ოპოზიციურ სპექტრს ბოლო გაბრძოლება კრისტიან დანიელსონთან ექნება. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია და საუკეთესო შემთხვევაში, ისინი პლებისციტს მიიღებენ.
გათვლა და დათვლა მარტივია – „ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე 50%-ს პლუს ერთი ხმა ვერ მიიღო, ანუ არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ პლებისციტზე ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დაჯდეს, რაც მომდევნო წლის გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ავტომატურად ხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს. ოპოზიციის ლიდერები იმ ვერსიასაც აქტიურად ავითარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის კულუარებში გადასვლის შემდეგ, „ოცნებას“ მოსახლების მხარდაჭერის მოპოვება უფრო გაუჭირდება, ხოლო თუ საქმეში გიორგი გახარია და მისი ახალი პარტია ჩაერთვება, პლებისციტის მათთვის სასიკეთო შედეგი და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
ადვილი მისახვედრია, გახარია თუ პარტიას შექმნის (არადა, შექმნის), ის სწორედ მმართველი გუნდის მხარდამჭერებს გადაიბირებს და ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ დაიცდიან და მხარს ვადამდელ არჩევნებს ახლავე დაუჭერენ. ოპოზიციის ლიდერთათვის ისიც ცხადია, რომ რაც უფრო დააგვიანებენ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მით ნაკლები შანსი ექნებათ წარმატების.
პარლამენტის ბოიკოტმა თავისი ნეგატიური შედეგები უკვე მოიტანა – პარლამენტში მოხვედრილმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონებში სახელმწიფოს ხარჯზე ბიუროები ვერ გახსნეს და ადგილობრივი აქტივიც შემოეფანტათ. შედეგად, ფული დასჭირდებათ, უფრო ზუსტად, ძალიან დიდი ფული და მათ, ვისაც არ სურთ, რომ კვლავ ნაციონალური მოძრაობის ფრთებქვეშ იყვნენ და მთავარ ვიოლინოდ სწორედ ნაცები დარჩნენ, შეეცდებიან დაფინანსების ალტერნატიული წყაროები მოძებნონ. მით უმეტეს ახლა, როცა ნაცმო ლიდერის გარეშეა დარჩენილი და როგორც გამოჩნდა, პირველობის თავი არც არავის აქვს. ნიკა მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა ნაციონალურ მოძრაობას აშკარად აზიანებს, პოლიტსაბჭოს წევრები ერთმანეთს არ უსმენენ, კვლავ ცდილობენ სააკაშვილის რჩევებს უგდონ ყური, მაგრამ მიშას აქაური რეალობის აღქმა დიდი ხანია დაკარგული აქვს და ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ქმედებებმა ეფექტიც დაკარგა და წონაც.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები