგონად ასახელებს იმ დასავლელი პოლიტიკოსების გვარებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, „ოცნების“ ლიდერებს მიანიშნებდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს შეფარული მუქარაა დასავლეთისთვის, ანუ „ოცნების“ ლიდერები ამით ამბობენ, რომ ბევრად მე ტის თქმაც შეუძლიათ და თუ განსაკუთრებით ევროპარლამენტარები არ გაჩუმდებიან, პირს დააღებენ და ისეთებს იტყვიან, რასაც წესით, მთელი ცხოვრება მალავენ ხოლმე. ასეთი დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება, რომ გუნდში შიდა დაპირისპირება არათუ უკანა პლაანზე იყოს გადაწეული, არამედ „ოცნებამ“ ისეთი ერთიანობა უნდა აჩვენოს, როგორც არასდროს. საფრთხე იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებში გუნდმა ვერ გაიმარჯვოს, არსებობს, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ, ეს საფრთხე სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.
და ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი. ამას წინათ, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულმა პირმა თქვა, ბიძინამ ბერას ყველა ოცნება აუხდინაო და რომ ჩავეძიეთ, დააკონკრეტა – პოლიტიკურ მხარეს ვგულისხმობო. ვერ გეტყვით, რა პოლიტიკური ოცნებები ჰქონდა ბერას, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ივანიშვილის შვილი საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა და ჩამოსვლას ჯერაც არ აპირებს. ისე ჩანს, თითქოს ბერა ბრაზილიაში საცხოვრებლადაა გადასული, მისი მეგობრები ამბობენ, ისვენებსო, მაგრამ… ჯერ ერთი, სად დაიღალა და მეორეც, კურორტზე ორწლიან დასვენებას სხვა რამე ჰქვია, უფრო კონკრეტულად კი – ცხოვრება. ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ ბერა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ არ გააქტიურდება. მისგან კლიპს მმართველი გუნდის ლიდერებიც ელიან და არც ის გამორიცხოთ, შუაგულ თბილისში სოლო-კონცერტი მოსცხოს. მე თქვენ გეტყვით და, ხალხს ვერ მიიყვანს „ოცნება“ თუ მაგალთად, რესპუბლიკის მოედანს ვერ გაავსებს. სწორედ ეს ადგილი ახსენეს მაშინ, როცა თითქოს კონცერტის შესახებ საუბრობდნენ და ვითომ შემთხვევით ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად კარგი იქნება.
კომენტარები