ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მცხოვრებმა საკუთარი შინაური ცხოველი მოკლული იპოვა. ძაღლის მეპატრონემ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით, დამიზნებით არის მოკლული.
„ორი თვის ლეკვი მოვიყვანეთ და შვიდი წელი ვზრდიდი. ოჯახის წევრივით გვყავდა სახლში. მეუღლე წკნელების მოსაჭრელად გავიდა და ძაღლიც გაჰყვა. უკან რომ აღარ დაბრუნდა, ძებნა დავიწყეთ და სახლიდან 300-400 მეტრში მკვდარი ვნახეთ. თოვლი ჰქონდა მიყრილი, რომ დაემალათ. პირდაპირ თავში, ახლოდან და დამიზნებით აქვს ნასროლი“, – აცხადებს მარინა გაჩეჩილაძე.
მეპატრონის თქმით, ძაღლი ადამიანების მიმართ აგრესიული არ იყო. მარინა გაჩეჩილაძე ეჭვობს, რომ ძაღლი ადგილობრივმა რეინჯერებმა მოუკლეს. თუმცა სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ.
„მანამდე დავინახეთ, რომ რეინჯერებმა თოფებით ჩამოიარეს. ძაღლიც მაგ დროს ვიპოვეთ, ჯერ კიდევ თბილი იყო. სხვა რა უნდა ვიფიქო? სოფლის განაპირა ადგილია, ეროვნული პარკის ტერიტორია, აქ ხალხი არ დადის, მხოლოდ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დადიან“, – აცხადებს ძაღლის პატრონი.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კომენტარები