ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სანქციებზე კვლავ ხისტი განცხადება გააკეთა – მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებითო. ვიცით, რომ სავიზო სანქციები დაუწესა ხელისუფლების 30–მდე წარმომადგენელს, თუმცა მათი ვინაობა არ გაასაჯაროვებულა. ის ხალხი, ვინც ამ სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი, უკმაყოფილოა, რომ დასანქირებულთა ვინაობა არ არის ცნობილი და ასევე იმითაც, რომ სანქციები არ დაუწესეს ყველა იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა „აგენტების კანონს“. თუმცა, შესაძლოა, ამ გაუხმაურებულ სიაში რამდენიმე დეპუტატი იყოს კიდეც. მესმის, რომ აშშ-მ ამ თემაზე განმარტება გააკეთა და ვერ იტყვიან, ვიზა ვის გააუქმეს, თუმცა, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში არ უნდა იცოდნენ, კონკრეტულად ვინ დაისაჯა?
– მოდით, ჯერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ქმედება შევაფასოთ, ვთქვათ, რამ გამოიწვია ეს და ვინ იბრძოდა ამისათვის. გახსოვთ, ალბათ, ამ კონცეფციის ავტორები ჩვენ ვიყავით, ჩვენ დავიწყეთ პირველად საუბარი, რომ რეჟიმის მიმართ თუ არ განხორციელდებოდა სანქციები, ისე შეუძლებელი იქნებოდა იმ ჭირის მოშორება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. გარედან სანქციები, შიგნით აქციები, ეს არის ამ ხელისუფლების მოცილების უმოკლესი და ეფექტური გზა. ახლაც, ამერიკაში ვიზიტის დროს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრა ჰქონდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს. ჩვენს მიერ მოგროვებული ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიმინალური დოსიეები თანდართულ იქნა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვისას. 12 წელია ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა დასანქცირებას ვითხოვთ და როგორც იქნა, დაიწყო პროცესი. ეს გარდაუვალი იყო, უცნობი მხოლოდ ის იყო, როდის მოხდებოდა ეს. ჩვენ საქმე გვაქვს კლასიკურ გამყიდველებთან, რომელთაც გაყიდეს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს იქნება ეტაპობრივი სანქციები, რაც თავიდანვე გამოაცხადეს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წევრებზე. დასანქცირდებიან „აგენტების კანონის“ მომღები დეპუტატებიც, ხელისუფლების სხვა და სხვა შტოებიდან ვინც ამ კანონის მიღებას უწყობდა ხელს, დასანქცირდება ის ხალხიც, ვინც ძალადობდა მშვიდობიან დემონსტრატებზე, პროპაგანდისტები, რომლებიც ამ ხელისუფლების ყველა სიბინძურეს „აპრავებდნენ“. ასევე, სიაში არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსამართლები და ყველა, ვისზედაც ეს დანაშაულებრივი სისტემა დგას. რაც შეეხება დასანქცირებულთა შესახებ ინფორმაციის არ გამოქვეყნებას, ამასაც თავისი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს, რომ ამან გარკვეული დეზორიენტაცია მოახდონის სახელისუფლებო გუნდში. რაც მთავარია მეორე, რაც სახდეპარტამენტის განცხადებაშიც ხაზგასმული იყო – კიდევ არის დრო, თუ გონს მოეგებით, მაშინ სანქცირების პროცესი შეიძლება გადაიხედოსო. მოკლედ, სახდეპარტამენტი და ზოგადად, ამერიკის ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შანსს აძლევს, გაემიჯნონ ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ პოლიტიკას, აღარ დაუჭირონ მხარი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, დატოვონ ხელისუფლება თუ „ქართული ოცნება“ და ისინი სანქციებს გადაურჩებიან. თუმცა, ინფორმაცია დასანქცირებულთა შესახებ მალე გამჟღავნდება და მალე გავიგებთ, რომელი პოლიტიკოსები, ჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ. ეს არის პროცესის დასაწყისი, ამას მოჰყვება სხვა ეტაპები სანქციებისა, შემდეგ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციები იქნება, აქტივებს გაუყინავენ, როგორც კერძო ანგარიშებს, ასევე ბიზნეს–ანგარიშებს, თუ ვინმეს აქვს ამერიკაში ბიზნესი, უძრავ ქონებას დაუყადაღებენ. „მეგობარი აქტი“ ასევე, ითვალისწინებს იმას, რომ ის შეიძლება მიებას „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც მოქმედებს არა მარტო ამერიკაში, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. თუ ასე მოხდა,რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმ სანქციებს ეს ქვეყნებიც დაუწესებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს.
– პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლები ჩადიან ვაშინგტონში და ბრიუსელში, კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები ჩააქვთ იქ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედებებისა და მათ დასანქცირებას ითხოვენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათი მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ხალხი ქვეყანას მტრობს, რადგან უცხო ქვეყნებში საკუთარ ხელისუფლებას ამხელენ, მათ მოღალატეებს უწოდებენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიანო. სააკაშვილის რეჟიმის დროს, „ქართული ოცნების“ ლიდერები არ იყვნენ, 24 საათი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, იქაური პოლიტიკოსების კაბინტებში ისხდნენ და სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენელთა დასჯას ითხოვდნენ? მათ შორის, დასანქცირებას. რეჟიმი რეჟიმია, გინდა სააკაშვილისა იყოს, გინდა ივანიშვილისა და ვინც ვინსაც რეჟიმის დასრულებაში დაგეხმარება შეუძლია, დახმარება ყველას უნდა სთხოვო, არა?
– მაგით ამათ თავი გააიგივეს სახელმწიფოსთან…
– კი, ნამდვილად ასე ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნება“ უდრის საქართველოს.
– კი, ეგ უნდათ, რაც საფრანგეთის იმპერატორმა ლუი–მე–14 განაცხადა– „ სახელმწიფო, ეს მე ვარ“. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ საქართველო არის თვითონ. ეს სჯერა ივანიშვილის ბევრ მონას, უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ ივანიშვილის არაფორმალური მმართელობის გარეშე ეს ქვეყანა. თანაც, გამოდიან და ქვეყნის სუვერენიტეტზე საუბრობენ, ევროკავშირი და ამერიკა არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ჩვენს შინაურ საქმიანობაში ერევიანო. წარმოდგენა არა აქვთ, რა არის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი არის ხალხის აბსოლუტური ძალაუფლება, გაუსხვისებელი ძალაუფლება, რომელსაც ის ანხორციელებს დაქირავებული ანუ არჩეული ხელისუფლების მიერ. ხალხის ნება ჩვენ ქუჩებში გამოხატული დავინახეთ, ვიცით, ხალხის ნება რა არის. მას სურს, ჰქონდეს ისეთი დაცვის მექანიზმები, რომლებიც გააჩნიათ ამერიკას და ევროპულ სახელმწიფოებს,ქართველი ხალხი თავს მიიჩნევს დასავლური, ევროპული ცივილიზაციის ნაწილად და იქითკენ მიილტვის. დიახ, სუვერენიტეტი არის ხალხის ნება, ხოლო რასაც ესენი აკეთებენ, ეს სახელმწიფოს გაყიდვაა. მათ თავზე გადაგვახიეს სუვერენიტეტი, ნალხის ნება, რაც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. ვგულისხმობ, კონსტიტუციის 78–ე მუხლს. ამით უკვე ლეგიტიმაცია დაკარგა ხელისუფლებამ და ახლა რაც არ უნდა იძახონ, არალეგიტიმურები არიან და ხალხს აქვს უფლება, თავიდან მოიშოროს ეს ხელისუფლება. ახლა რაც არ უნდა იძახონ, რომ დასავლეთში მათ მიმართ განხორციელებული კრიტიკა ნიშნავს ქვეყნის წინააღდეგ ქმედებას, ეს არის სრული აბსურდი. სააკაშვილის რეჟიმიც ამას ამბობდა. საქმე ისე გაიხადა ამ ხელისუფლებამ, რომ ირანის, რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და რამდენიმე შუააზიური ქვეყნის გარდა, წასასვლელი არსად დაიტოვეს. თავად ჩაიგდეს ამ დღეში თავი და სხვას ტყუილად ნურაფერს ემდურიან. საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდება ხელისუფლების ჩამოშლით. ივანიშვილს ვურჩევ, თავისი მონები გაათავისუფლოს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება. ეს უნდა იქნეს მიღწეული.ეს არის ქართველი ხალხის, ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ნება.
კომენტარები