„ალიას“ ესაუბრება, მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი.
-არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და „ალიასთანაც“ არაერთხელ გითქვამთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ის ხალხი, ვისთან ერთადაც იბრძოლა, გვერდზე გასწია. იყო განაწყენებაც, იყო საყვედურები და 2012-იანელების ნაწილი იმასაც კი ამბობდა, რომ ამ შემადგენლობით „ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებში მხარს არ დაუჭერდა. თუმცა, ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ამ არჩევნებზეც ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემთ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ისევ არ იხედება 2012-იანებისაკენ.
-მე „ქართული ოცნებისთვის“ ვიბრძოლე 2012 წელს, ვინ არის იქ ახლა, რას მოღვაწეობენ, როგორ და რა შედეგები მოაქვთ ქვეყნისთვის, ეს ჩემთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. იმ პრინციპს, რომ მე 2012 წელს „ქართული ოცნებისთვის“ ვიბრძოლე, ვერ ვუღალატებ, არც ვუღალატებ, აი, ამ ჩემი პრინციპის ერთგული დავრჩები და არა იმ წარმომავლობის, რომელიც ახლა “ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება. ეტყობა, იმ დროს ასე სჭიდებოდა „ოცნებას“, ჩემნაირები გვერდზე უნდა გაეწიათ, ეს საწყენი არ არის, არ იფიქროთ, რომ მეწყინა ან დავრჩი შურისძიების მდგომარეობაში. ისეთები დაიყენეს 2012 წლის შემდეგ გვერდით, დღეს ვინც უგანა და უღალატა. ახლა შეიძლება „ოცნების“ ე.წ. წარმატებული სახეები ვიხილოთ, ისევ „ოცნების“ წინააღმდეგ, ხომ წამოიწია უკვე ამ ფაქტებმა? როცა იმ ადამიანებს ჩამოიშორებ, რომლის დახმარებითაც მოხვედი ხელისუფლებაში, ეს ცუდი შედეგის მომტანია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება და „ქართულმა ოცნებამ“ ახლაც, 2020 წლის არჩევნებზეც გაიმარჯვოს, მაგრამ „ოცნება“ აპელირებს და მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ეს უკვე ხალხს ყელში ამოუვიდა. ეს არის უკიდურესი ზღვარი. თუკი 2020 წლის შემდეგაც „ოცნება“ კიდევ ეცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე დარჩეს ხელისუფლებაში, კრახით დასრულდება.
-რამე ნიშანს ხედავთ, რამე დაპირებას იძლევა? რა გაფიქრებინებთ, რომ 2020 წლის მერე შეიცვლება „ოცნება“?
-დაპირებების ზღვარია უკვე. ახლა, 2020 წელს, კიდევ ერთხელ მოვითმენთ ქართველი ხალხი, მაგრამ, თუ ამ პოლიტიკას გააგრძელებენ, გარწმუნებთ, კრახით დაასრულებენ, ეს უკვე გადადის მარაზმში.
-ბატონო მერაბ, ხელისუფლება მხოლოდ პარლამენტი ხომ არ არის – პროკურატურა, სასამართლო – ესეც ხომ ხელისუფლებაა? მოდი სიმართლე ვთქვათ, სააკაშვილი პარლამენტარების გამო ხომ არ გაუგდია ხალხს? მთავარი მოთხოვნა სამართალი და სამართლიანობა ხომ იყო? პროკურატურაში და სასამართლოში იგივე კადრები მუშაობს, იგივე კადრები დააწინაურეს, თქვენ ახლა ხმას ამ სასამართლოს და ამ პროკურატურას აძლევთ?
-პირდაპირ გეტყვით, 90-იანი წლებიდან, ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომ ხელისუფლება ცდილობს მისი გავლენები გაამყაროს სასამართლოზე და პროკურატურაზე. ჩვენ 10 წლის შემდეგაც ვერ მივალთ იმ ზღვრამდე, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს სასამართლო და პროკურატურა. ეს არის ტყუილი საუბარი. რომც არ დაავალოს ხელისუფლებამ, პროკურორები, მოსამართლეები მაინც ისე იმოქმედებენ, როგორც ხელისუფლებას სურს, პოლიტიკური მოცემულობაა ასეთი. ან ოპოზიციის ჭკუაზე უნდა გაიაროს სამართალდამცველმა ორგანოებმა, ან ხელისუფლების ჭკუაზე.
-რა გამოდის, ჩვენ ახლა უბრალოდ იმას ვირჩევთ, ვის მივცეთ პროკურატურა და სასამართლო? ოპოზიციის ჭკუაზე გავატაროთ, თუ ხელისუფლების? ამას ვირჩევთ?
-დღეს არსებობს მოცემულობა, როცა სასამართლოც და პროკურატურაც გაატარებს იმ პოლიტიკურ ნებას, რომელიც ხელისუფლებას სიამოვნებს, ოღონდ შეიძლება, ამას არ ავალებენ და ხდებოდეს ნება-უნებლიედ. პოლიტიკური ამინდი არ არის ისეთი, რომ სასამართლომ და პროკურატურამ არ გაუწიოს ანგარიში ხელისუფლების ნებას.
-ბატონო მერაბ, როგორ გგონიათ, 2012-იანები რომ მიეშვით ხელისუფლებაში, შეცვლიდით ამ ამინდს, თუ არა? ამ ამინდს ხომ ადამიანები ქმნიან, ეს ხომ არ არის ბუნებრივი მოვლენა, არც სამართლებრივია, ხო? ეს ხომ ადამიანების შექმნილი მახინჯი სისტემაა? 8 წელი გავიდა, ეს ამინდი ვის უნდა შეეცვალა, იმ ხალხს ხომ არა, ვინც ჩამოიშორა „ოცნებამ“?
-ცხადია, ეს ამინდი უნდა შეეცვალა იმ ხალხს, ვინც მოიშორა ოცნებამ და შეითვისა ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა მას დაუპირისპირდნენ და უგანეს, ერთგულ ადამიანებს კი მოექცნენ უმადურად. ბიძინა ივანიშვილის შეცდომა ისაა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანა და ეყრდნობა ადამიანებს, რომლებიც შექმნილ ვითარებაში წარუდგენენ წარმატების სქემას და ენამოსწრებულები არიან.
-დავიჯერო, თქვენზე ენამოსწრებული იყო, მაგალითად, თამარ ჩუგოშვილი?
-ჩემზე ენამოსწრებულობაზე საუბარი არ არის, ვერ გათვალა ჩემნაირებთან ურთიერთობა და ჩემნაირები ბლომად ვართ, ხალხი, რომლებმაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ და მერე ჩვენ მისთვის გავხდით არაკომფორტული მოცემულობის ადამიანები. ჩემი მეგობარი, სოსო ჯაჭვლიანი სრულიად დისკრედიტირებული გახადა „ქართულმა ოცნებამ“, პირში ეუბნებოდა ივანიშვილს, ამათი იმედი არ გქონდეს, ესენი დაგღუპავენო. წარმოიდგინეთ, სოსო ახლა ჩრდილში დგას, ცაიტნოტშია და დაიტოვა ისინი, ვინც პირფერობს.
-თუმცა, მას შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ შეუქმნა და ჩააბარა. მართალია, ახლა უკვე გაუქმებულია ეს პროექტი, მაგრამ მაინც. თუმცა, თქვენი ლოგიკით ის გამოდის, რომ მონები დაიტოვა და მონები არჩია თქვენნაირების თავს?
-არა, ეს მონობა არ არის, ისინი ბიძინა ივანიშვილით სარგებლობენ, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. ღმერთმა ქნას, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში „ოცნება“ დარჩეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს პარტია დაეშლება და კახა კალაძე უეჭველად შექმნის დამოუკიდებელ პარტიას არჩევნების შემდეგ. ივანიშვილს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ იგი პარტიაში ვერაფერს წყვეტს, ივანიშვილის არის მთავრობა, პარტიაში ყველაფერს წყვეტს კახა კალაძე, არ ვამბობ, რომ კალაძე ცუდი პიროვნებაა, მე ვამბობ, რომ ასეთია რეალობაა. ივანიშვილი ვერ არის ყველაფრის მფლობელი. დააკვირდით კანდიდატებს, თბილისში მეტწილად კალაძის კანდიდატია დაყენებული. მე რომ ახლა სიმართლე ვილაპარაკო, შეიძლება პანდორას ყუთი აიხადოს და ბევრი სიმყრალე ამოვიდეს. თქვენ გახსოვთ, ზვიად გამსახურდია დაღუპა გარემოცვამ, შევარდნაძე დაღუპა გარემოცვამ, სააკაშვილი დაღუპა გარემოცვამ, და ივანიშვილსაც, თუკი დაღუპვა ელის – დაღუპავს გარემოცვა.
-გახარიას რა როლი ექნება ამ არჩევნებზე?
-გახარიას დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით საარჩევნოდ და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის არის მეგრული წარმომავლობის და მეორე, ჩემი აზრით, უახლოეს პერიოდში, პრემიერმა თავი წარმოაჩინა ინდივიდუალურ პიროვნებად, არ გვიგრძვნია, რომ იგი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე.
-თუ ამხელა გავლენა აქვს სამეგრელოში, როგორ მოხდა, რომ სანდრამ კინაღამ მოუგო „ოცნებას“ ზუგდიდში არჩევნები?
ერთ რაღაცას გეტყვით, „ოცნება“ არის თვითდარწმუნების ილუზიაში. ყოველთვის მოვუწოდებ, იმუშავეთ არჩევნების მეორე ტურის ფორმატით. არ უნდათ ასეთი მუშაობა. არწმუნებენ ივანიშვილს, რომ არ სჭირდებათ ძალები დასახმარებლად, ისე გავალთ ფონსო. ეუბნებიან, რომ აი, ჩვენა ვართ და სხვა არ არის საჭირო, უგულვებელჰყოფენ იმ ხალხის მხარდაჭერას, რომლებმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ამოიყვანა ჭაობიდან „ოცნება“ და ყველამ ვნახეთ, ბიძინა ივანიშვილის სახე, გამომეტყველება და დაპირება. გამოდიოდა და ეხვეწებოდა 2012-იანელებს. გაგიმხელთ, ჩვენ უკვე ჩართული ვიყავით, 44 რაიონში ოფისი გვქონდა გახსნილი. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ დავეხმარებოდით, თორემ, ჰაერზე არ მოგვიწოდებდა, ხო? მერე ჩვენ ამ განცხადებას ვიყენებდით პოლიტიკურად და ყველას მოვუწოდებდით, ხომ ხედავთ, რა თქვა ივანიშვილმა და ოღონდ ახლა დაუდექით გვერდით და ყველას დაგიფასდებათ… ამან გაჭრა, ჩემო კარგო, და არ დავწვრილმანდები და არ გეტყვით, რომელ ქალაქებსა და რაიონებში გადავტეხეთ წაგებული სიტუაცია. მერე მე პირადად დავდექი დისკრედიტაციისა და პიროვნული განადგურების საფრთხის ქვეშ. ეს ყველა დაპირება იმ წუთში გაბათილდა და იმ წუთში უარჰყვეს და რუსულ სიტყვას ვიტყვი, „სტრახოვკა“ დამჭირდა მე, რომ ჩემზე არ გადაეტეხათ დაპირების არშესრულების ფაქტორი. აღმოვჩნდი ძალიან ცუდ დღეში, დღეს მე არ მეხმიანებიან, იციან, რომ რაღაც გარანტიები უნდა მისცენ მაშინ ამ ხალხს. ივანიშვილის გარემოცვა ცდილობს, დამსახურება, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ბრძოლა მიიწერენ თვითონ. ბიძინა ივანიშვილს რომ უთხრან, ეს შედეგი 2018 წლის არჩევნების მეორე ტურში მერაბ შათირიშვილის დამსახურებააო, ბიძინა ხომ იკითხავს, კი მაგრამ, თქვენი დამსახურება რა არის? რომელია? ამიტომ უმტკიცებენ, არადა თითო კაცები ჰყავთ, ავტორიტეტი არ გააჩნიათ – პირდაპირ დავასახელებ, თალაკვაძე მაგალითად, მდინარაძე, კობახიძე. ვოლსკის შეიძლება 5-10 კაცი გაჰყვეს, მარა მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე არაფრის მომტანები მისთვის არ არიან, ორი ადამიანი არ გაჰყვება, ძაღლი არ გაჰყვება ქუჩაში არც ერთს! სანამ ივანიშვილის ავტორიტეტი „ქაჩავს“ და ვიდრე არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელის სახით, მანამ ესენი გაძლებენ, მაგრამ 2020 წელი ზღვარია! ეს ამოიწურება. 2020 წლის არჩვენების შემდეგ, კალაძე შექმნის პოლიტიკურ ძალას, რადგან დღესაც, პოლიტიკურ საკითხებს წყვეტს კალაძე, „ქართული ოცნება“ არ არის უკვე ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნება“ არის კალაძის!
-ის იქნება „ოცნების“ ოპოზიცია?
-კი, ეს იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია და ასეთიც უნდა იყოს ოპოზიცია.
-არ ვიცი, რა გაძლევთ კონსტრუქციულობის იმედს, საკმაოდ უკმეხი გამოსვლები აქვს, გამოექანეთ მთაწმინდიდანო, აგერ ახლა თქვა, ჯერ ისე არ დახვეწილა, რომ ასეთი კონსტრუქციულობის იმედი გვქონდეს.
-ხო, აი, გეთანხმებით, წინაპირობა ამისი იკვეთება, მაგრამ ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იძულებულია „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწიოს მესამე ფლანგზე და სწორედ ამიტომაა საჭირო, კალაძის ახალი პარტია. კალაძეს ექნება მცდელობა, ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტია იყოს მეორე ადგილზე.
-ვინ გაყვება კალაძეს „ქართული ოცნებიდან“?
-ვინც ჰყავს. ვინც ახლა არის „ოცნების“ სათაო ოფისში ყველა კალაძისაა. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. ახლა განცალკევება და განხეთქილება კატასტროფაა ბიძინა ივანიშვილისთვის, „ოცნებისთვის“ და კალაძისთვისაც, ეს იციან და ამიტომ ითმენენ არჩევნებამდე.
-არჩევნებში დახმარება თუ გთხოვეს, ისევ დაეხმარებით?
-კი, კი, „ქართულ ოცნებას“, ცხადია დავეხმარები, ამას არ ვმალავ. „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი ძალაა. ეს ვაი ოპოზიციონორები მეცოდებიან, გაჭირვებული ერთობა შექმნეს. გაერთიანდნენ და ვაშაძე დაასახელეს პრემიერად – ეს არის სასაცილო…
-სასაცილოა დავუშვათ, ოპოზიცია და ვიცინეთ, კარგი, ბატონო, მაგრამ თქვენ რომ იგივე ხალხთან მიხვალთ, ვისაც 2 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის სახელით დაპირება მიეცით, იმათ არ გაეცინებათ? დიდი ეჭვი მაქვს, გაბრაზებულები დაგხვდებიან, გაბრაზებული გლეხი რომ ნაჯახით, ან ფიწლით გამოგეკიდოთ, ბატონო მერაბ, შენ რომ დამპირდი, ის არ აგისრულებია და რა ხმას მთხოვ კიდევო, მერე რას შვრებით? თორემ, კარგი, ოპოზიციაზე ვიცინეთ, აქეთ, მეორე მხარეს რა ხდება, სადაც სასაცილოდაც აღარ არის საქმე?
-იმიტომ ვარ ჩემ ნაჭუჭში შეყუჟული… მე პოლიტიკური ამბიცია არა მაქვს და მაქვს უფლება, ლავირება მოვახდინო ისე, რომ ხალხის თვალში დავრჩე მართალი. არ დავიჩემებ, არც ვიაქტიურებ და არც დავპირდები არავის არაფერს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ძალა უკან არ მიდგას და გამოვცადე, რომ „ოცნების“ დაპირება, არ არის ის დაპირება, რომელიც შესრულებადია… თუმცა, ღიად ვამბობ, რომ დღესაც დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ მხარს.
-მხარს დაუჭერთ მაგრამ, რომ გთხოვოთ პარტიამ, ისევ ჩამოიარე რეგიონებიო?
-რომ მთხოვოს, გავაკეთებ.
-საუბრის დასაწყისში თქვით ასეთი რამ, მე შეიძლება პარტიულ სახეებს და პარტიულ ლიდერებს არ ვუჭერ მხარს, მაგრამ მხარს ვუჭერ 2012 წლის ჩემ პრინციპებსო… ხალხმა რა ვქნათ, თქვენ პრინციპებს დავუჭიროთ მხარი?
-თავის პრინციპებს მისცეს ხალხმა ხმა. როცა მიდიხარ საარჩევნო ყუთთან და ხმას აძლევ, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იღებ და ამ პასუხისმგებლობის გამტარებელი უნდა იყო ბოლომდე. 2012 წელს რო ხმა მიეცი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მერე ერთი ადგილის თამაში დაიწყე, რადგან პირადი პრობლემები ვერ მოგიგვარა ხელისუფლებამ, ამიტომ უპირისპირდები „ოცნებას“ და მირბიხარ მიშასთან, ეგ არის მარაზმი. ვინც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წავიდა, უნდა წავიდეს ბოლომდე. თუ „ოცნების“ გეგმები არ მოგვწონს, ან უნდა ვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ახალი პარტია შევქმნათ, ან ისევ ამას უნდა მივყვეთ, სხვა გზა არ არის. მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ერთხელ უკვე უარვყავი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვერც 2020 წელს და ვერც მერე. „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების მერე გაიშლება და ეს გამშლელი იქნება კახი კალაძე.
-ამბობთ, რომ „ოცნება“ არის კალაძის ხელში, ვის მისცემთ ხმას, თქვენ მერაბ შათირიშვილი, კალაძეს თუ ივანიშვილს?
-ჩემო კარგო, კალაძე არავინ არ არის, ფეხბურთელია ერთი, შენ შემოგევლე და რამდენი ფეხბურთელი დააყენა ახლა დეპუტატობის კანდიდატად, ყველას ენაცვალოს ჩემი თავი, არც ერთთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური კლანი. ჭკვიანია, შექმნა და მიაღწია. ივანიშვილი პარტიაში ვეღარაფერს წყვეტს, თუმცა, ბიძინას ჰქონდა მცდელობა სიტუაციის გადარჩენის, მან შემოიყვანა ღარიბაშვილი, როგორც საპირწონე, მაგრამ, ირაკლის ფიგურა ვერ ჩანერგა ისე, როგორც საჭიროა. ვერც გახარია ქმნის პარტიაში ამინდს. ამაზე ვერავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე გეუბნებით პირდაპირ, რომ მხოლოდ კალაძე მართავს პარტიას. მე ხმას მივცემ „ქართულ ოცნებას“, რომლის სათავეშიც დგას ივანიშვილი.
-ხომ მეუბნებით, რომ პარტია კალაძისაა და არა ივანიშვილის?
-გასაგებია, მაგრამ მე მივეცი ხმა ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მისგან არაფერი მიგვიღია არც სოციალურად, არც პოლიტიკურად, მაინც ჩვენ პრინციპს და იდეას ვუჭერთ მხარს. 2012 წელს ეს კაცი ჩვენ მივიღეთ, როგორც იდეის განსახიერება და სიმბოლო. სხვა მის პარტიაში არ მაინტერესებს, არც კალაძე მაინტერესებს.
-ეს კაცი, ივანიშვილი, დარჩა იდეის გარეშე და ყველა ამ იდეის მატარებელი მოიშორა. ანუ, ივანიშვილს აძლევთ ხმას იდეის გარეშე?
-არა, ჩვენ ამ კაცს (გულისხმობს ივანიშვილს-თ.კ.) არ ვაძლევთ ხმას, ჩვენ ვაძლევთ ხმას იმას, ვისთან ერთადაც ვიბრძოლეთ 2012 წელს. საქართველოში 90 წლებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო აპელირება პიროვნებებზე, იყო ზვიად გამსახურდია, მერე შევარდნაძე, მერე სააკაშვილი….
-ახლაც მასეა, თორემ, გადააგდო ხუთჯერ ხალხი და მაინც ხმას მივცემთო და გამოდის, ახლაც პიროვნებას აძლევენ ხმას.
-კი, ახლაც ესეა, მე არც უარვყოფ მაგას. არა ჰყავს ამ კაცს ალტერნატივა, ივანიშვილის ალტერნატივა სააკაშვილი არ არის.
-ამდენი „ნაციონალი“ „ოცნებაში“ რომ არის, „ნაციონალებს“ აღარ ჰყავთ. „ნაციონალებს“ მეტი ახალი სახე ჰყავს, ვიდრე „ოცნებას“, „ოცნებას“, იმდენი „ნაციონალი“ ჰყავს წაყვანილი ყველა სფეროში, რომ ჩნდება კითხვა, სად არის „ქართული ოცნება“? რა დარჩა „ქართული ოცნებიდან“?
-გასაგებია. მე ახლა „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რომ მივიდე, დარწმუნებული ვარ, გაოცებული გამოვალ იქედან. შარშანწინ ვიყავი მისული, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა 44 ოფისი გავხსენით რეგიონებში და 2012-იანელები ჩავრიე, ხოდა, რომ მივედი ოფისში, მარტო დაცვის ბიჭებმა მიცნეს. ივანიშვილს, 2012 წელს ვინც მოიპოვა გამარჯვება, ვისაც „ქართული ოცნება“ ერქვა, ის ხალხი აღარ ჰყავს და „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აღარ არის.
-ანუ, ორი არჩევანია – აქეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს პორტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“ – არჩევანს ვაკეთებ პორტირებულ და არაპორტირებულ „ნაციონალს“ შორის? რა გააკეთოს ამომრჩეველმა?
-მე თუ მკითხავთ, რა გააკეთოთ, მე გირჩევთ „ქართულ ოცნებას“ მისცეთ ხმა. შესაძლოა, არც ერთი მოგწონდეს და არც მეორე, მაინც უნდა მიხვიდე და დააფიქსირო შენი ასარჩევი ობიექტი.
-სააკაშვილის ჩამოსვლა რამდენად რეალურად გეჩვენებათ?
-ეგ არის ბაქიბუქა. როგორც პოლიტიკოსი არის ქარიზმატული, მაგრამ ბაქიბუქაა. მე მაგის ადგილას დავჯდებოდი ციხეში და ამის შემდეგ მოვიპოვებდი ხელისუფლებას. აქ შექმნიდა ციხიდან ამაფეთქებელ ბირთვს. მისი ჩამოსვლა და ციხეში ჩაჯდომა იქნებოდა გადატრიალების სასწაული წინაპირობა. მის ადგილას ჩამოვიდოდი, ჩავჯდებოდი, გავივლიდი ტანჯვას, წამებას და ისე გავიმარჯვებდი.
-თეორიულად, დავუშვათ, რომ გაიმარჯვა ოდესმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თქვა, რომ ივანიშვილი არის დამნაშავე, ჩაჯდება ივანიშვილი ციხეში?
-არა, ჩემო კარგო, ივანიშვილი არის ევროპის ქვეყნის მოქალაქე…
-ისე, სააკაშვილიც აღარაა საქართველოს მოქალაქე. ჰოდა, ივანიშვილიც მშიშარაა და გაიქცევა, თუ ჩაჯდება ციხეში?
-რატომ უნდა ჩაჯდეს?
-სააკაშვილს ვერც ერთი სისხლიანი საქმე ვერ დაუმტკიცა „ოცნებამ“ და კოსტუმის ქურდობას ედავება, ასეთ მიზეზს მაინც უპოვნიან…
-დენდროლოგიური პარკი რომ გახსნა და დაახლოებით 10-15 ქალაქში მილიონების ხარჯვით რესტავრირებული თეატრები რომ გახსნა, იმიტომ ჩაჯდეს ციხეში?
-ჩვენ უბრალო ხალხს ახლა თეატრში წასვლის ფული და ნერვი არა გვაქვს, არც დრო, იმდენს ვშრომობთ, მაგრამ, კარგი, ასე ვიკითხავ მაშინ, სააკაშვილის ადგილზე, ჩაჯდებოდა ივანიშვილი ციხეში, თუ ისიც მშიშარაა?
-კაი, რეალურად გაგიხსნი კიდევ ერთხელ კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე მაშინ…
-აბა, რას ვიზამ?.. „ალიას“ როდის იყო რამის დაბეჭდვის ეშინოდა? სიტყვა-სიტყვით დავბეჭდავთ…
-მაშინ გეტყვი პირდაპირ, არ ჩაჯდება და აი, რატომ – შევარდნაძე ჩაჯდა ციხეში?
-არა.
-სააკაშვილი?
-არა.
-აბა, ბიძინა რატომ უნდა ჩაჯდეს? გადი, გენაცვალე, ქალაქგარეთ აგარაკები ნახე, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, “ ქართული ოცნების“… ჩემო კარგო, ეს საქართველოა, აქ არის ჭამის პოლიტიკა, ჭამის ტენდენციაა, ვინც ხელისუფლებაშია – ის ჭამს, მოვა მეორე ხელისუფლება ის გაურიგდება ძალიან კარგად და სამაგალითოდ 2-3 კაცს, მერაბიშვილივით დასჯიან და დანარჩენები აყვავდებიან… ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს ფული, სააკაშვილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ციხეში ჩაჯდება კი არა, პირიქით, პირიქით… შეიძლება ამაზე უკეთესად იყოს!
თამო კეშელავა, ალია №31
კომენტარები