ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, 200 მეტრში სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს.
მშენებლობას კომპანია „ბადაგონი” აწარმოებს. სასტუმროს Alaverdi Resort ერქმევა. ინფორმაციას და ვიდეოს “ბადაგონი” თავად ავრცელებს.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.
სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს.
სასტუმროს ნომრებთან ერთად იქნება კვების ობიექტიც, აუზიც.
სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ გუშინ ჩაუშვეს.
„პროექტი შინაარსობრივად გამორჩეულია – ეს არის ძალიან ესთეტიკური, მაღალი მხატვრული ღირებულების, ძალიან მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი. ეს იქნება ალავერდის კომპლექსთან ახლოს და აქ სწორად იქნება ბალანსი დაჭერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება-პატივისცემასა და ბიზნესის განვითარებას შორის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ალავერდის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით.
კომენტარები