საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი „ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვებას ძალიან მალე იზეიმებენ“.
„ქართველი ხალხი საქართველოს დაიბრუნებს, მაგრამ უკვე წინასწარ მინდა დავიჭირო თადარიგი და მივმართო მთელ მსოფლიოში გაბნეულ წარმატებულ ქართველებს. თავის დროზე, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მე დაუყოვნებლივ დავიწყე შეგროვება უცხოეთში, აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, საფრანგეთში მყოფი წარმატებული ქართველების, ბევრი მათგანი ჩამოვიყვანეთ, პარლამენტში მოხვდა და რაც მთავარია, მათი დიდი ნაწილი მოხვდა საქართველოს მთავრობაში.
დაწყებული კახა ბენდუქიძიდან, დამთავრებული ვერა ქობალიათი, რამდენიმე სხვა წარმატებული ქართველით, ლადო გურგენიძით და ა.შ. ისინი გახდნენ საქართველოს წარმატებული მინისტრები და წარმატებული მოხელეები. ახლა საქართველო არანაკლებ მძიმე კრიზისშია, ვიდრე 2003 წელს. საქართველოში ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის წილი უკვე 60%-ს აღემატება, რაც ძალიან მძიმე ციფრია. საქართველოში ბოლო 8 წელი პრაქტიკულად შეჩერებულია ზრდა, უამრავი დრო დაკარგა ქვეყანამ. საქართველო სიღარიბის და შიმშილის თვალსაზრისით აფრიკის ქვეყნების დონეზეა. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენ უნდა გააძლიეროთ და გადაარჩინოთ საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მინდა მოგიწოდოთ, ახლავე გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფიები, ბევრს ვიცნობ, მაგრამ ბევრად უფრო მეტს არა. ჩვენ გახსნილი ვიქნებით ყველასთვის ახალი იდეებისთვის, ახალი ენერგიისთვის, ახალი ძალისთვის. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამოვათრიოთ ჭაობიდან ჩვენი ქვეყანა და ძალიან სწრაფად წავიყვანოთ წინ, გელოდებით, ყველაფერი გამოგვივა“
კომენტარები